როგორ რეაგირებენ გლობალური ფირმები ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტზე?

როგორ რეაგირებენ გლობალური ფირმები ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტზე?

ისრაელში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების ნაწილმა ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ მიერ ქვეყანაზე თავდასხმის გამო ოპერაციები შეაჩერა ან საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა მისცა. სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ რეაგირებენ გლობალური ფირმები აღნიშნულ კონფლიქტზე.­

მოგზაურობა

თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები მრავალმა აზიურმა, ევროპულმა და ამერიკულმა ავიაკომპანიამ გააუქმა.

ამერიკულმა ავიაკომპანია Delta Air-მა ფრენები 31 ოქტომბრამდე გააუქმა. ისრაელური ავიაკომპანია El Al-ი კი ისრაელელი რეზერვისტების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებით ფრენებს ასრულებს.

საკრუიზო ოპერატორებმა, Royal Caribbean-მა, Carnival-მა და Norwegian Cruise-მა საკუთარი მარშრუტები შეცვალეს.

ენერგოსექტორი

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, აშშ-ის მეორე ყველაზე მსხვილ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელ Chevron-ს, ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე არსებული ბუნებრივი აირის საბადოს, Tamar-ს დროებით დახურვა უბრძანა.

საბანკო სექტორი

Goldman Sachs-მა, Morgan Stanley-მ და JPMorgan Chase-მა თელ-ავივში მომუშავე თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა. Bank of America-მ კი თელ-ავივის ოფისი დროებით დახურა.

CitiGroup-მა, რომელიც ისრაელში უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მსხვილია, თანამშრომლებს დისტანციურ და არადისტანციურ რეჟიმებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

ლოგისტიკა

ისრაელის ჩრდილოეთით არსებული პორტი, Adani Ports-ი, რომელიც ინდოელ მილიარდერ გაუტამ ადანის ეკუთვნის, კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას.

FedEx-მა ქვეყანაში საკუთარი სერვისები დროებით შეაჩერა. UPS-მა ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით ფრენები აკრძალა.

ტექნოლოგიური სექტორი

Nvidia-მ თელ-ავივში დაგეგმილი AI-ის სამიტი, რომელზეც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც უნდა ჩასულიყო, გააუქმა.

საცალო ვაჭრობა

H&M-მა და Zara-მ ისრაელში მაღაზიები დროებით დახურეს.

ფარმაცევტული სექტორი

ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly and Co კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას და აკვირდება მოვლენათა განვითარებას თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კომპანია რეგიონისთვის მედიკამენტების შეუფერხებლად მიწოდებას აგრძელებს.