საკუთარი ბიზნესის ფლობა ბევრი ანტრეპრენიორისთვის საოცნებოა, თუმცა პოტენციურ დიდებას თან ახლავს თანაბრად მოსალოდნელი კრახი. მეტიც, აშშ-ის შრომის სტატისტიკის ფედერალური ბიურო გვამცნობს, რომ მცირე ბიზნესების დაახლოებით 20% დაფუძნებიდან ერთ წელიწადში კრახით ასრულებს არსებობას, ხოლო დაფუძნებიდან ხუთ წელიწადში ყოველი მეორე იხურება.
პანდემიამ არსებული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, უამრავი ბიზნესი დაიხურა ან მოლოდინშია, ბიზნესსაქმიანობის მასშტაბების შემცირების გამო. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით იმ ბიზნესებზე, რომლებიც დიდი ფრანშიზის ბრენდის ნაწილია. თუკი ოდესმე გიფიქრიათ საკუთარი ბიზნესი ფრანშიზის ნაწილად გექციათ, ალბათ ახლა ამაზე დაფიქრებისთვის საუკეთესო დროა.
წარმოგიდგენთ სამ ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ფრანშიზინგი თქვენი ბიზნესის დასაცავად.
- თუკი ბიზნესის ერთპიროვნული მფლობელი ხართ, თქვენ მისი საქმიანობის აბსოლუტურად ყველა ასპექტში აქტიურად ჩართვა გიწევთ – ხანდახან კი სხვა არაფრისთვის დრო აღარ გრჩებათ. ფრანშიზის შემთხვევაში, ბიზნესპროცესები წინასწარ არის განსაზღვრული, ყველა კომპონენტი შემოწმებულია ეფექტიანობაზე და ამასთან, ქრება საჭიროება, მთელი დღე ობიექტზე იყოთ. ფრანშიზი მის მფლობელებს სთავაზობს დახმარებას ტექნოლოგიების, მარკეტინგის, რეკლამირების, ოპერაციული პროტოკოლისა და კრიზისის მართვის გეგმებით, მათ შორის იმ მასშტაბის კრიზისის, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა. გარდა ამისა, ფრანშიზი გვთავაზობს ექსპერტების დახმარებას სამთავრობო ინსპექციებთან ურთიერთობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით.
- თქვენ ისარგებლებთ მასშტაბური ბრენდის ცნობადობით და ბრენდის ყველა ახალი სარეკლამო კამპანია სარგებელს მოგიტანთ. გარდა ამისა, თქვენ ისარგებლებთ კომპანიის ალიანსებითა და ბიზნესპარტნიორებით, ხშირად კი მიიღებთ ექსკლუზიურ პროდუქტებსა და სერვისებს, მასშტაბური ფრანშიზ-ქსელის გავლით.
- თქვენი ბიზნესის ფრანშიზად გარდაქმნა ასევე დაგეხმარებათ, დაზოგოთ ხარჯები და ისარგებლოთ მასშტაბის ეკონომიით, რის საშუალებასაც ფრანშიზი საერთო შესყიდვების საშუალებით იძლევა.
აღწერილი სარგებლის მიუხედავად, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებლად უნდა დაუსვათ რამდენიმე კითხვა საკუთარ თავს: შემცირდება თქვენი დანახარჯები? გაიზრდება შემოსავლები? ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფრანშიზად გადაკეთება შრომატევადია – უნდა შეცვალოთ ლოგო, ბრენდინგის სხვა დეტალები, განაახლოთ ვებგვერდი, დაეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს და ხანდახან შეცვალოთ ძირითადი ბიზნესპროცესებიც. თუმცა ეს პროცესი რომ სიღრმისეულად გაიგოთ, გირჩევთ, მსგავსი გამოცდილების მქონე ბიზნესები მოიძიოთ და მოისმინოთ მათი შეფასებები, რჩევები.
თუკი გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება და თქვენს ბიზნესს ფრანშიზის ნაწილად აქცევთ, საჭირო იქნება ეს ცვლილება შეატყობინოთ ყველა ძველ მომხმარებელს, აუხსნათ, როგორი იქნება თქვენი ახალი ბრენდი.
დატოვე კომენტარი