მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე $1.15-ია, თუმცა ქვეყნების მიხედვით ფასი მკვეთრად განსხვავებულია.
საშუალოდ მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებში ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე შედარებით ღარიბ ქვეყნებში, ასევე ფასი დაბალია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში. ერთ-ერთ გამონაკლისად მიიჩნევა აშშ, სადაც ძლიერი ეკონომიკის მიუხედავად, ფასი დღეს საშუალოზე დაბალია.
მსოფლიოს ქვეყნებში საწვავის ფასზე გავლენას ახდენს როგორც ნავთობის ფასი, ასევე კონკრეტულ ქვეყანაში არსებული საგადასახადო რეჟიმი. სხვადასხვა ქვეყნებში ბენზინის ფასს პორტალი globalpetrolprices ითვლის.
პორტალის მონაცემებით, ყველაზე იაფი ბენზინი ვენესუელაშია და ის მხოლოდ 0.01 დოლარს შეადგენს. ამავე პორტალის მონაცემებით, საქართველოში ფასი საშუალოზე დაბალია და ქვეყანა 52-ე ადგილს იკავებს ბენზინის საშუალო ფასით – 0.97 დოლარი (2.57 ლარი) ლიტრზე. 13 აგვისტოდან 19 ნოემბრის პერიოდში, საქართველოში ბენზინის ყველაზე მაღალი ფასი ამჟამად ფიქსირდება. აგვისტოს დასაწყისში, საქართველოში ბენზინის საშუალო ფასი 2.41 ლარი იყო, ფასი ყველაზე მეტად ოქტომბერში შემცირდა და 2.36 ლარამდე ჩამოვიდა, თუმცა ნოემბრიდან ბენზინმა კვლავ გაძვირება დაიწყო და 2 ლარსა და 57 თეთრზე ავიდა. ამავე პერიოდში, მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი 4.2 ლარს შეადგენდა ლიტრზე. საქართველოს მონაცემები აღებულია როგორც ოფიციალური სახლმწიფო უწყებებიდან, ასევე კერძო კომპანიებისგან.
რაც შეეხება ლარის კურსს, აგვისტოს შუა რიცვებში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ, 2.56 ლარი იყო, დღეს კი ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.65 ლარია. შესაბამისად, ბოლო სამ თვეში, ლარი დოლარის მიმართ 3%-ზე მეტად, საშუალოდ 9 თეთრით გაუფასურდა. ლარი დოლარის მიმართ ყველაზე გაუფასურებული 8 ნოემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარის ფასი 2.76 ლარი გახდა.
ამასთან, როგორც ცნობილია, მსოფლიოში ბენზინის ფასი მეტია, ვიდრე დიზელის, საშუალოდ მათ შორის სხვაობა 10%-ს აღწევს. დღეს მსოფლიოში დიზელის საშუალო ფასი 1.08 დოლარია ლიტრზე. 13 აგვისტოდან მოყოლებული დიზელის ყველაზე დაბალი ფასი საქართველოში 0.90 დოლარი ლიტრზე აგვისტოს შუა რიცვებში დაფიქსირდა. მას შემდეგ კი ფასი 0.97 დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება თხევადი გაზის ფასს, მისი საშუალო ფასი მსოფლიოში 0.65 დოლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი ფასი კი მსოფლიოში ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში ფიქსირდება. საქართველოში თხევადი გაზის, ე.წ. LPG-ის ფასი საშუალოდ 0.56 დოლარია და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზეა. ფასი ამ შემთხვევაშიც გაზრდილია და თუკი ის აგვისტოს დასაწყისში საშუალოდ 1.46 ლარს შეადგენდა, ნოემბრის შუა რიცვებში 1.49 ლარამდე გაიზარდა.
საქართველოში საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე (წლის 10 თვის მონაცემებით მთლიანი მოცულობის 26.5%), რუმინეთზე (მთლიანი მოცულობის 25%), ბულგარეთზე (მთლიანი მოცულობის 14%), და აზერბაიჯანზე (მთლიანი მოცულობის 10%) მოდის.
როგორ შეიცვალა საქართველოში ბენზინის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებში ფასი ბოლო სამ თვეში?
რუსეთში აგვისტოს შუა რიცვებში საწვავის საშუალო ფასი 0.68 დოლარი იყო (45.1 რუბლი), ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი ფასმა მოიმატა და ლიტრზე 0.69 დოლარი (45.5 რუბლი) გახდა.
რუმინეთში ერთი ლიტრი საწვავის ფასი ბოლო სამ თვეში საშუალოდ 1.38 დოლარს (5.58 რუმინული ლეი) შეადგენს. აგვისტოს შუა რიცხვებში რუმინეთში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 1.36 დოლარი (5.58 რუმინული ლეი) იყო, თუმცა 19 ნოემბრის მონაცემებით, ის 1.32 დოლარამდე (5.42 რუმინული ლეი) შემცირდა.
ბულგარეთში ბოლო სამი თვეა ბენზინის ფასი იზრდება და თუკი აგვისტოს დასაწყისში ის 1.29 (2.22 ბულგარული ლევი) დოლარს შეადგენდა, ნოემბრის დასაწყისში ის 1.36 (2.34 ბულგარული ლევი) დოლარამდე გაიზარდა.
აზერბაიჯანში ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.47 დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში შედის, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია.
მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგშია – 2.17 დოლარი საშუალოდ. ბოლო სამ თვეში ქვეყანაში საწვავის ფასი შემცირებულია და თუკი აგვისტოს შუა რიცხვებში ის 2.13 დოლარს შეადგენდა, დღეს ფასი 2.09 დოლარია. ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძირი საწვავი ნორვეგიაშია, სადაც საწვავის ფასი ბოლო 3 თვეში, 1.95 დოლარიდან, 1.91 დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ნავთობის ფასს, Brent ტიპის ნავთობის ფასი დღეს 58,80 დოლარია, Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი კი 50,42 დოლარი ბარელზე. წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა და 2017 წლის ოქტომბრის მინიმუმზე დაფიქსირდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 80 დოლარს აღემატებოდა.
დატოვე კომენტარი