როგორ შეცვალა ბაიდენის კლიმატთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა აშშ-ის ეკონომიკა?

როგორ შეცვალა ბაიდენის კლიმატთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა აშშ-ის ეკონომიკა?

2022 წლის 16 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტი” დაამტკიცა. ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კლიმატთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღებიდან, რომელიც მასშტაბურ ინვესტიციებსა და შეღავათებს აერთიანებს, ერთი წელი გავიდა, რაც გარკვეულწილად, ამ ეტაპისთვის, მისი ეკონომიკაზე გავლენის შეფასების საშუალებასაც იძლევა.

ბაიდენის “ინფლაციის შემცირების აქტი” კლიმატური და ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის მთლიანობაში $369 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს, მოსახლეობისთვის, ახალი ელექტრომობილების შესაძენად, $7,500-ის საგადასახადო შეღავათებს უზრუნველყოფს და სუფთა ენერგიის მიმართულებით, მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნასაც ითვალისწინებს. თუმცა, კანონპროექტს დაუყოვნებლივი ეფექტი ნაკლებად აქვს, უფრო მეტად გრძელვადიანი მიზნებზეა გათვლილი და 2030 წლისთვის, ემისიების დაახლოებით 40%-ით შემცირებას ისახავს მიზნად.

მიუხედავად ამისა, ერთი წლის შემდეგაც სახეზეა შედეგები, რომელიც სწორედ ბაიდენის კანონპროექტს უკავშირდება:

ბიზნესლიდერების ჯგუფის, E2-ის ინფორმაციით, რომელიც კანონპროექტის შემდეგ გამოცხადებულ სუფთა ენერგიის პროექტებს აღრიცხავს, ერთი წლის განმავლობაში, კერძო ინდუსტრიის მიერ სულ მცირე 210 ახალი, სუფთა ენერგიისა და ავტომობილების პროექტი დაანონსდა. მონაცემები მოიცავს ელექტრომობილებთან დაკავშირებულ 97 ახალ, ან გაფართოებულ პროექტს, მზის პანელების 44 და ქარის ტურბინების 18 ქარხანასა და პროექტს, ასევე ბატარეებისა და ენერგიის შემნახველი ობიექტების 35 პროექტს.

თუმცა, E2  მხოლოდ იმ პროექტებს აკვირდება, რომლებიც “ინფლაციის შემცირების აქტის” დამტკიცების შემდეგ, საჯაროდ გამოცხადდა, რის გამოც, აღნიშნული რაოდენობები შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყო. ამის მიუხედავადაც, 39 შტატში საჯაროდ დაანონსებული 210 პროექტი, უკვე $86 მილიარდზე მეტის ინვესტიციასა და მინიმუმ 74,181 ახალ სამუშაო ადგილს გულისხმობს.

კლიმატის ადვოკატირების არაკომერციული ჯგუფის, Climate Power-ის შეფასებით, “ინფლაციის შემცირების აქტის” გავლენით, სუფთა ენერგიის მიმართულებით ბევრად მეტი, 170,600 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მათ შორის არიან როგორც განახლებადი ენერგიის ახალ ქარხნებში დასაქმებული პირები, ასევე სამშენებლო სფეროს მუშაკები, ელექტრიკოსები, მექანიკოსები, დამხმარე პერსონალი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სუფთა ენერგიის სამუშაოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და არა ისეთი, როგორადაც წლების წინ იყო მიჩნეული.

Climate Power-ის მონაცემებით, მათ მიერ აღრიცხული ახალი სამუშაო ადგილები, აშშ-ის 44 შტატში, კანონპროექტის მიღების შემდგომ განვითარებული 272 პროექტის წყალობით შეიქმნა. ცნობისთვის, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც Climate Power-ის ანგარიშში მოხვდა, თუმცა E2-ის მიერ აღრიცხული არაა, მინესოტის Xcel-ის მზის ენერგიის ქარხანაა. პროექტი 2021 წელს დაანონსდა, თუმცა აქტის მიღების შემდეგ დამტკიცდა, რის გამოც შეღავათებითაც სარგებლობს.

Climate Power-ი პროექტებისთვის ახალი ინვესტიციების ჯამურ მოცულობას $278 მილიარდად აფასებს. შტატებს შორის, 24 ახალი პროექტით, პირველ ადგილს მიჩიგანი იკავებს, მას მოსდებს ჯორჯია, 22 ახალი პროექტით, ხუთეულს კი სამხრეთ კაროლინა (20), კალიფორნია (16) და ტეხასი (14) ასრულებს. Climate Power-ისა და E2-ის მონაცემებით, ყველაზე მეტად კანონპროექტით რესპუბლიკელების ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულმა ოლქებმა ისარგებლეს. ჯამში 92 რესპუბლიკურ ოლქში სუფთა ენერგიის 152 პროექტი დააანონსა და 96,216 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ინფლაციის შემცირების აქტი” მხოლოდ კლიმატის მიმართულების კანონპროექტი არ ყოფილა. კანონპროექტი მოიცავს საკითხებსაც, რომელიც ჯანდაცვის ხარჯებსა და გადასახადებს მიემართება. მათ შორისაა $8.8 მილიარდის შეღავათები და ფასდაკლებები ელექტრომოწყობილობებისა და სახლების ენერგოეფექტიანობის განახლებისთვის, რომელთა ნაწილიც, დიდი ალბათობით, 2023 წლის ბოლოდან ამოქმედდება. გარდა ამისა, ნავარაუდებია, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კანონპროექტი 9 მილიონზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამის ნიშნები უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო შედეგების მიღებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი.