გასულ კვირას მთელი ინტერნეტსივრცე, საფინანსო გარემო თუ სოცმედია მოიცვა საუბრებმა ილონ მასკის გადაწყვეტილების შესახებ. ამერიკელმა მილიარდერმა და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ტვიტერის საკუთარ პროფილზე გამომწერებს ჰკითხა, გაეყიდა თუ არა საკუთარი აქციების 10%. მასკის გამომწერთა 58%-მა აღნიშნულს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, შეიქმნა ხელოვნური ილუზია, რომ რეალურად გადაწყვეტილება ხალხმა მიიღო და არა ილონ მასკმა ერთპიროვნულად. ზოგადად, ილონ მასკი გამოირჩევა არაორდინარული ქცევითა და გადაწყვეტილებებით, რასაც ძალიან ბუნებრივად ათავსებს ხოლმე შოუს ელემენტებთან.
სინამდვილეში კი საქმე ის ყოფილა, რომ ილონ მასკის გადასახადების გადახდის დრო მოვიდა და ამისათვის გარკვეული რაოდენობის თანხა უნდა გამოეთავისუფლებინა. შედეგად, მასკმა საკუთარი კომპანიის, Tesla-ს 2.15 მილიონი აქცია გაყიდა და ამით გადასახადები დაფარა. მანამდე ილონ მასკმა მსგავსი ქმედება სულ ორჯერ, 2010 და 2016 წლებში განახორციელა. ამ თანხებით კი მან 617 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გადასახადები დაფარა.
მასკის მიერ აქციების ბოლო გაყიდვის შემდეგ Tesla-ს აქციათა ფასები 13 000%-ით გაიზარდა. ილონ მასკის ქონება კი გასული კვირის მონაცემებით დაახლოებით 281 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საბოლოოდ, განვითარებულმა მოვლენებმა მრავალი ადამიანი დააფიქრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდებიან ყველაზე მდიდარი ადამიანები მდიდრები, თუკი მათ საკუთარი ფულის გამოყენება ისე მარტივად არ შეუძლიათ, როგორც ეს თავად სურთ. აღნიშნულმა საკითხმა ინტერნეტსივრცეში დიდი დისკუსია გამოიწვია, გაჟღერდა სხვადასხვა მოსაზრებაც. ბუნებრივია, რომ საკუთარი პოზიცია სტატიის სახით ცნობილმა და პრესტიჟულმა ამერიკულმა ბიზნესგამოცემა Forbes-მაც დააფიქსირა.
გამოსავალი კი მარტივია. როდესაც მდიდარ ადამიანებს საკუთარი წილებისათვის ნაღდი ფული მიღება სურთ, ნაცვლად აქციების გაყიდვისა და ამის გამო კიდევ დამატებითი მოგების გადასახადის გადახდისა, მათ შეუძლიათ, ისესხონ ფული აქციების საბანკო ოპერაციების გზით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ დააგირაონ საკუთარი აქციები. აღნიშნული ქმედებით კი ილონ მასკს აქვს წვდომა საკუთარ ნაღდ ფულზე, როცა ეს თავად მოესურვება. მთელი ის აჟიოტაჟი კი, რაც მასკის მიერ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით წარმოიშვა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაგვეგო.
თუმცა საინტერესოა, თუ რატომ შეიყვანა ილონ მასკმა საკუთარი კომპანიის ინდივიდუალური აქციონერები შეცდომაში. აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციათა ფასები 5%-ით დაეცა, შესაბამისად, ერთი შეხედვით, ეს მის ინტერესებში არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკელი მილიარდერი ხშირად გამოირჩევა იდუმალი გადაწყვეტილებებით, შესაძლოა ამ უკანასკნელსაც რაიმე კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ზემოთ განმარტებული გზით, ილონ მასკს საერთო ჯამში საკუთარი აქციების 36.2%, ანუ დაახლოებით 94 მილიარდი აშშ დოლარი აქვს დაგირავებული.
ბუნებრივია, რომ ილონ მასკი არ გახლავთ ერთადერთი, ვინც აღნიშნულ გზას მიმართავს ხოლმე. Forbes 400 რეიტინგში შემავალი მილიარდერებიდან ღიად აღნიშნულ საშუალებას 32 სხვა მილიარდერიც მიმართავს. მათ შორის კი Oracle-ის ხელმძღვანელი ლარი ელისონი, Walmart-ის მემკვიდრე, ჯიმ უოლტონი და სტივენ შვარცმენი არიან.
შეერთებული შტატების ორ უმთავრეს ბირჟაზე, ნიუ-იორკისა და Nasdac-ის ბირჟებზე რეგისტრირებული კომპანიებიდან მსგავსი სერვისით ამჟამად 560 აღმასრულებელი დირექტორი და 5%-ზე დიდი წილის მფლობელი პიროვნება სარგებლობს. . მათ ყველაზე დიდ ნაწილს კი, ბუნებრივია, Forbes 400 სიაში შემავალი პიროვნებები წარმოადგენენ. მხოლოდ ილონ მასკს აღნიშნული მომსახურების 47% უკავია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.
აქციების „დაგირავებისა“ და ამ გზით ფულის სესხების არჩევანი კიდევ ერთი საინტერესო დეტალით აიხსნება. მილიარდერებს საკუთარი აქციების გაყიდვის შემთხვევაში მოგების გადასახადის გადახდაც მოუწევთ, რაც მათ საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხას აკარგვინებს. ჯო ბაიდენის გეგმის მიხედვით კი ეს თანხა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მილიარდერები საკუთარსავე კომპანიაში შეიმცირებენ აქციებს, ისინი დაკარგავენ გარკვეულ რაოდენობას დამატებით გადასახადებშიც, რაც არავის აწყობს.
დატოვე კომენტარი