უმეტესობა ჩვენგანს ერთხელ მაინც განუცდია ის ამაზრზენი წუთები, როდესაც ხვდები, რომ საშინელი შეცდომა დაუშვი. შესაძლოა ეს იყო ბეჭდვის დროს გაპარული შეცდომის გამო გაკეთებული მცდარი ფინანსური პროგნოზი, ან ის, რომ დაგავიწყდათ მეორე დღისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის დროის გამოყოფა. მიზეზები და დეტალები ყველასათვის განსხვავებულია, მაგრამ რაღაც მომენტში ჩვენ ყველას გვქონია შიშის გრძნობა, რომელიც სულ უფრო იზრდება.
შეცდომები და წნეხი გარდაუვალია; მათი გადალახვის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ უნდა შეძლოთ სიმშვიდის შენარჩუნება.
ჰარვარდის ბიზნესსკოლის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ უმეტესობა სიმშვიდის შენარჩუნების მოწოდებას არასწორად იგებს. ის ადამიანები, რომლებიც კრიზისს აღიქვამენ, როგორც ამაღელვებელ გამოწვევას, უკეთ ართმევენ თავს ასეთ სიტუაციას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც აიძულებენ საკუთარ თავს, სიმშვიდე შეინარჩუნონ.
„ადამიანებს სჯერათ, რომ მღელვარებასა და შიშთან გამკლავების საუკეთესო გზა – სიმშვიდის შენარჩუნებაა, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება ძალიან რთული და სრულიად არაეფექტიანი აღმოჩნდეს, – ამბობს ჩატარებული კვლევის ავტორი ელისონ ვუდ ბრუკსი. – როდესაც შფოთვითა და შიშით შეპყრობილი ადამიანი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს, იგი უნებლიეთ ფიქრობს ყველაფერზე, რაც შეიძლება ცუდად განვითარდეს. როდესაც ადამიანი სასიამოვნო მღელვარებასა და მოლოდინს განიცდის, იგი ყოველთვის ფიქრობს იმ სასიკეთო მოვლენებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს”.
თავდაჭერილობის, მიზანმიმართულებისა და ქმედითობის შენარჩუნება წნეხის ქვეშ მთლიანად დამოკიდებულია თქვენს მენტალიტეტზე. ადამიანებს, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან კრიზისულ სიტუაციებს, თავიანთი ემოციების მათთვის სასურველ ქცევად გარდაქმნა შეუძლიათ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი საკუთარი შფოთვისა და შიშის ენერგიად და დადებით მღელვარებად გარდაქმნას ახერხებენ.
ეს ვერ მოხდება, თუკი თქვენ საკუთარ ლოგიკას არ ჩართავთ. დიახ, დიდი შეცდომის დაშვება ძალიან უხერხულია. თქვენ შესაძლოა დაიმსახუროთ შენიშვნა თქვენი უფროსისგან და არაა გამორიცხული, თქვენი შეცდომა თქვენი მუშაობის შეფასებაშიც აისახოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გამო სამსახურიდან გაგათავისუფლონ, დაკარგოთ სახლი, მანქანა ან ასრულდეს თქვენი სხვა რომელიმე მოლოდინი, რომელიც თქვენს მღელვარებას ამძაფრებს და გონების მოკრების საშუალებას არ გაძლევთ.
თუკი არსებული სიტუაციის ობიექტურად შეფასება გიჭირთ, მაშინ დაუსვით საკუთარ თავს ორი მარტივი კითხვა: რა არის ყველაზე საშინელი შედეგი, რაც შეიძლება ამ შეცდომას მოჰყვეს? რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ხუთი წლის შემდეგ? წესით, თქვენმა პასუხმა ამ კითხვებზე ბოლო უნდა მოუღოს თქვენს კატაკლიზმურ აზროვნებას. სავარაუდოდ, გააცნობიერებთ, რომ ყველაზე მეტად გაშინებთ, თუ რას იტყვიან ამაზე სხვები. როგორც კი ამას მიხვდებით, თქვენდამი ნდობის აღდგენასა და ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ.
იმისათვის, რომ შეძლოთ სიტუაციის ობიექტურად შეფასება, იმ შემთხვევების გახსენებას ეცადეთ, რომლებიც თქვენსაზე გაცილებით უარესია. დიდი ალბათობაა იმის, რომ თქვენს სამსახურში ჯერ კიდევ მუშაობენ და თავსაც შესანიშნავად გრძნობენ ის თანამშრომლები, რომლებმაც წარსულში თქვენზე გაცილებით სერიოზული შეცდომები დაუშვეს. ასეთი მნიშვნელოვანი შეცდომები, როგორც წესი, ხანგრძლივ ზეგავლენას ახდენენ სხვა მხრივ სანიმუშო თანამშრომლებზე. შეახსენეთ საკუთარ თავს:
„არ შეიძლება ამ ერთი შეცდომით ჩემი შეფასება, მე უფრო მეტს წარმოვადგენ, ვიდრე ის, რაც შემემთხვა”.
შემდეგ თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ სინამდვილეში ხალხი არ ამახვილებს იმდენ ყურადღებას თქვენზე, როგორც ეს თქვენ გგონიათ.
ადვილია, წარმოიდგინო საკუთარი თავი მთელი ამ მორევის ცენტრში. თქვენ გრცხვენიათ და ამავდროულად ნერვიულობთ სამსახურის შესაძლო დაკარგვის გამო. რაც უფრო მეტად იფიქრებთ იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი თქვენზე, მით უფრო გაგიმძაფრდებათ ნერვიული მდგომარეობა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი უფროსი და ყველა დანარჩენი ნაკლებად იღელვებს თქვენზე და უფრო მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობს სიტუაციის გამოსწორებას. სწორედ ამით უნდა იყოთ პირველ რიგში დაკავებული თქვენ თვითონაც – სიტუაციის გამოსწორებით. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ მათ არა აქვთ თქვენზე საფიქრალი დრო მანამ, ვიდრე ყველაფერი არ მოწესრიგდება და ამ დროისათვის თქვენც სიტუაციის გამოსწორების თანამონაწილე აღმოჩნდებით.
ახლა კი დროა, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ ლოგიკურ აზროვნებას. კრიზისულ სიტუაციაში საღი აზროვნების საწინდარი არის ლოგიკური აზროვნება. მას შემდეგ, რაც დაძლევთ პანიკას, დროა, საკუთარ თავს დაუსვათ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეკითხვები: რა მოხდა სინამდვილეში? რა შეიძლება ამას მოჰყვეს? არის კიდევ დრო იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შედეგები და თუკი ჯერ კიდევ გვიან არ არის, რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის? ვინ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში? თუკი უკვე გვიანია უარყოფითი შედეგებისაგან თავის არიდება, მაშინ რისი გაკეთება შეიძლება ზიანის შესამსუბუქებლად? ნუ მისცემთ საკუთარ გონებას იმის უფლებას, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებით დაკავდეს.
დაბოლოს, მოიმოქმედეთ რამე. მას შემდეგ, რაც გაერკვევით ფაქტებში და მოიკრებთ გონებას, დროა, საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა მომხდარზე. შიშის გრძნობა უფრო მძაფრდება მაშინ, როდესაც თქვენ არ ცდილობთ თქვენ მიერ შექმნილი არეულობის დალაგებას. თუკი მთელ თქვენს ენერგიას გადაიტანთ სიტუაციის გამოსწორებაზე, ეს შეგმატებთ ძალას და დაგეხმარებათ ყურადღების საქმეზე გადატანაში. გახსოვდეთ, რომ მღელვარება, რომელიც ფერფლიდან აღმოცენების გამოწვევასთან არის დაკავშირებული, მკვეთრად გააუმჯობესებს თქვენს მუშაობას.
იმისათვის, რომ სიმშვიდე არ დაირღვეს, ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი. არავინ არის სრულყოფილი. ყველაზე წარმატებული ადამიანებიც კი უშვებენ სერიოზულ შეცდომებს. ჰენრი ფორდის პირველი ავტომობილების კომპანია სულ რაღაც 18 თვეში კრახით დაიხურა. ოპრა უინფრის, როდესაც იგი კორესპონდენტად იწყებდა მუშაობას, უთხრეს, რომ იგი „ტელევიზიისათვის შეუფერებელი იყო”, ხოლო უოლტ დისნეი Kansas City Star-იდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მას თურმე კრეატიულობა აკლდა. საკუთარი თავის დადანაშაულება ძალიან მაცდური, მაგრამ სრულიად უშედეგო მცდელობაა და ნამდვილად არ დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. ჯობს, თქვენი ენერგია მიმართოთ მომავალზე და იმაზე, რისი შეცვლაც თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ.
მართეთ საკუთარი ემოციები
საკუთარი ემოციების მართვასა და წნეხის ქვეშ სიმშვიდის შენარჩუნების უნარს პირდაპირი კავშირი აქვს თქვენი მუშაობის ხარისხთან. TalentSmart- მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წარმატებულ თანამშრომელთა 90% სტრესულ სიტუაციაში ახერხებს საკუთარი ემოციების მართვას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და სიტუაციაზე კონტროლი.
არავის უყვარს შეცდომების დაშვება. იმისდა მიუხედავად, თუ რა მასშტაბის შეცდომას დაუშვებთ, შიშს აყოლა არაფერ სასიკეთოს არ მოგიტანთ და ვერც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. კატაკლიზმური აზროვნება აფერხებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და არ გაძლევთ საშუალებას, წინ წახვიდეთ. გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიები იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, სწორად შეაფასოთ შექმნილი სიტუაცია, შეიმუშაოთ გეგმა, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ შეცდომებზე და დაკავდეთ სიტუაციის გამოსწორებით.
დატოვე კომენტარი