Palatine Analytics-ი ადამიანური რესურსების მენეჯმენტის გლობალურ სამყაროს იპყრობს, ხოლო მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, არჩილ ჭეიშვილს კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს კომპანიის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.
Harvard-ის სასადილო დარბაზი ლანჩის დროს ფუსფუსს მოეცვა. ლამის 3,000 კვადრატული მეტრის ხის თაღებით გარშემორტყმულ რასკინულ-გოტიკურ აუდიტორიაში მჯდომი კურსდამთავრებული, არჩილ ჭეიშვილი, მეგობრებთან ერთად, შეკრებილებს სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის, Bridgewater Associates-ში, Goldman Sachs-სა და Google-ში, მუშაობის გამოცდილებას უზიარებდა.
Forbes Georgia-სთან საუბარი არჩილმა იმ ამბის გახსნებით დაიწყო, თუ რა უეცრად გაათავისუფლეს მისი კოლეგა სამსახურიდან.
“ძალიან დაიბნა, – მიხსნის აშშ-ში დაფუძნებული არჩილი Skype-ით. – გაუშვეს, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ”. მეგობრებთან ერთად ლანჩის დროს არჩილს უთხრეს, რომ მსგავსი პრაქტიკის მოწმენი სხვებიც ყოფილან იმ კომპანიებში, სადაც მუშაობდნენ. “თითქმის ყველას შეეძლო ერთი მაგალითის მოყვანა… და უცებ დავფიქრდი: რატომაა ეს მუდმივი პრობლემა, რა არ არის რიგზე?”
ეს ადრიანი შუადღის პატარა შეკრება, სასიამოვნო ლანჩით, სასიამოვნო ადამიანებითა და სასადილო დარბაზის წარმტაცი გეომეტრიული არქიტექტურით, მალე სულ სხვა რამედ იქცა: მეგობრები, ერთობლივი ძალისხმევით, ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეუდგნენ. სწორედ ასე დაიბადა Palatine Analytics-ი.
მომდევნო წლის მანძილზე, მეგობრებს სწავლისა და სამსახურების პარალელურად უწევდათ კომპანიის შექმნაზე მუშაობა – კომპანიისა, რომელიც დღეს ადამიანური რესურსების სამყაროს ვარსკვლავია და რომელსაც ოცი ადამიანის დასაქირავებლად ერთი წელიც კი არ დასჭირდა. Palatine Analytics-ი ვებზე დაფუძნებული ინსტრუმენტია, რომელიც, მარტივი და სწრაფი გზებით, საშუალებას იძლევა, გაიზომოს დაქირავებულთა ეფექტიანობა, გაიზარდოს მათი ნაყოფიერება და შეუფერხებლად წარიმართოს ადამიანური რესურსების ოპერაციები. აი, როგორ მუშაობს ის: პირველ ყოვლისა, თანამშრომლებს კვირაში ერთხელ ერთმანეთთან უკუკავშირი მოეთხოვებათ; მეორე – თანამშრომლები თავად სახავენ და მართავენ საკუთარ მიზნებსა და ე.წ. ეფექტიანობის საკვანძო ინდიკატორებს (KPI).
“დასახავ საკუთარ მიზანს ან მიზნებს სხვებს გადაუნაწილებ და ნახავ, რამდენად თანხვდენილია ეს მიზნები კომპანიის ყოვლისმომცველ მიზნებთან, – განმარტავს არჩილი. – ეს თანამშრომლებს დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში ეხმარება”.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია.
Palatine Analytics-ის ჭკვიანი ალგორითმი უკუკავშირებსა და მიზნებსაც აანალიზებს. მონაცემებზე დაყრდნობით, თანამშრომლები იგებენ, რა მიმართულებით უნდა გაუმჯობესდნენ, მენეჯერები კი უკეთ ხვდებიან, როგორ სჯობს თავიანთი გუნდის წევრებთან კომუნიკაცია – მათ იციან, როგორ გრძნობენ თანამშრომლები თავს, იციან მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ეს ყველაფერი კი თანამშრომლებისგან კვირაში სულ რამდენიმე წუთს ითხოვს.
“ჩვენი ხედვა სუპერმსუბუქი გამოსავლის შექმნაში მდგომარეობს, – ამბობს არჩილი და განმარტავს, რომ ასეთ რამეებში ზედმეტად ბევრი დროის ხარჯვა არავის მოსწონს. – ეს სწრაფი და მარტივი უნდა იყოს; ჩვენს პლატფორმაზე უკუკავშირისთვის 20 წამიც კი კმარა”.
არჩილის თქმით, Palatine-ის პლატფორმის ის კომპონენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს მოიცავს, ბიზნესებს ორ განსხვავებულ ინსტრუმენტს სთავაზობს. ერთი მხრივ, მას თანამშრომელთა მომავალი ეფექტიანობის პროგნოზირება შეუძლია: “თანამშრომელ X-სა და სხვა თანამშრომლებს შორის მსგავსებებს ვპოულობთ, რაც შესაძლებელს ხდის, ცალკეული მონაცემები სხვა წყაროებიდანაც იქნას გამოყენებული”. როცა Palatine-ი ინდუსტრიის იდენტიფიცირებას მოახდენს და თანამშრომლის შედეგებსა და მიზნებს განსაზღვრავს, მას უკვე შეუძლია, იწინასწარმეტყველოს, როგორი იქნება ეფექტიანობა ამ დროიდან სამი თვის შემდეგ. “ჩვენი ხელოვნური ინტელექტი 100-იდან 70-80 შემთხვევაში არ ცდება, ეს კი უაღრესად მაღალი მაჩვენებელია”, – დასძენს არჩილი.
მეორე მხრივ, Palatine-ის ხელოვნური ინტელექტის ღირსება იმ წინასწარმეტყველურ უნარებსაც უკავშირდება, რომლითაც მას შეუძლია, განსაზღვროს, აპირებს თუ არა დაქირავებული კომპანიიდან წასვლას. “თუ მენეჯერმა იცის, რომ თანამშრომელმა შეიძლება, დატოვოს სამსახური, უფრო იოლად შეძლებს სიტუაციის შერბილებასა და მისი წასვლის შანსების შემცირებას”, – ამბობს არჩილი.
Palatine-ის რევოლუციურმა მიდგომამ მსხვილ-მსხვილ ჰედლაინებს დაუდო დასაბამი ისეთ გამოცემებში, როგორიც Fox News-ი და Quartz-ია. უძრავი ქონების, ტექნოლოგიისა და ინვესტიციის სფეროთა წარმომადგენელი ხუთი ამერიკული და საერთაშორისო კომპანიის მონაცემების საფუძველზე და თავისი ინტენსიური ალგორითმული ანალიზით, Palatine-მა აღმოაჩინა, რომ გენდერული მიკერძოება სამუშაო სივრცეში კვლავაც პრობლემად რჩება.
“მართალია, კაცები და ქალები თანაბარი ალბათობით ისახავდენ და აღწევდნენ ერთსა და იმავე მიზნებს, – იქნებოდა ეს უძრავი ქონების გაყიდვა თუ საინვესტიციო პორტფოლიოს ღირებულების გაზრდა, – დადებით შეფასებებს კაცი თანამშრომლები 25%-ით უფრო ხშირად იღებდნენ, ვიდრე იმავე თანამდებობაზე მყოფი ქალები, რომლებიც იმავე შედეგს დებდნენ”, – წერდა Quartz-ი Palatine-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების შესახებ.
თავისი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით, Palatine-მა გააანალიზა თანამშრომელთა უკუკავშირი და გამოკითხვები, გენდერი და სახელფასო ინფორმაცია და მენეჯერებისა და თანამშრომლების პირისპირ შეხვედრები. შედეგები არ ტყუოდა.
“ამგვარი მიკერძოების შემცირება ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს”, – ამბობს არჩილი თავიანთი მიგნებების შესახებ და ამატებს, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც Palatine-ი შეიქმნა, სწორედ ამ ტიპის პრობლემების მოგვარებაა, რათა ყველა თანამშრომელმა მაქსიმალურად რეალიზებულად იგრძნოს თავი და ისინი მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის უნარის მიხედვით შეფასდნენ.
პირადად არჩილისთვის, რომელსაც ქართული მედია ხშირად სიამაყით პირველ Harvard-დამთავრებულ ქართველ ბიჭად მოიხსენებს, ეს საქმე საკუთარი გატაცებების რეალიზებასაც ნიშნავს. ადრეული ასაკიდანვე იცოდა, რომ უნდოდა, ანტრეპრენიორი გამოსულიყო – ამბობს იმ პერიოდის საქართველოში გაზრდილი (აწ უკვე) ანტრეპრენიორი, როცა ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან ფეხზე წამოდგომას ცდილობდა.
სკოლაში სიარულისას, როგორც მაშინდელ ცხრა წლის ბავშვს შეეფერება, მეგობრებსა და კლასელებთან ერთად, Pokémon-ის კარტს თამაშობდა. ერთ დღესაც, მაღაზია, სადაც კარტს ყიდულობდნენ, დაიწვა, მან კი საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს არაფრის დასასრული არ იქნებოდა.
“ვიცოდი, რომ რაიმე გამოსავალი უნდა მეპოვა. ყველანი დამწუხრებულები იყვნენ, – იხსენებს არჩილი. – სწორედ მაშინ გადავწყვიტე, წავსულიყავი და სხვა უბანში მეპოვა მაღაზია, სადაც ამ კარტის ყიდვას შევძლებდი”. ჰოდა, ასეც მოიქცა. ქალაქის დალაშქვრის შემდეგ მართლაც იპოვა მაღაზია, რამდენიმე შეკვრა კარტი იყიდა, დაბრუნდა შინ და ეს შეკვრები მეგობრებსა და კლასელებს მიჰყიდა. აი, ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი მის ანტრეპრენიორულ ვნებებს.
“ბავშვობაში გარშემო უამრავ პრობლემას ვხედავდი. სიღარიბე, ჯანდაცვა, ბაზისური ადამიანური საჭიროებები სწორედ ის პრობლემები იყო, რამაც ბიძგი მისცა ჩემს დაინტერესებას ბიზნესისადმი, – ამბობს არჩილი. – ვიცოდი, რომ ბიზნესი ამ პრობლემებს მოაგვარებდა”.
“ზუსტად ეს ორი მოტივი დაედო საფუძვლად Palatine-ის დაფუძნებას – მისი ანტრეპრენიორული ვნებები და სურვილი, სამყარო უკეთეს ადგილად ექცია.
არჩილის ამბიცია ისეთი ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის შექმნაა, რომელიც, ადამიანების ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს და ნებისმიერს მათგანს, ინდივიდუალურად, “გრანდიოზული ხედვით” უზრუნველყოფს. არჩილი განმარტავს, რომ რამდენადაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ვითარდება, Palatine-ს ექნება საშუალება, იმაზე უკეთესი ინსტრუქტორი შექმნას, ვიდრე თქვენი ამჟამინდელი მენეჯერია, ეს კი, მისი პროგნოზით, ხუთ წელიწადში იქნება შესაძლებელი. მენეჯერისთვის დროის იმ 20%-ის შემცირებით, რასაც ინსტრუქტაჟზე ხარჯავს, და ინსტრუქციის ასპექტის ავტომატიზებით, კომპანიები თავიანთი ყველა თანამშრომლის პროდუქტიულობას გაზრდიან.
მაგრამ არჩილის გატაცება ხელოვნური ინტელექტით აქ არ სრულდება. “ჩემი სურვილია, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ხელოვნურ ინტელექტში, კონკრეტულად კი ჰუმანოიდის ტიპის ტვინებში, – გვიმხელს სამომავლო გეგმებს. მსოფლიო დღეს შორს არის ამისაგან და, შესაძლოა, ამას მთელი ცხოვრება დასჭირდეს, მაგრამ არაჩვეულებრივი იქნება ისეთ რაღაცაზე მუშაობა, რასაც ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და რაც ჩვენს ცხოვრებას გაცილებით ადვილს ხდის”.
დატოვე კომენტარი