დაკავებული ყოფნა ამ თაობის მანტრაა და ეს სულაც არ არის კარგი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ დრო უფრო და უფრო ძვირფასი რესურსი ხდება, ურიგო არ იქნებოდა, დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაუფრთხილდეთ საკუთარ დროს. ეს კი პატივისცემით იწყება. თუ თქვენ პატივს სცემთ საკუთარ დროს, სხვებიც ასე მოიქცევიან. გთავაზობთ რამდენიმე ოქროს წესს, რომელიც დაგეხმარებათ, იყოთ უფრო კონცენტრირებული, ნაკლებად დაძაბული და ენერგიით აღსავსე.
კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები
პირველ რიგში თქვენ უნდა გქონდეთ კარგად გაცნობიერებული, თუ რის მიღწევას ცდილობთ სამსახურში. ჩამოყალიბდით თქვენს მიზნებთან დაკავშირებით, ჩამოწერეთ ყველაფერი და დარწმუნდით იმაში, რომ კარგად აცნობიერებთ ამ მიზნებისაკენ სწრაფვის მოტივაციას. მიზნის მისაღწევად აუცილებელია, კარგად გესმოდეთ, თუ რატომ არის ეს თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი. როდესაც მიზნები კარგად გაქვთ გონებაში გაცნობიერებული, უფრო ადვილია იმის განსაზღვრა, თუ რომელი შეხვედრები და პროექტებია პრიორიტეტული ამ მიზნების მისაღწევად. ეს თქვენ ასევე დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა გაფერხებთ ამ მიზნებისაკენ სვლის პროცესში.
შეწყვიტეთ ყველაფერზე ‘დიახ’-ის თქმა
რადგან თქვენი მიზნები უკვე კარგად გაქვთ გაცნობიერებული, შეეცადეთ, გეგმები იმ პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ, რომლებიც მათ მიღწევას დააჩქარებს. ამავე დროს ისწავლეთ უარის თქმა იმ შემოთავაზებებზე, რომლებიც ყურადღებას გიფანტავთ და გაფერხებთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უარი უნდა უთხრათ დახმარებაზე ნებისმიერს, ვინც თქვენი მიზნების მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ უფრო შერჩევითი უნდა გახდეთ ამგვარი შემოთავაზებების მიმართ და ზომიერების ფარგლებში დათანხმდეთ. განსაკუთრებით ქალებს გვახასიათებს ერთმანეთის
დახმარების დიდი სურვილი, რის შემდეგაც დაცლილები და ძალაგამოლეული ვრჩებით. ისწავლეთ უარის თქმა, ხოლო დანაშაულის გრძნობა უკან მოიტოვეთ.
იყავით პუნქტუალური
თუკი თავად იქნებით პუნქტუალური და ყველას აჩვენებთ, რომ პატივს სცემთ საკუთარ დროს, მაშინ სხვებიც ასეთივე პატივისცემით მოეპყრობიან თქვენს დროს. და გახსოვდეთ, როდესაც რამდენიმე საქმეს ერთდროულად ქაოსურად ხართ შეჭიდებული, თქვენ საფრთხეში აგდებთ გაცნობიერებულ, მნიშვნელოვან და პროგრესულ აზროვნებას. პუნქტუალურობა გარანტია იმისა, რომ თქვენ ყოველთვის ადგილზე ხართ, სხარტად აზროვნებთ და შეგწევთ უნარი, ამოიცნოთ ბრწყინვალე იდეები. ეს ის პოზიტიური ჩვევებია, რომლებისკენაც უნდა ისწრაფოდეთ.
წინასწარ დასახეთ შეხვედრის მიზნები
სამუშაო გარემოში შეხვედრებზე ძალიან დიდი დრო იხარჯება. ამიტომ, ვიდრე შეხვედრაზე შეხვალთ, დარწმუნდით, რისი მიღება გსურთ ამ შეხვედრისგან. წინასწარ ჩამოაყალიბეთ ეს მიზნები და თუკი შეხვედრაზე თემიდან გადახვევა მოხდა, შეეცადეთ, დაუბრუნდეთ თქვენს მიზნებს. გარდა იმისა, რომ ამით თქვენ ბევრ დროს დაზოგავთ, ყველა მონაწილე მიიღებს შეხვედრისგან იმას, რაც მათ სჭირდებათ და თან ყველასათვის ყველაფერი გასაგები იქნება.
მოიტოვეთ დილა ფიქრისათვის
დილა ყველაზე ძვირფასი დროა. ამ დროს თქვენი გონება ყველაზე სხარტი, ფხიზელი და შრომისათვის მზადმყოფია. ნუ დაგეგმავთ ამ დროისათვის შეხვედრებსა და ზარებს. შეეცადეთ, დღის ეს მონაკვეთი შემოინახოთ ინოვაციური და მასშტაბური აზრებისათვის, რაც დიდ მიზნებთან დაგაახლოებთ. საქმისადმი ამგვარი მიდგომა დაგეხმარებათ, მოკლე დროში მიაღწიოთ რეალურ პროგრესს. შუადღე კარგი დროა შეხვედრებისათვის და იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც დილით დაგეგმეთ.
დატოვე კომენტარი