ფართოდ ათვალწუნებული ელექტორალური კოლეგიის კრიტიკოსები მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სიკეთეს უგულებელყოფენ. ეს სიკეთე პოლიტიკის სახიფათოდ გამხლეჩი ბუნების შესუსტებაში მდგომარეობს. ისინი, ვინც ამ “მე-18 საუკუნის ანაქრონიზმის“ ე.წ. პირდაპირი პოპულარული არჩევნებით ჩანაცვლებას ქომაგობენ, უნებურად მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი ორპარტიული სისტემა ხელუხლებელი დარჩება და კანდიდატი ყველაზე მეტი ინდივიდუალური ხმით (ნაცვლად ელექტორალური ხმისა) თეთრი სახლის მთავარი ფიგურა გახდება. ასე არაა ყველა სხვა არჩეული თანამდებობის პირისთვის აშშ- ში?! რატომ არ მოხდება იგივე ყველაზე მნიშვნელოვანი პირის შემთხვევაში?! მაგრამ ეს ბაზისური ორპარტიული მოწყობა, ასე გარანტირებული რომ გვგონია, მხოლოდ და მხოლოდ ელექტორალური კოლეგიის გამო არსებობს. საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად, კანდიდატმა მთელი ქვეყნის ხალხს უნდა მოაწონოს თავი.
ეროვნული მასშტაბის კოალიციას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ელექტორალურ კოლეგიაში უმრავლესობის მოსაპოვებლად. ვიწრო ჯგუფებზე დაფუძნებული ან საგანგებო ინტერესთა ბაზა, უბრალოდ, საკმარისი არ იქნება. ამიტომაა, რომ ჩვენი პარტიები უამრავი მრავალფეროვანი ინტერესისა და გამოცდილების ჯგუფებს წარმოადგენენ და ამით განასახიერებენ ჩვენი კონტინენტური ერის ხასიათს, რომლის მოქალაქეები თუ წინაპრები მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან არიან და, თავის მხრივ, კულტურებისა და დამოკიდებულებების ფართო ნაირგვარობას განასახიერებენ. ამიტომაა, რომ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების მხარდამჭერები ხშირად უხერხულად გრძნობენ ერთმანეთთან თავს.
ასე, მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ჩრდილოაღმოსავლელი ამომრჩევლები, რომლებიც, როგორც წესი, ისეთ ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიც დაბალი გადასახადებია, ამრეზით უყურებენ სოციალ-კონსერვატორებს. სისტემა პრემიუმს ადებს ზომიერებას. კი, კანდიდატებს შეუძლიათ თამამი პროგრამების ადვოკატირება, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ არ გაიუცხოვონ თავიანთი პარტიის უფრო ნაკლებად ემოციური წევრები, რომ აღარაფერი ვთქვათ დამოუკიდებელ ამომრჩევლებზე. რადიკალური იდეა, ხშირ შემთხვევაში, გადის იმას, რასაც დამწნილების პროცესი შეგვიძლია, ვუწოდოთ; ამ პროცესში ადამიანები ნელ- ნელა ეჩვევიან შეთავაზებულ იდეას, და ამის მერეც კი ეს იდეა ხშირად ორიგინალის დაწრეტილ ვერსიად გარდაიქმნება.
ელექტორალური კოლეგიის სისტემატური ტენდენცია, შეარბილოს ეროვნული პოლიტიკის პოტენციურად სახიფათო წახნაგები, აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, საშუალებას გვაძლევს, ისე ვიმსჯელოთ ყველაზე საკამათო საკითხებზე და გადავჭრათ ისინი, რომ ქვეყანა შუაზე არ გავხლიჩოთ და ისეთი ღრმა ჭრილობები არ მივაყენოთ, თაობებს რომ გაჰყვება. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, მონობის საკითხი იყო. სხვა მხრივ, ზომიერებისა და ინკლუზიისკენ სვლის ტენდენცია შენარჩუნებულია. შეხედეთ დემოკრატებს. პარტია მართლაც მარცხნივ არის გადამხტარი, მაგრამ ნახეთ, რა ემართებათ ამ პარტიის წარმომადგენელ პრეზიდენტობის მოსურნეებს, რომლებიც ერთგულად და თუთიყუშებივით იმეორებენ უკიდურესად მემარცხენე აქტივისტების ექსტრემალურ შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხისტი ანტიინდივიდუალისტური იდენტობის პოლიტიკა ან სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის მყისიერი დაპატრონება.
რა ემართებათ და, ისინი ან წარუმატებლობისთვის სწირავენ თავს, ან კი ცდილობენ, შეარბილონ საკუთარი იდეების სიმწვავე. ელიზაბეტ უორენის ერთ დროს გაბერვისკენ მიდრეკილი ბუშტი ჩაიფუშა, როცა კი იმის ახსნა მოუხდა, თუ როგორ გეგმავდა ყველა დაპირებული “უფასო რაღაცებისთვის“ ფულის გადახდას. არც პარტიის წევრებს მოეწონათ მისი ხისტი ნეგატიურობა. თუ ორიდან რომელიმე პარტია არსებულ ცენტრს ძალიან გადაუხვევს, გამანადგურებლად დამარცხდება, როგორც ეს დემოკრატებს მოუვიდათ 1972-ში, როცა კანდიდატად უკიდურესი მემარცხენე დაასახელეს, რომელმაც, საბოლოოდ, საქმეს მხოლოდ ერთ შტატში და კოლუმბიის ოლქში გაართვა თავი. ამავენაირად, იმის გამო, რომ კანდიდატებს გამარჯვებისთვის ეროვნული მასშტაბის კამპანიები აქვთ ჩასატარებელი, ელექტორალური კოლეგია მათ აიძულებს, კარგად გაეცნონ ადგილობრივ და რეგიონალურ პრობლემებს, რასაც, სხვა შემთხვევაში, არ გააკეთებდნენ, მით უფრო, პრობლემურ შტატებში.
ამჟამინდელი სისტემა გაცილებით ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ უმცირესობებს მისცეს ხმის უფლება – ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საკვანძო შტატებში. დღევანდელი პარტიები სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანიზაციებია. ყოველი მათგანი თავისებურად მართავს საკუთარ შოუს. კი, ნაციონალური კომიტეტებიც არსებობს, მაგრამ ესენი, ფაქტობრივად, ფონდების მოზიდვის უწყებებს წარმოადგენენ კონგრესის და გუბერნატორი კანდიდატებისთვის… და მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისთვისაც. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ადგილობრივი პარტიები ერთად იყრიან თავს, რათა ფორმალურად დაასახელონ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც შემდეგ ავტომატურად ინაცვლებს ყოველი შტატის (და კოლუმბიის ოლქის) საარჩევნო ბიულეტენზე.
ამის საპირისპიროდ, ჩვენი ქვეყნის მთავარი თანამდებობის მოსურნე დამოუკიდებელ კანდიდატებს ძვირი, შრომატევადი პროცესის გავლა უწევთ საარჩევნო ბიულეტენებზე მოსახვედრად. ცოტა თუ ართმევს ამას თავს. ყოველ შტატს თავისი კანონები აქვს… ზოგი – ადვილი, ზოგი კი უკიდურესად რთული. პრეზიდენტის პირდაპირი პოპულარული არჩევა მიწასთან გაასწორებდა ამ პოლიტიკურ ეკოსისტემას, რომელიც უნიკალურადაა მორგებული ამერიკაზე. ინდივიდები და საგანგებო ინტერესების მქონე ორგანიზაციები განუწყვეტლივ შექმნიდნენ საკუთარ პარტიებს. მაგალითად, მაიკლ ბლუმბერგი (რომელიც პოლიტიკური კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დემოკრატიც ყოფილა, რესპუბლიკელიც და დამოუკიდებელი კანდიდატიც) გაირჯებოდა კი იმისთვის, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატად რომ დაესახელებინა თავი? ცხადია, არა. თავისი რესურსებით, ამას თავისითვე იზამდა.
ორპარტიული სისტემის გარეშე, რომელსაც დღეს ელექტორალური კოლეგია ასაზრდოებს, არაერთი კანდიდატი დაიწყებდა ეროვნულ არჩევნებში ასპარეზობას. რაც ყველაზე ნათელი და, ამავე დროს, ავბედითია, ელექტორალური კოლეგიის ზომიერებაზე აქცენტისგან განსხვავებით, პირდაპირი პოპულარული საარჩევნო სისტემა პრემიუმს გაბერილ ვნებებს დაადებდა, რათა ამით გადავსებულ ასპარეზზე კანდიდატებისთვის მხარდაჭერა გაეზარდა.
რა თქმა უნდა, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიაღწევდა კონკრეტულ ზღვარს (და რა უნდა იყოს ეს ზღვარი? 40%? 50%?), განმეორებითი არჩევნების დანიშვნა გახდებოდა საჭირო. და რადგანაც თეთრი სახლის დაკავების მოსურნე ამდენი კანდიდატი იქნებოდა, ალბათ იოლი წარმოსადგენია, რაც მოხდებოდა განმეორებით არჩევნებში, რომელიც ორ ექსტრემისტ კანდიდატს შორის წარიმართებოდა, რომელთაც, თავის მხრივ, პირველ ტურში, ვთქვათ, ხმათა 10%-10% ექნებოდათ აღებული.
მეორე ტურის მოსაგებად კანდიდატებს წაგებულ მოასპარეზეებთან მოუწევდათ ვაჭრობა მხარდაჭერისთვის. ასეთი მძიმე ვაჭრობა და დაუმსახურებელი შედეგები, რასაც ასეთი სისტემა წაახალისებს, დღევანდელ პოლიტიკურ ვაჭრობას სასაცილოდ აქცევდა. ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფუნდამენტური დეტალებიც იქნებოდა გადასაჭრელი. ვინ დაადგებოდა თავს 175,000 საარჩევნო უბანს გაყალბების პრევენციისთვის? ვინ იქნებოდა იმის გარანტი, რომ დაუსწრებლად მიცემულ ხმებს ბოროტად არ გამოიყენებდნენ? ამ ყველაფერს კი შეიძლება, ცენტრალური მთავრობის ძალაუფლების მსხვილი ექსპანსია მოჰყოლოდა.
დღეს ყოველ შტატს თავისი საარჩევნო წესები აქვს. ზოგი შტატი, მაგალითად, ადრიან ხმის მიცემას წაახალისებს, ზოგი – არა. პირდაპირი ხმის მიცემის სისტემაში, ამ წესების გაერთგვაროვნება გახდებოდა საჭირო, რაც კვლავაც ვაშინგტონის ძალაუფლების მორიგ გაფართოებას გულისხმობს. დემოკრატებს სძულთ ელექტორალური კოლეგია, იმიტომ რომ 2000-შიცა და 2016-შიც თეთრ სახლში ვერ მოახვედრეს კანდიდატები, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანდიდატებმა მეტი პოპულარული ხმები მიიღეს, ვიდრე მათმა რესპუბლიკელმა ოპონენტებმა. მაგრამ ეს არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ კოლეგიის არარსებობის პირობებში, ამ კანდიდატებს სულ სხვაგვარი კამპანიების ჩატარება მოუწევდათ. ასე, მაგალითად, დონალდ ტრამპი, კამპანიის ბოლოსკენ, თავის ძვირფას დროს არ დაკარგავდა მეინში ვიზიტისთვის იმედით, რომ კონგრესის უბანში ელექტორალურ ხმებს მოაგროვებდა (რაც გააკეთა კიდეც). ჩვენს დამფუძნებელ მამებს არაჩვეულებრივად ესმოდათ, რასაც აკეთებდნენ, როცა ელექტორალურ კოლეგიას ქმნიდნენ. ჩვენთვისვე სახიფათოდ, მათ სიბრძნეს დღეს უგულებელვყოფთ.
დატოვე კომენტარი