2022 წელს, მსოფლიო მასშტაბით 29,165.2 ტერავატსაათი სიმძლავრის ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ეს მაჩვენებელი 2.3%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებზე. საინტერესოა, როგორი იყო ელექტროენერგიის წყაროების განაწილება და საერთო გამომუშავების რა პროცენტი შეადგინა განახლებადი ენერგიის წყაროებმა 2022 წელს. ამ სტატიაში, „მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის“ მონაცემებზე დაყრდნობით, სწორედ აღნიშნულის შესახებ გესაუბრებით.
უკვე ათწლეულებია, ელექტროენერგიის გამომუშავების უდიდესი წილი ქვანახშირზე მოდის. 2022 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის 35.4% სწორედ ამ წყაროს წყალობითაა მიღებული. მეორე ყველაზე დიდი წილი ბუნებრივ აირს აქვს (22.7%), სიდიდით მესამე წყარო კი ჰიდრორესურსი (14.9%) გახლავთ.
საინტერესოა, რომ ქვანახშირით გამომუშავებული ელექტროენერგიის 75%-ზე მეტს მხოლოდ 3 ქვეყანაში გამოიყენებენ. ქვანახშირზე გლობალური მოთხოვნის 53.3% ჩინეთზე მოდის. ქვანახშირზე მოთხოვნის რეიტინგში მეორე ადგილზე 13.6%-ით ინდოეთი, მესამე პოზიციაზე კი 8.9%-ით აშშ იმყოფება.
ის, რომ ელექტროენერგიის უდიდეს წყაროდ კვლავ ქვანახშირი რჩება, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება გარემოსა და ეკოლოგიაზე. ქვანახშირის წვა, როგორც ელექტროენერგიის გამომუშავების, ისე მეტალურგიისა თუ ბეტონის წარმოებისთვის, დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამოყოფის ყველაზე დიდი „წყაროა“. მიუხედავად ამისა, მისი ელექტროენერგიის წარმოების წყაროდ გამოყენება 1997 წლიდან დღემდე 91.2%-ით გაიზარდა.
მართალია, ჯერჯერობით ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროებად კვლავ ტრადიციული გზები და საშუალებები რჩება, თუმცა მათი წილი გლობალურ გამომუშავებაში ყოველწლიურად მცირდება. სანაცვლოდ კი მნიშვნელოვნად იზრდება განახლებადი ენერგიის წყაროების წილი. 2022 წელს ქარის, მზისა თუ გეოთერმული წყაროებით გამომუშავებული ელექტროენერგია საერთო წილის 14.4%-ს შეადგენდა. განახლებადი ენერგიის წყაროების წილი წლიდან წლამდე 14.7%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ანგარიში, რომელსაც აღნიშნული სტატია ეყრდნობა, ჰიდრორესურსს განახლებადი ენერგიის წყაროდ არ მიიჩნევს. თუმცა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მას განახლებადი ენერგიის წყაროებს მიაკუთვნებს. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ყველაზე დიდი გამომუშავების წილი ქარის ენერგიას აქვს (7.2%).
ნაკლებად წარმატებული წელი იყო ატომური ენერგოსადგურებისთვისაც. უკრაინაში, ზაპოროჟიეში, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ენერგოსადგურის დახურვისა და საფრანგეთში კოროზიის გამო 4 რეაქტორის გამორთვის მიზეზით, ატომური ენერგოსადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი მსოფლიოში დაახლოებით 4%-ით შემცირდა და 9.2% შეადგინა. საკუთრივ საფრანგეთი, რომლის ელექტროენერგიის გამომუშავების 70%-ზე მეტი სწორედ ბირთვულ რეაქტორებზე მოდის, საგრძნობლად დაზარალდა. ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 22%-ით შემცირდა და ელექტროენერგიის იმპორტირება გახდა საჭირო.