წარმატებული ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – კარგი რეკლამის გაკეთებაა. თანამედროვე საქართველოში რეკლამის გამოყენების იდეა ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა, როგორც ნაჩვენები იქნება, ეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. XIX-XX სს. მიჯნაზე საქართველოში ფართოდ ვითარდებოდა სარეკლამო ბიზნესი და ყოველი მეწარმე საკუთარი ნაწარმისა თუ მომსახურებისთვის მომხმარებლის ყურადღების მიქცევას რეკლამების განთავსებით ცდილობდა.
ბევრნი ნამდვილი თანამედროვე რეკლამის წარმოშობას XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ვენეციელ გამომცემელს -მანუცის მიაწერენ. მან წიგნების სათაურების ბეჭდვა და მაღაზიის შესასვლელში მათი თავფურცლების გამოფენა დაიწყო. რეკლამის ერთ–ერთ პირველ შემთხვევად ასევე მიჩნეულია 1477 წელს ინგლისში უილიამ კეკსტონის მიერ მისივე გამოცემული “ლოცვანის” გაყიდვის მიზნით სარეკლამო განცხადების გამოქვეყნება. XIX საუკუნის საქართველოში, ისევე როგორც რამდენიმე საუკუნის წინ ევროპაში, რეკლამის განვითარებას ბეჭდურმა მედიამ შეუწყო ხელი. თავდაპირველად გაზეთები გამოიყენებოდა რიგითი პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მოვლენების აღსაბეჭდად. თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევარში მკაფიოდ იკვეთება გაზეთებში რეკლამების განთავსების ტენდენცია.
პირველი ქართული ბეჭდური რეკლამა 1861 წელს გამოჩნდა სასოფლო-სამეურნეო გაზეთ “გუთნის-დედაში”, სადაც აღწერილი იყო გუთანი, რომელსაც თან ახლდა ანოტაცია მოხმარების შესახებ. ასევე იყო იმპორტული საქონლის ფოტოებიც: მაგალითად, დღეში ცხრა თუნგი რძის მომწველი ფლამანდრიული ძროხისა.
მოგვიანებით, მაგალითად, გაზეთ “ივერიის” (1877-1906 წწ.) გვერდებზე, უამრავ მასალას ვაწყდებით იმდროინდელი საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ გამოქვეყნებული განცხადებებისა და რეკლამების მეშვეობით. რეკლამების უმრავლესობა შეეხებოდა მომსახურების სფეროს, სხვადასხვა პროდუქციის იმპორტსა და ადგილობრივ წარმოებას.
დავიწყოთ მომსახურების სფეროთი, სადაც იმდროინდელი თბილისის სასტუმროების რეკლამები ჭარბობდა. მათგან ერთ-ერთი პირველი იყო დღევანდელი რუსთაველის გამზირის N19-ში მდებარე “საბადური”. სასტუმროს აღწერა არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული დეტალების გადმოცემით, თუმცა, მისგან განსხვავებით, სასტუმრო “პურ-ღვინოს” აღწერილობა ბევრად მეტ ინფორმაციას გვაწვდის: “ორი თავი საჭმელი (ორჯერადი კვება) ჰღირს თვეში 12 მან. სამი თავი – 18 მან. ღვინისა, არყისა და ყავის მსურველებთან განსაკუთრებული და მეტად სახეირო პირობებით შეიძლება მორიგება”.
საინტერესოა 1890-იან წლებში თბილისში, თანამედროვე რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სასტუმრო “აბაშის”. რეკლამა, რომელიც გვამცნობს, რომ ოთახების ფასი დღეში 60 კაპიკიდან 1,5 მანეთამდე მერყეობდა.
პირველი ქართული რეკლამები მაქსიმალურად პოზიტიური და იუმორისტული იყო. ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ თავის რესტორანს “ინტელიგენტური” დაარქვა. “ლაღიძის წყლების” რეკლამა შემდეგნაირად ჟღერდა: “თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი”. მოგვიანო პერიოდში “ლაღიძის წყლებმა” კიდევ ერთი სარეკლამო ფრაზა შეიმუშავა: “მოითხოვე ყველგან, ერიდე სიყალბეს”. ერთ-ერთი რეკლამა განსაკუთრებით საინტერესოდ ჟღერდა: “მალე ვიკეტებით, ამიტომ გვაქვს ფასდაკლება”.
რეკლამა უკეთდებოდა ასევე უცხოურ ნაწარმსაც: ფეხსაცმელებს, ე.წ. საკერავ და სათიბ მანქანებს და ა.შ. სარეკლამო ტექსტები კი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: “ფასები შეუვაჭრებლად”, “სლავიანსკი ნომრები როგორც ოჯახისთვის, ისე უცოლშვილოებისთვის”.
უცხოური პროდუქციის რეკლამებით ისევ გაზეთი “ივერია” გამოირჩეოდა. მაგალითად, ცნობილი Nestle-ს რეკლამა მყიდველს რძის ფხვნილს სთავაზობდა.
იმავე წელს ისევ გაზეთ “ივერიაში” იყო გამოქვეყნებული კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანია “იაკორის” რეკლამა. მას “ურბენისგან” განსხვავებით მოქმედების უფრო ფართო არეალი ჰქონდა – კომპანია ასევე აზღვევდა ხანძრისგან მიღებულ ზარალს.
თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე ფართო დაზღვევა “როსიას” ჰქონდა: “ივერიის” ფურცლებზე შემოთავაზებულ მრავალპუნქტიან პაკეტში სიცოცხლის დაზღვევა და ხანძრისგან დაზღვევა მთავარ პუნქტებს წარმოადგენდა.
საინტერესოა, თუ როგორ გამოიყენებოდა რეკლამა ქალაქში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, როდესაც კინემატოგრაფია იქმნებოდა, რასაც საზოგადოება თავიდან შიშით შეხვდა, გავრცელდა ჭორი, რომ კინემატოგრაფი თვალებს ატკივებს. ერთ-ერთი რეკლამა ამტკიცებდა, რომ ჩვენებისას პარიზული სცენები არ იქნება შემდეგი წარწერით: “თვალებს არ ატკიებს”.
სარეკლამო განცხადებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დამზადებულ თუ იმპორტირებულ საკონდიტრო, სამეურნეო საქონელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეეხებოდა. რეკლამა დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სასწავლო კურსზე იწვევდა. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართული წარმოების სხვადასხვა სასმელის რეკლამებს, ინფორმაციებს სხვადასხვა ჰიგიენური საშუალების შესახებ.
განსაკუთრებით საინტერესოა ცნობები იმ წიგნებისა თუ ჟურნალ-გაზეთების თაობაზე, რომლებიც ამ პერიოდში იბეჭდებოდა და იყიდებოდა საქართველოში. უბრალო განცხადებებით ვიგებთ, თუ საქართველოს რომელი კუთხის რომელ წიგნების მაღაზიაში იყიდებოდა ახლად გამოსული წიგნები. ეს ელემენტარული განცხადებები იმითაც გამოირჩევა, რომ ერთ-ერთი პირველთაგანია, რომლებიც იბეჭდებოდა 1877 წელს ჯერ კიდევ ყოველკვირეულ გაზეთ “ივერიაში”. გაზეთები გამოიყენებოდა ასევე თეატრალური აფიშების გავრცელებისთვის.
საინტერესოა სხვადასხვა სასწავლებლის – პანსიონებისა და პროგიმნაზიების – რეკლამები. გაზეთ “ივერიაში” ვხვდებით ასეთ განცხადებას: “სასწავლებელი და პანსეონი ჯორჯიკიასი”. რეკლამიდან ირკვევა, რომ ეს სასწავლებელი ერთგვარ მოსამზადებელ დაწესებულებას წარმოადგენდა მათთვის, ვისაც სურდა, სხვა სასწავლებლებში გაეგრძელებინა სწავლა.
მრავალფეროვანი იყო “ივერიის” ფურცლებზე დატანილი რეკლამები თბილისში მოღვაწე კერძო ექიმების შესახებ. “პირველი კერძო სამკურნალო ექიმ ნავასარდიანისა”. ასევე რეკლამირებული იყო “თფილისის კერძო სამკურნალო მკურნალის მიხეილ გედევანიშვილისა”. ორივეგან შეიძლებოდა ვენერიული, ყელ-ყურ–ცხვირისა და სხვა დაავადებების მკურნალობა. მომსახურების ფასი ერთ შემთხვევაში 10 შაური იყო, ხოლო, რაც ყველაზე საინტერესოა, ღარიბებისთვის – უფასო.
ქართული ნაწარმი საკმაოდ იშვიათად გვხვდებოდა “ივერიის” ფურცლებზე და ეს რეკლამა ძირითადად ღვინის ან სიგარეტის წარმოებას ეხებოდა. მაგალითად, აღსანიშნავია “კახური ღვინის საწყობი ზაქარ იოსების ძის სიმონოვისა”. განცხადებიდან ვიგებთ, რომ მომმარაგებლები სოფელ ზემო ხოდაშნიდან იყვნენ და ერთი ბოთლის ფასი 30 კაპიკიდან 1 მანეთამდე მერყეობდა. მრავლად გვხდება თამბაქოსა და სხვადასხვა ზეთიანი საღებავის რეკლამები.
რეკლამების უმრავლესობა გაზეთის ბოლოს, ძირითადად მეოთხე გვერდზე იყო განთავსებული, რადგან ერთსტრიქონიანი რეკლამის იქ განთავსების ფასი 8 კაპიკი იყო. პირველ გვერდზე განთავსებული ერთი სარეკლამო სტრიქონის ფასი 16 კაპიკს უდრიდა. სრული მეოთხე გვერდის დაკავების შემთხვევაში ფასი 16 მანეთს აღწევდა. თუმცა ესეც არ იყო რეკლამების განთავსების ფასის ლიმიტი. ასე, მაგალითად, “ივერიის” პირველი გვერდის დაკავების შემთხვევაში კლიენტს 60 მანეთი უნდა გადაეხადა!
XX საუკუნის დასაწყისში რეკლამებს უკვე რეგიონულ პრესაშიც განათავსებდნენ. ამით გამოირჩეოდა გაზეთი “იმერეთი”, სადაც ხშირად გვხვდება ფეხსაცმლისა თუ აბრეშუმის ნაწარმის რეკლამა, მინაწერებით – “ფასები სხვებთან შედარებით დაკლებულია” ან “ფასები შეუვაჭრებლად” (“განსაკუთრებით ქალების კასტიუმებისთვის”).
1912 წ. გაზეთ “იმერეთში” ჩნდება განცხადება: “იყიდება შანტეკლერის კაბა, კაბის ქსოვილი”. მოდაში შანტეკლერის კაბა შემოვიდა, შესაბამისად, მასზე მოთხოვნაც გაიზარდა. იმერეთის გაზეთები ვიზუალური გაფორმებით გამოირჩეოდა. გაზეთ “იმერეთის” 1913 წლის 30 ივლისის ნომერში აბანოში განსაბანად გვეპატიჟებიან და იქვე გვთავაზობენ სხვადასხვა სახის “მაშინებს” – საკერავსა თუ საწერს.
პირველი ქართული რეკლამები განსაკუთრებული კრეატიულობით გამოირჩეოდა. ვიზუალური მხარე ბევრ რეკლამას საკმაოდ მდიდარი ჰქონდა, ხოლო ზოგი მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლებოდა. თუმცა “ივერიისა” და სხვა ქართული გაზეთების განხილვა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ რეკლამის განმთავსებლები გაზეთების რედაქტორებთან ერთად საკმაოდ საინტერესო ფრაზებს ირჩევდნენ მკითხველის მოსაზიდად. გაზეთები ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ქართული რეკლამის ფართოდ გამოყენება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს, რაც, გარკვეულწილად, იმდროინდელ საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მეტყველებს. რეკლამების განხილვისას ასევე დავრწმუნდით იმაში, რომ საქართველო, თავისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმდროინდელი ევროპისა და რუსეთის ქალაქებთან.
დატოვე კომენტარი