ვფიქრობ, ზოგადად 2020 წელს ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯამურად გაყიდული ენერგია უფრო მცირე იქნება, ვიდრე წინა წელს იყო, რაც, ძირითადად, გამოწვეულია პანდემიის გამო ეკონომიკური აქტივობის ტემპების შენელებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი ვარაუდით, ენერგიის მოხმარება წელს უფრო მცირე იქნება ზოგად ჭრილში, რასაც კომერციული სექტორის მიერ ენერგიის მოხმარების შემცირება განაპირობებს.
“COVID-19-ის გამო შექმნილმა სიტუაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ სექტორებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელია. მათ შორის არის ტურიზმის სექტორი, სასტუმროებისა და რესტორნების ჩათვლით“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ცნობისთვის, 2020 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, თბილისში არასაყოფაცხოვრებო სექტორის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა 1.2%-ით, ხოლო რეგიონებში – 10%-ზე მეტად. ამავე პერიოდში თბილისში მოსახლეობის ნაწილში მოხმარება გაიზარდა 6%-ით, ხოლო რეგიონებში – 3%-ით. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, გაზზე მოთხოვნა 3%–ით არის შემცირებული მოსახლეობაში, არასაყოფაცხოვრებო სექტორში კი 34%-ით. წყლის მოხმარებაზეც იგივე ტენდენცია იყო მარტში – საყოფაცხოვრებო მოხმარება თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ასევე სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაზრდილია 6,9%-ით, ხოლო კომერციულ სექტორში შემცირებულია ჯამში 12,8%-ით.
რაც შეეხება “თამაშის წესებს“ ენერგოსექტორში, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ნარმანიას განცხადებით, არ იქნება, – “იმიტომ რომ ბაზრის ახალი კონცეფციით გათვალისწინებული მოდელი მომდევნო წლის ზაფხულიდან უნდა ამოქმედდეს. თუმცა წელს იქნება მიღებული ისეთი მარეგულირებელი აქტები, როგორიცაა ბაზრის წესები, დაიწყება მიმწოდებელი და გამანაწილებელი საქმიანობების განცალკევების პროცესი, ანუ მთელი რიგი რეფორმები გატარდება 2020 წელს, რამაც ამ ახალი ბაზრის მოდელის შემდგომ განვითარებას უნდა დაუდოს საფუძველი”.
მისივე თქმით, რაც შეეხება ენერგიაზე ფასებს, 2020 წელს რაიმე სახის კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფის ზრდას არ უნდა ველოდოთ.
დატოვე კომენტარი