შრომითი ბაზარი მუდმივად იცვლება. 2023 წელს მასზე დიდი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ეკონომიკურმა მოცემულობამ, შესაბამისად, შეიცვალა სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების მოლოდინიც.
სამსახურის საძიებო ერთ-ერთი უმსხვილესი ვებსაიტის, Indeed-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, დასაქმების მსურველები სამსახურებრივი კეთილდღეობისთვის უპირველესად „ღირსეულ ანაზღაურებას“ ასახელებენ, მეორე ადგილს კი „მოქნილობა“ იკავებს. მნიშვნელოვანია კომპანიის სამუშაო კულტურაც.
Indeed-ი, აშშ-ის ბაზარზე დაყრდნობით, აქვეყნებს 2024 წლისთვის საუკეთესო სამსახურების ჩამონათვალსაც, რომელიც ასე გამოიყურება:
- მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი – წლიური ანაზღაურება: $77,448;
- სესხის ოფიცერი – წლიური ანაზღაურება: $192,339;
- მენტალური ჯანმრთელობის თერაპევტი – წლიური ანაზღაურება: $76,140;
- ელექტროინჟინერი – წლიური ანაზღაურება: $102,590;
- სამშენებლო პროექტების მენეჯერი – წლიური ანაზღაურება: $103,431;
- მექანიკური ინჟინერი – წლიური ანაზღაურება: $96,091;
- ფსიქიატრი – წლიური ანაზღაურება: $258,440;
- ადამიანური რესურსების მენეჯერი – წლიური ანაზღაურება: $79,174;
- უფროსი ბუღალტერი – წლიური ანაზღაურება: $82,811;
- მონაცემების ინჟინერი – წლიური ანაზღაურება: $130,135;
- სამოქალაქო ინჟინერი – წლიური ანაზღაურება: $93,967;
- მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტი – წლიური ანაზღაურება: $86,976;
- ბუღალტრული აღრიცხვის მენეჯერი – წლიური ანაზღაურება: $93,000;
- ადვოკატი – წლიური ანაზღაურება: $120,854;
- დიზაინერი – წლიური ანაზღაურება: $81,149.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებისთვის მენტალური პრობლემები კვლავ ხშირია, იზრდება დეპრესიის, სუიციდის მცდელობებისა თუ ადიქციის შემთხვევები, რაც, შესაბამისად, სპეციალისტებზე მოთხოვნასაც ზრდის.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ სფეროს, 2023 წელს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს და გაჩნდა საფრთხე, რომ ხელოვნური ინტელექტი დასაქმებულების ადგილს დაიკავებდა. Indeed-ის თანახმად, ყველაზე მეტად რისკის ქვეშ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, IT-ოპერაციები და საინფორმაციო დიზაინი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურ სფეროში ვაკანსიების რაოდენობა ექსპონენციურად აღარ იზრდება, მოთხოვნა კვლავ მაღალია.
სტაბილურია ინჟინრებზე მოთხოვნა, რადგან მათი როლი უდიდესია ნებისმიერი მოწყობილობის შექმნასა თუ ნაგებობების მშენებლობაში. შესაბამისად, ანაზღაურებაც საშუალოზე მაღალია.
აღსანიშნავია, რომ, Indeed-ის კვლევით, ყველაზე მაღალი ხელფასები ჯანდაცვის სექტორშია. ყველაზე დიდი ზრდა კი, ჯანდაცვასთან ერთად, საწარმოო და სამშენებლო სექტორებში ფიქსირდება.