2005-2020 წლებში ყაზახეთი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელ 20 უმსხვილეს ქვეყანას შორისაა. ამავე პერიოდში ცენტრალური აზიიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% ყაზახეთს ეკუთვნის. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ კავშირებს ეხება.
რაც შეეხება სექტორებს, მიმოხილვის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყაზახეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად სამშენებლო, HORECA, ტრანსპორტირების, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებისკენაა მიმართული.
2020 წელს, 136 მლნ აშშ დოლარით, საქართველოდან ყაზახეთში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ ბოლო 15 წლის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 20-ჯერ გადააჭარბა.
რაც შეეხება ვაჭრობას, გასულ წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10% ცენტრალურ აზიაში, ხოლო 1.4% ყაზახეთში განხორციელდა.
„2015-2019 პერიოდში საქართველოს რეექსპორტის 14% ცენტრალური აზიისკენ იყო მიმართული, ხოლო 3% – ყაზახეთისკენ. ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოდან რეექსპორტირებული ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საქონელი ავეჯია, თუმცა ის არ ხვდება ყაზახეთში განხორციელებულ რეექსპორტში.
საქართველოდან საკვებისა და სასმელის, ასევე ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტი ყაზახეთში მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა სხვა დანარჩენ კატეგორიებში უკანასკნელი წლების განმავლობაში კლებადი ტენდენციაა“, – წერია მიმოხილვაში.
ყაზახეთიდან საქართველოში ექსპორტირებული საქონლის დინამიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთ კატეგორიაში 2020 წელს 16x-მდე ზრდა დაფიქსირდა.
დატოვე კომენტარი