2021 წლის მარტში საქართველოში საბანკო დეპოზიტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.5%-ით გაიზარდა და 37 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, დეპოზიტებმა ლარებში 13.4 მლრდ შეადგინა (+35.2% წწ), მაშინ როდესაც უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებმა 23.6 მლრდ ლარს მიაღწია (+14.7% წწ).
გარდა ამისა, 2021 წლის მარტში საბანკო სესხების წლიური ზრდის დონე წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა და 7.8% შეადგინა. შემცირება ძირითადად კორპორაციულ სეგმენტზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მარტში ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელი 600.7 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის ლარის სესხები – 313 მილიონით, სავალუტო სესხები კი 287.7 მილიონი ლარით გაიზარდა.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ასახული, სექტორებს შორის ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი მრეწველობის დარგზე არის გაცემული.
ბიზნესსესხების მოცულობა 18.97 მილიარდი ლარია, სექტორების მიხედვით ეს საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:
– მრეწველობა – 4.6 მილიარდი ლარი;
– ვაჭრობა – 3.8 მილიარდი ლარი;
– მშენებლობა – 2.6 მილიარდი ლარი;
– ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა – 2.26 მილიარდი ლარი;
– სასტუმროები და რესტორნები – 2.1 მილიარდი ლარი;
– სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა – 725 მილიონი ლარი;
– ფინანსური შუამავლობა – 631 მილიონი ლარი;
– ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 591 მილიონი ლარი.
შინამეურნეობებზე (ოჯახებზე, ფიზიკურ პირებსა და ინდ.მეწარმეებზე) გაცემული სესხები – 19.25 მილიარდი ლარი, მათ შორის:
– ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები – 16.75 მილიარდი ლარი;
– ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხები – 2.49 მილიარდი ლარი.