რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ინალ არძინბა აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრ ახსარ ჯიოევთან, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ელჩ მუჰამად ალისთან, ოკუპირებულ დნესტრისპირეთში აფხაზეთის წარმომადგენელთან და მედიასააგენტო Alpha News-ის მთავარ რედაქტორთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.
„მათთვის, ვისაც სურს, საფრთხე შეუქმნას აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობას და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენი კარი უახლოეს მომავალში დაიხურება“, – განაცხადა ინალ არძინბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ვებგვერდზე მითითებული აფხაზეთში მიმდინარე პროექტების მიზნობრიობა რეალობას არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ USAID-ის ვებგვერდზე განთავსებული პროექტების გაცხადებული მიზანი აფხაზეთის რეგიონში კრემლის გავლენის შესუსტება და საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებაა. ინალ არძინბას განცხადებით, ეს განმარტებები „არასახელმწიფოებრივია“. არძინბას ეჭვი გაეროს ეგიდით დაფინანსებული პროექტების რეალურ მიზნებშიც შეაქვს.
მისი განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დე-ფაქტო პრეზიდენტი ბრძანებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს. „ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებისთვის გამჭვირვალობისკენ მოწოდება, სუვერენიტეტის განმტკიცება და შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთაა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე ზემოთ აღნიშნულმა პირებმა საქართველოში მოქმედი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების აქტივობები განიხილეს.