თანამედროვე სამყაროში ქალაქებში ცათამბჯენების არსებობა მათი ცხოვრების ხარისხის, სიმდიდრის, თანამედროვეობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის გამომხატველი სიმბოლოა. ქალაქების ფინანსური განვითარების პროპორციულად კი, როგორც წესი, ამ ქალაქებში არსებული მრავალსართულიანი შენობების რაოდენობა კიდევ უფრო იმატებს. თუმცა ქალაქში არსებული ცათამბჯენების რაოდენობა ყოველთვის არ წარმოადგენს ამ ქალაქის ანდაც ქვეყნის ცხოვრების დონის მაჩვენებელს და რიგ შემთხვევებში ცათამბჯენები უბრალოდ საცხოვრებელი დანიშნულებით შენდება. „მაღალი შენობებისა და ურბანული საცხოვრებელი ადგილების საბჭოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქალაქების რეიტინგს, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტ ცათამბჯენს შეხვდებით.
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რეიტინგში ჩინეთის ქალაქები დომინირებენ. ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქალაქების სიაში პირველ ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს. ქალაქში 657 ცათამბჯენს ვხვდებით, რომელთაგან 6 „სუპერმაღალი“ ცათამბჯენია. ცნობისათვის შენობის ცათამბჯენად წოდების კრიტერიუმს მისი სიმაღლე წარმოადგენს. ცათამბჯენის ტიტულის მისაღებად შენობა 150 მეტრზე მაღალი უნდა იყოს. „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი კი ეწოდება შენობას, რომელიც 300 მეტრზე მაღალია.
ჩინეთის სამშენებლო განვითარების ტემპებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ტოპ-5-ში 3 პოზიციას, ხოლო ტოპ-10-ში 6 პოზიციას სწორედ ამ სახელმწიფოს ქალაქები იკავებენ. შესაბამისად შენჭენი, გუანჯოუ, შანხაი, ჩონქინგი და ვუჰანი სიაში მე-2, მე-5, მე-6, მე-8 და მე-10 პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი. თანაც ეს იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, შენჭენი 1970 წლამდე მეთევზეთა სოფელს წარმოადგენდა.
რეიტინგში მე-3 ადგილს, 421 ცათამბჯენით ამერიკული ქალაქი, ნიუ-იორკი იკავებს. Empire State Building-ი კი სწორედ ნიუ-იორკის და ამ ქალაქის ურბანული სახის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. თუმცა, ის მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სიაში უკვე აღარ გვხვდება. ნიუ-იორკის 421 ცათამბჯენიდან 16 „სუპერმაღალია“.
რეიტინგის ხუთეულში მოხვედრილი კიდევ ერთი არაჩინური ქალაქი დუბაი გახლავთ. დუბაიში 395 ცათამბჯენი გვხვდება, რომელთაგან 28-ც „სუპერმაღალია“. ამ კუთხით დუბაი უკონკურენტო პირველადგილოსანია. 20-ზე მეტი „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი დუბაის გარდა არცერთ სხვა ქალაქში არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოში უმაღლესი შენობა, „ბურჯ ხალიფა“ (828 მეტრი) სწორედ დუბაიში მდებარეობს.
ათეულში მე-7 ადგილს იკავებს კუალა-ლუმპური 211 ცათამბჯენით და ტოკიო 200 ცათამბჯენით. საინტერესოა ისიც, რომ ტოკიოს არცერთი „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი არა აქვს.
რეიტინგი | ქალაქი | ქვეყანა | ცათამბჯენი (>150მ) | „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი (>300მ) |
1 | ჰონგ-კონგი | ჩინეთი | 657 | 6 |
2 | შენჭენი | ჩინეთი | 513 | 16 |
3 | ნიუ-იორკი | აშშ | 421 | 16 |
4 | დუბაი | UAE | 395 | 28 |
5 | გუანჯოუ | ჩინეთი | 254 | 11 |
6 | შანხაი | ჩინეთი | 250 | 5 |
7 | კუალა-ლუმპური | მალაიზია | 211 | 5 |
8 | ჩუნცინი | ჩინეთი | 205 | 5 |
9 | ტოკიო | იაპონია | 200 | 0 |
10 | ვუჰანი | ჩინეთი | 183 | 5 |
ჩინეთში თითქმის იმდენივე ცათამბჯენი მდებარეობს, რამდენიც მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების ყველა ქალაქში ჯამურად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აზიური სახელმწიფოს ურბანული წინსვლისა და ეკონომიკური განვითარების ტემპებს.
უახლოეს მომავალში საუდის არაბეთში „ჯედას კოშკი“, მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ბურჯ ხალიფას“ ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ტიტულს ჩამოართმევს. თავის მხრივ, მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ კუალა-ლუმპურშიც.