Henley & Partners-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტ მილიონერს (ან მილიარდერს) კარგავენ. აღსანიშნავია, რომ კვლევა მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომელთა საინვესტიციო ქონება მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარია და რომლებმაც ახალ ქვეყანაში უკვე სულ მცირე ნახევარი წელიწადი გაატარეს.
მდიდართა მიგრაციის ანგარიშის თანახმად, ჩინეთს მიმდინარე წელს 13,500 ადამიანი დატოვებს. ცნობისთვის, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 10,800 შეადგინა. საკონსულტაციო კომპანიის შეფასებით, მილიონერთა გადინებით მეორე ადგილზე ინდოეთია, 6,500 ადამიანით. აღსანიშნავია, რომ ჩინეთისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით (7,500) მონაცემი შემცირებულია. მდიდართა მიგრაციით გამორჩეული ქვეყნების ჩამონათვალში მესამე პოზიციას გაერთიანებული სამეფო იკავებს 3,200 მილიონერით. მის შემთხვევაში წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 2-ჯერ არის გაზრდილი.
არც ისე სახარბიელო ვითარებაა რუსეთში – 2022 წელს ქვეყანა 8,500-მა მილიონერმა დატოვა, თუმცა წელს მდიდართა მიგრაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და 3,000-ს შეადგენს. ამ შედეგით რუსეთი Henley & Partners-ის მდიდართა მიგრაციის ანგარიშში მეოთხე ადგილს იკავებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის წლებში გლობალურად მდიდრების მიგრაცია საგრძნობლად შემცირდა. დადგინდა, რომ 2022 წელს მშობლიური ქვეყანა 84,000 მილიონერმა დატოვა – ეს დაახლოებით 24%-ით დაბალი მონაცემია 2019 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.
ნავარაუდევია, რომ 2023 წელს, მდიდართა მიგრაცია ახალ მაქსიმუმს, გლობალურად 122,000-ს ადამიანს მიაღწევს, რასაც 2024 წელს პროგნოზირებული მაჩვენებელი (128,000 ადამიანი) კიდევ უფრო გადააჭარბებს.
მდიდართა მიგრაციას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის პოლიტიკური არასტაბილურობა, პირადი თავისუფლების შეზღუდვა, ასევე საგადასახადო და ფინანსური პრობლემები. მაგალითად, უკრაინაში ომის გამო რუსეთი ათასობით მილიონერმა დატოვა, რისი მიზეზიც, ძირითადად, სანქციები, ამის ფონზე ბიზნესსაქმიანობის შეფერხება და სხვა ფინანსური პრობლემებია. რუსეთში მცხოვრები მილიონერების რაოდენობა 2021-2022 წლებში 33%-ით არის შემცირებული.
ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებსაც ყველაზე მეტი მილიონერი (ან მილიარდერი) ტოვებს, 2023 წლის მონაცემებით:
- ჩინეთი – 13,500
- ინდოეთი – 5,600
- გაერთიანებული სამეფო – 3,200
- რუსეთი – 3,000
- ბრაზილია – 1,200
- ჰონგ-კონგი (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი) – 1,000
- სამხრეთ კორეა – 800
- მექსიკა – 700
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც სამშობლოდან წასული მილიონერები სახლდებიან, 2022 წელს მიმღები ქვეყნების სიის სათავეში არაბთა გაერთიანებული საამიროები მოხვდა, წელს კი, ნავარაუდევია, რომ მის ადგილს ავსტრალია დაიკავებს. საამიროებმა 2022 წელს 5,200 ემიგრანტი მილიონერი მიიზიდა. 2023 წელს ავსტრალიის შემთხვევაშიც მსგავსი პროგნოზები კეთდება.
იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც ემიგრანტ მილიონერებს იზიდავენ, პორტუგალია და საბერძნეთიც მოხვდნენ. მათ შორისაა ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მიმდინარე წელს 2,100 მილიონერის დასახლებაა ნავარაუდევი.