ბილ და მელინდა გეიტსები ერთ-ერთი უმდიდრესი წყვილი იყო. განქორწინების დაანონსების შემდეგ მელინდა გეიტსი მილიარდერი გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ Forbes-ის გავლენიანი ქალების 2020 წლის სიაში მელინდა გეიტსი მე-5 ადგილს იკავებს. მან CNN Business-ისთან ინტერვიუში განაცხადა, თუ რომელ სფეროებზე აპირებს კონცენტრირებას მომავალი ათი წლის განმავლობაში.
ქალების გაძლიერება
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ქალების გაძლიერების საკითხზე მელინდა გეიტსი აქტიურად მუშაობს. ამისთვის მან საინვესტიციო კომპანია Pivotal Ventures-ი შექმნა. Pivotal Ventures-ის გუნდი ფოკუსირებულია საკვანძო სექტორებში მეტი ქალის დასაქმებაზე. ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში, Pivotal Ventures-ის საშუალებით, მელინდა გეიტსი ჯეფ ბეზოსის ყოფილ მეუღლე მაქკენზი სკოტთან ერთად „Equality Can’t Wait Challenge“-ის გამოწვევას შეუერთდა. აღნიშნული პროგრამა $20 მილიონს გამოყოფს საუკეთესო იდეების მქონე ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქალთა როლის გაფართოებას ხელს შეუწყობენ. მელინდას აზრით, სტრუქტურული უთანასწორობა ნებისმიერ სფეროში შესამჩნევია. 2020 წლის 8 მარტს მან განაცხადა, რომ ქალის ცხოვრება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცის.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
ცნობისთვის, მელინდა გეიტსი, Pivotal Ventures-ის ჯგუფის საშუალებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდებისთვის დახმარებას არ იშურებს. 2020 წლის ოქტომბერში მან ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდი Upswing-ი შექმნა, რომელიც ყველა რესურსს აწვდის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახალგაზრდებს ფსიქიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ ფონდი აქცენტს ფერადკანიან და LGBTQ + თემის ახალგაზრდებზე აკეთებს.
ვაქცინაცია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის ვაქცინების დამტკიცებისთანავე, მელინდა გეიტსი იმუნიზაციის აქტიურ პროპაგანდაში ჩაერთო. მელინდა აცხადებს, რომ ეკონომიკა უფრო ნელა აღდგება, სიკვდილიანობა გაიზრდება, თუ საზოგადოება ვაქცინით არ აიცრება. შეგახსენებთ, რომ ბილ და მელინდა გეიტსის ფონდმა COVID-19-ის პრევენციისთვის $1.75 მილიარდი დახარჯა.
სიღარიბე
ბილ და მელინდა გეიტსის ფონდისთვის სიღარიბის დაძლევა დიდი ხანია, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მელინდა გეიტსი აღნიშნულ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ეხება სიღარიბე ქალებს. სიღარიბესთან ბრძოლის წარმატებულ ნაბიჯად მელინდა კონტრაცეპტივების ფართო ხელმისაწვდომობას მიიჩნევს.
ანაზღაურებადი შვებულება
აღსანიშნავია, რომ მელინდა გეიტსი ანაზღაურებად შვებულებას უჭერს მხარს. Pivotal Ventures-ი მუშაობს Paid Leave for All- თან ერთად, რათა ამერიკელები მთავრობის მიერ დაფინანსებული შვებულებით უზრუნველყონ. ამისთვის კომპანიამ $65 მილიონის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.
დატოვე კომენტარი