რომელი აეროპორტებიდან გადაზიდეს ყველაზე მეტი ტვირთი 2022 წელს?

რომელი აეროპორტებიდან გადაზიდეს ყველაზე მეტი ტვირთი 2022 წელს?

ტვირთების საჰაერო გადაზიდვა აეროპორტების ბრუნვის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. საჰაერო გადაზიდვები გლობალური ეკონომიკის არა უმსხვილეს, თუმცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მთლიანმა წონამ 117 მილიონი ტონა შეადგინა.

სტატიაში იმ აეროპორტების რეიტინგს წარმოგიდგენთ, საიდანაც 2022 წელს ყველაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. მონაცემები დაფუძნებულია აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) სტატისტიკაზე.

ტვირთების გადაზიდვით ყველაზე დაკავებული აეროპორტი უკვე 28 წელია ჰონგ-კონგის აეროპორტია. 2022 წელს იქიდან 4,199,196 ტონა ტვირთი გადაიზიდა. რეიტინგში მეორე და მესამე პოზიციებს მემფისი და ალასკას აეროპორტები იკავებენ. აღნიშნულ აეროპორტებში გასული წლის განმავლობაში, შესაბამისად, 4 და 3.5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა.

ტვირთებზე და გადაზიდვებზე საუბრისას პირველი, ალბათ, ჩინეთი გვახსენდება. თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს საჰაერო ტვირთების გადაზიდვის რეიტინგის 10-ეულში ჰონგ-კონგის ჩათვლით მხოლოდ 2 ჩინური აეროპორტი მოხვდა. მეოთხე ადგილს, 2022 წელს გადაზიდული 3.1 მილიონი ტონა ტვირთით შანხაის აეროპორტი იკავებს.

მეხუთე პოზიცია კვლავ ამერიკულ აეროპორტს, ლუისვილს უკავია. მეექვსე პოზიციაზე კი სამხრეთკორეული, ინჩეონის აეროპორტი გვხვდება. ამ აეროპორტიდან გასულ წელს 2.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. მეშვიდე პოზიციაზე კი ტაივანის, ტაიპეის აეროპორტია, საიდანაც 2022 წელს 2.5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა.

მე-7 და მე-8 პოზიციებს კი კვლავ ამერიკული აეროპორტები, მაიამი და ლოს-ანჯელესი იკავებენ. გასაკვირი არაა, რომ ათეულში 5 ამერიკული აეროპორტი გვხვდება. Amazon-ი, FedEx-ი, DHL-ი, UPS-ი თუ სხვა კომპანიები ტვირთების გადასაზიდად სწორედ საჰაერო, ყველაზე სწრაფ ტრანსპორტს ირჩევენ. მაგალითად, FedEx-ი მემფისის აეროპორტში საათში 245,000 დოკუმენტსა და 180,000 ამანათს ამუშავებს.

ათეულში ბოლო პოზიციას იაპონური, ტოკიოს აეროპორტი იკავებს. 2022 წელს იქიდან 2.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა.

რეიტინგიაეროპორტიტვირთი (ტონა)
1ჰონგ-კონგი4,199,196
2მემფისი (აშშ)4,042,679
3ალასკა (აშშ)3,461,603
4შანხაი (ჩინეთი)3,117,216
5ლუისვილი (აშშ)3,067,234
6ინჩეონი (სამხრეთი კორეა)2,945,855
7ტაიპეი (ტაივანი)2,538,678
8მაიამი (აშშ)2,499,837
9ლოს-ანჯელესი (აშშ)2,489,854
10ტოკიო (იაპონია)2,399,298

საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. საჰაერო ტვირთების გადაზიდვამ პანდემიამდელ მაჩვენებელსაც გადაასწრო. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით შანხაისა და ჰონგ-კონგის აეროპორტებზე. გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო უკანასკნელ პერიოდში ტვირთბრუნვა ამ აეროპორტებში შედარებით შემცირდა. ჰონგ-კონგისთვის ტვირთების საჰაერო გადაზიდვები ეკონომიკასთან ინტეგრირებული სფეროა. ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის, ჰონგ-კონგის საგარეო ვაჭრობის 50% 2022 წელს სწორედ საჰაერო გადაზიდვებზე მოდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გადაზიდვების მთლიან წილში საჰაერო გადაზიდვებს მოწინავე პოზიცია არ უკავია, ის გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ყოველწლიურად აეროპორტებში დაახლოებით $6 ტრილიონის ღირებულების ტვირთები გადაადგილდება, რაც მსოფლიო ვაჭრობის 35%-ს შეადგენს.