ბოლო პერიოდში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას აანონსებენ. ფირმების ნაწილმა კი სამუშაო ადგილების რაოდენობა უკვე საგრძნობლად შეამცირა. მსგავსი ტენდენცია ყველაზე შესამჩნევი ტექნოლოგიურ, საცალო ვაჭრობისა და ფინანსურ სექტორებშია.
მაგალითად, წლის დასაწყისში Microsoft-მა 10,000 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა, რაც ტექნოლოგიური გიგანტის 220,000-კაციანი გლობალური გუნდის დაახლოებით 4.5%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში 18,000 სამუშაო ადგილის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო Amazon-მა. საყურადღებოა Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta Platforms-ის გათავისუფლებების სერია – ცუკერბერგის კომპანიამ გასული წლის ნოემბერში დასაქმებულთა რაოდენობა 11,000-ით შეამცირა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი დამატებით 10,000 თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, კომპანიების მხრიდან თანამშრომელთა გათავისუფლება უმეტესწილად პანდემიური ბუმის გავლენის არასათანადო შეფასებას უკავშირდება. თავად კომპანიები სამუშაო ადგილების შემცირებას ხარჯების კლების სურვილითა და აუცილებლობით ხსნიან. Layoffs.fyi-ის მონაცემებით, გასულ წელს მხოლოდ ტექნოლოგიურმა ფირმებმა საერთო ჯამში 154,843-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირეს.
აღმოჩნდნენ ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა დააანონსეს, თუმცა ეს ფირმები სხვა სექტორებს წარმოადგენენ. მაგალითად, ფარმაცევტული გიგანტი, ამერიკული Moderna, ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად 2023 წლის ბოლომდე გლობალურად დაახლოებით 2,000 თანამშრომლის დაქირავებას აპირებს. ფრანგული სამხედრო კონტრაქტორი Thales-ი კი წელს 12,000 თანამშრომელს დაიქირავებს. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი Thales-ის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნაა.
ზემოხსენებული პროცესების ფონზე ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა, მსოფლიოს რომელი კომპანიები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს. ამ კუთხით ლიდერი ამერიკული კორპორაცია Walmart-ია, რომელიც ჰიპერმარკეტების ქსელს მართავს. Walmart-ში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2,300,000 ადამიანს უტოლდება.
ამავე პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, თანამშრომელთა რაოდენობით მეორე ადგილზე ჯეფ ბეზოსის Amazon-ია, სადაც მთლიანობაში 1,541,000 ადამიანი მუშაობს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიამ იანვარში 18,000 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა. სიაში მესამე ადგილს ტაივანური Foxconn-ი იკავებს, 826,608 თანამშრომლით.
წარმოგიდგენთ ტოპ–10 კომპანიას, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებენ:
#1 Walmart – 2,300,000 თანამშრომელი
#2 Amazon – 1,541,000 თანამშრომელი
#3 Foxconn (Hon Hai Precision Industry) – 826,608 თანამშრომელი
#4 Accenture – 738,000 თანამშრომელი
#5 Volkswagen – 645,868 თანამშრომელი
#6 Tata Consultancy Services – 616,171 თანამშრომელი
#7 Deutsche Post – 583,816 თანამშრომელი
#8 United Parcel Service – 500,000 თანამშრომელი
#9 Kroger – 500,000 თანამშრომელი
#10 Home Depot – 500,000 თანამშრომელი
(რეიტინგი დაფუძნებულია Statista Research Department-ის კვლევაზე, რომელშიც 2022 წლის დეკემბრის მონაცემებია შეტანილი)