რომელი ქვეყნები განიხილავენ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას?

რომელი ქვეყნები განიხილავენ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას?

მოქნილი სამუშაო გრაფიკისადმი მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში გაიზარდა, რამაც ხელახლა განაახლა მსჯელობაც ოთხდღიანი სამუშაო კვირის უპირატესობებზე. აღნიშნული სამუშაო გრაფიკი კვირაში მხოლოდ ოთხი დღით მუშაობას ითვალისწინებს, თუმცა იმავე დატვირთვითა და ანაზღაურებით. ოთხკვირიანი სამუშაო კვირის მომხრეების მტკიცებით, მსგავსი გრაფიკით იზრდება როგორც თანამშრომელთა კმაყოფილების დონე, ასევე მათი პროდუქტიულობაც.

ბელგია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ოთხდღიანი სამუშაო კვირა ამოქმედდა. 2022 წლის თებერვალში მიღებული კანონმდებლობა ძალაში გასული წლის ნოემბერში შევიდა. მთავრობის გადაწყვეტილება დასაქმებულებს არჩევანის საშუალებას აძლევს, იმუშაონ კვირაში ოთხი ან ხუთი დღე, მათი სურვილისამებრ, ხელფასის დაკარგვის გარეშე. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ახალი მოდელი ბევრად უფრო დინამიკური ეკონომიკის შექმნას შეუწყობს ხელს.

ევროსტატის 2021 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, 20-დან 64 წლამდე ასაკის ყოველი 100 ბელგიელიდან, დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 71-ს აღწევს. აღნიშნული მაჩვენებელი ნაკლებია ევროზონის საშუალო მონაცემზე – 73 ადამიანი – და ასევე 10%-ით ჩამოუვარდება მეზობელი ქვეყნების, ნიდერლანდებისა და გერმანიის მაჩვენებელს.

ევროპის მასშტაბით, გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე საშუალო სამუშაო კვირაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, სამუშაო კვირა ქვეყანაში საშუალოდ 34.2 საათს შეადგენს. პროფკავშირები სამუშაო საათების კიდევ უფრო შემცირებასაც ითხოვენ, თუმცა ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდის.

პირველი თებერვლისთვის, გერმანიაში 45 კომპანიას აქვს დაწყებული 4-დღიანი სამუშაო კვირის დატესტვა, რაც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინიციატივა მხოლოდ იმ კომპანიებს ეხებათ, რომელთათვისაც უფრო მოკლე სამუშაო კვირასთან ადაპტირება შესაძლებელია. Forsa-ს გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში მომუშავე ადამიანების 71%-ს სურს კვირაში მხოლოდ ოთხი დღე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს. სამიდან ორი დასაქმებულიც ინიციატივის მომხრეა. თუმცა განხილული ან დაკანონებული იქნება თუ არა ეროვნულ დონეზე ინიციატივა, ჯერ უცნობია.

კონტინენტზე წარმატებული საცდელი პროგრამების შემდეგ, პორტუგალიაც იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც 4-დღიანი სამუშაო კვირის კონცეფციის განვითარებას მიესალმებიან. მთავრობის მიერ საცდელი პროგრამა გასული წლის ივნისში გამოცხადდა და მას 39 კერძო კომპანიაც შეუერთდა. სავარაუდოდ, კომპანიები „100:80:100 მოდელს“ მიჰყვებიან, რაც 100%-იანი პროდუქტიულობის შენარჩუნებითა და იმავე ანაზღაურებით, სამუშაო დროის მხოლოდ 80%-ის ათვისებას გულისხმობს.

გაერთიანებული სამეფოს კომპანიები, რომლებმაც ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექვსთვიანი ტესტირება ჩაატარეს, ახლა უკვე მის დანერგვაზე იწყებენ მუშაობას, რადგან ექსპერიმენტი „უკიდურესად წარმატებულად“ შეფასდა. საპილოტე პროგრამაზე, რომელიც 2022 წლის ივნისში დაიწყო, გაერთიანებული სამეფოს 61 კომპანია და 3,300-ზე მეტი დასაქმებული დარეგისტრირდა. მონაწილეთა დაახლოებით 92% ოთხდღიანი კვირის პოლიტიკის შენარჩუნებას პროგრამის დასრულების შემდგომაც მიესალმებოდა. პორტუგალიის მსგავსად, დასაქმებულები გაერთიანებულ სამეფოშიც, სავარაუდოდ „100:80:100 მოდელს“ მიჰყვებიან.

შოტლანდიის მთავრობამ დაადასტურა, რომ 140-მდე საჯარო მოხელემ დაიწყო მუშაობა 32-საათიანი სამუშაო გრაფიკით – ანაზღაურების დაკარგვის გარეშე, რათა ქვეყანაში ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვის შესაძლებლობა შეისწავლონ. საჯარო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (IPPR) მიერ ჩატარებული გამოკითხვით, იდეის მომხრეთა რაოდენობა 80%-ს აღწევს. რესპონდენტების განცხადებით, გრაფიკი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერების ხარისხს.

2023 წლის 24 იანვარს, უელსის პარლამენტმა მთავრობას ოთხდღიანი სამუშაო კვირის დატესტვა შესთავაზა, რის შემდეგაც, ქვეყანაში ინიციატივის მხარდამჭერი  მოწოდებები გახშირდა. უელსის მთავრობა ამჟამად საპილოტე პროგრამის დანერგვას განიხილავს. გასული წლის მაისში, საჯარო სექტორებში 4-დღიანი გრაფიკის დატესტვას მხარი „მომავალი თაობების კომისრის“ მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაუჭირა.

2022 წლის დეკემბერში ესპანეთის მთავრობამ გაითვალისწინა მათი მემარცხენე მოკავშირეების მოწოდება 4-დღიანი სამუშაო კვირის საპილოტე პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესი სამუშაო კვირას მინიმუმ ნახევარი დღით შეამცირებს, ხელფასების კლების გარეშე. პროგრამაში მონაწილეებს €10-მილიარდიანი სამთავრობო ფონდისგან დახმარების მიღებაც შეუძლიათ.

მთავარია, კომპანიებმა შეიმუშაონ პროდუქტიულობის ზრდის გზები, რაც დააკომპენსირებს ხელფასის ხარჯის გადაჭარბებას. ეს მიზანი ერთი წლის განმავლობაში უნდა იქნას მიღწეული, თუმცა კომპანიები პროგრამაში ორი წლით უნდა დარჩნენ.

2015-2019 წლებში ისლანდიამ ყველაზე დიდი საპილოტე პროგრამა ჩაატარა, 35-36-საათიანი სამუშაო კვირით. სატესტო ფაზაში 2,500-მდე პირი მონაწილეობდა. საპილოტე პროგრამა წარმატებულად შეფასდა და ისლანდიის პროფკავშირებმაც სამუშაო საათების შემცირებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. შედეგად, დასაქმებულთა 90% ახლა ისლანდიაში შემცირებულ საათებზე მუშაობს, რაც, მათივე კვლევით, სტრესის შემცირებას უწყობს ხელს და ცხოვრება-მუშაობის ბალანსსაც აუმჯობესებს.

შვედეთში რვის მაგივრად ექვსსაათიანი სამუშაო დღის დანერგვის იდეას ორაზროვანი დამოკიდებულება მოჰყვა, ძირითადად საპილოტე პროგრამის განხორციელების მაღალი ხარჯის გამო. თუმცა დადებითი შედეგები დაფიქსირდა საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ორთოპედიულ განყოფილებაში, რომელმაც 80 ექთანი და ექიმი გადაიყვანა 6-საათიან გრაფიკზე და დარჩენილი დროის ასანაზღაურებლად ახალი პერსონალი დაიქირავა.

შემცირებული სამუშაო საათები შეინარჩუნა Toyota-მ. ავტომწარმოებელმა გადაწყვეტილება 10 წლის წინ მიიღო და მის ერთგულად რჩება.

იაპონიაში მთავრობამ ცხოვრება-სამუშაო ბალანსის გასაუმჯობესებლად, გეგმა 2021 წელს წარადგინა. მოწოდებას ძირითადად მსხვილი კომპანიები შეუერთდნენ. იაპონიაში პერსონალი დამატებით საათებზეც მუშაობს, რაც თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებისა და გადაჭარბებული მუშაობით გამოწვეული დაავადებების ზრდას უწყობს ხელს.

2019 წელს Microsoft-მა 3-დღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტული მოდელი დატესტა, რამაც პროდუქტიულობა ორგანიზაციაში 40%-ით გაზარდა და ბევრად ეფექტიან სამუშაო გარემოშიც აისახა. სრული ანაზღაურებით, ოთხდღიანი სამუშაო გრაფიკის სატესტო პროგრამაშია ჩართული Unilever-ის 81 თანამშრომელი ახალ ზელანდიაში.

Qualtrics-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში დასაქმებულთა 92% მხარს უჭერს შემცირებულ სამუშაო კვირას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სამუშაო საათების გაზრდას გულისხმობს. გამოკითხულები, მიღებულ ბენეფიტებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდას ასახელებენ. ოთხიდან სამი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ იმავე რაოდენობის სამუშაოს შესრულება ოთხ დღეშიც შესაძლებელია.