ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2019 და 2020 წლებში საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ბანკის განახლებული შეფასებით, საქართველოში მშპ-ს ზრდა აღმოსავლეთ ევრიპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.
„საქართველოს ეკონომიკა ძლიერი ეკონომიკური ზრდის გზას ადგას. 2018 წელს ქვეყანაში ზრდის მთავარი მამოძრავებელი სავაჭრო ბრუნვა და საფინანსო სექტორი იყო.
კვლავ გრძელდება ტურიზმის სექტორის ზრდა და თუკი 205-2017 წლებში ტურიზმის და მასთან არსებული სერვისების წილი ქვეყნის მშპ-ში საშუალოდ 7.3% იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 8.1%-მდე გაიზარდა. თუმცა მცირდება ზრდა მშენებლობის სექტორში. 2013 წლის შემდეგ პირველად, სექტორში ვარდნა 3.1% იყო“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან EBRD აღნიშნავს, რომ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების ფონზე იზრდება ქვეყნის ექსპორტიც.
„მიუხედავად ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში 2017 წელთან შედარებით, 34.9%-ით შემცირდა და ხუთწლიან მინიმუმზე დაფიქსირდა – მშპ-ს 7.3%. FDI-ის შემცირება ქვეყანაში ერთის მხრივ სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობის დასრულებას, მეორეს მხრივ კი კომპანიების რეზიდენტ მფლობელობაში გადასვლას უკავშირდება. მიუხედავად შემცირებისა, FDI კვლავ რჩება საქართველოში სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროდ“, – ნათქვამია EBRD-ის ანგარიშში.
ბანკის პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკები 2019 წელს შემდეგნაირად გაიზრდება:
სომხეთი – 4.5%
აზერბაიჯანი – 3.5%
ბელარუსი – 2%
მოლდოვა – 3.5%
უკრაინა – 2.5%
რუსეთი – 1.5%
ყაზახეთი – 3.5%
ყირგიზეთი – 3.6%
თურქმენეთი – 6.3%
უზბეკეთი – 5%
რაც შეეხება ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, ყველაზე მაღალი ზრდა – 4.1% პოლონეთშია მოსალოდნელი, მას მოსდევს სლოვაკეთი 3.6%-იანი ზრდით და სლოვენია 3.5%-იანი ზრდით.
EBRD-ის ქვეყნებს შორის, ბანკს ყველაზე ნეგატიური პროგნოზი თურქეთისთვის აქვს. გასულ წელს ქვეყნის ეროვნული ვალუტა 29%-ით გაუფასურდა დოლარის მიმართ, წლიური ინფლაცია ოქტომბერში 15 წლიან მაქსიმუმზე – 25%-ზე დაფიქსირდა, შედეგად კი გასული წლის მეორე ნახევარში ქვეყანის ეკონომიკამ რეცესია განიცადა. ბანკი ზრდას არც 2019 წელს პროგნოზირებს და ელოდება რომ ეკონომიკის შემცირება 1%-ის ფარგლებში იქნება.
დატოვე კომენტარი