გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-მა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების, F-16-ების გადაცემას მწვანე შუქი საბოლოოდ აუნთო. აშშ-მა მოკავშირეებს ნება დართო საკუთარ ბალანსზე არსებული სხვადასხვა მოდიფიკაციის F-16-ები უკრაინაში გაგზავნონ.
ცნობილი გახდა, რომ პირველ პარტია 42 ერთეულ F-16 ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებელს უკრაინა ნიდერლანდებისაგან მიიღებს. ნიდერლანდების შემდეგ უკრაინისათვის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ დანიამაც განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, დანია უკრაინას დამატებით 19 ერთეულ F-16-ს მიაწვდის.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ამერიკული გამანადგურებლების მისაღებად ყველაფერი მზადაა. აღნიშნული ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები სათანადო ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკას საჭიროებს.
უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებსა და დანიას ესტუმრა და ქვეყნების ლიდერებისაგან აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად მოისმინა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოდიფიკაციის F-16-ებზეა საუბარი. ნიდერლანდებს შეიარაღებაში F-16A და F-16B ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის გამანადგურებლები ჰყავს. ზოგიერთი მათგანი მოძველებულ, ზოგიერთი კი შედარებით თანამედროვე ტექნოლოგიას ფლობს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინული საბჭოთა საავიაციო პარკის გასაახლებლად ამერიკული გამანადგურებლების მიწოდება უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
რომელი ქვეყნები შეუერთდებიან ნიდერლანდებისა და დანიის რიგებს ჯერჯერობით უცნობია.
დატოვე კომენტარი