ISET 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მშპ-ს 3.4%-ით ზრდას პროგნოზირებს. კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, 2017 წელს ქვეყნის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი ბოლო 5 წელში ყველაზე მაღალი იყო, რასაც ხელი შეუწყო ერთის მხრივ გაზრდილმა ექსპორტმა და მეორეს მხრივ შიდა ფაქტორებმა.
რეგიონის ქვეყნებიდან, გასულ წელს ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო სომხეთის ეკონომიკის ზრდა – 7.7%. შედარებისთვის, 2016 წელს სომხეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა.
რუსეთში მშპ-ს წლიურმა ზრდამ 1.5% შეადგინა.
რეცესიიდან გამოვიდა აზერბაიჯანიც და ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 0.1%-ით გაიზარდა. ჯერ-ჯერობით დაზუსტებული მონაცემი თუ რამდენით გაიზარდა თურქეთის ეკონომიკა, 2017 წელს, გამოქვეყნებული არაა, თუმცა მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზით თურქეთის მშპ-ს ზრდის ტემპი 2017 წელს 6.7% იყო.
ISET მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი გაზრდილი სამომხმარებლო ფასების ინდექსი იყო. თავის მხრივ ინფლაციის მატების მიზეზად, გარკვეულ პროდუქტებზე გაზრდილი აქციზური გადასახადი და მსოფლიოში ნავთობის ფასის მატება სახელდება.
დეკემბერში საქართველოდან ექსპორტი წლიურად 49%-ით გაიზარდა. „სავაჭრო სტატისტიკის გაუმჯობესება უმეტესად რეგიონში უკეთეს ეკონომიკურ მაჩვენბლებს უკავშირდება. ასევე ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა ჩინეთმაც. გაიზარდა თამბაქოს ექსპორტიც. ერთადერთი პროდუქტი, რომლის ექსპორტის დეკემბერში შემცირდა თხილი იყო“, – განმარტავენ ISET-ში. ამასთან, ISET მიუთითებს, რომ საჭიროა მეტი დაკვირვება სამომხმარებლო კრედიტების ზრდაზე, რამაც შესააძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს, როგორც საბანკო სისტემაზე, ასევე გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე.
დატოვე კომენტარი