ორშაბათს დილით Amazon Web Services-ს კავშირის პრობლემები შეექმნა, რამაც პოპულარული აპლიკაციებისა და ვებსაიტების მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
AWS-ის ბლოგპოსტის მიხედვით, აღმოსავლეთის დროით დაახლოებით 10:14-ზე დაფიქსირდა „მნიშვნელოვანი API-შეცდომები“, რომლებმაც კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ზონაში — US-EAST-1 რეგიონში — სერვისების მუშაობა შეაფერხა. 11:43 საათზე გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ მან „შეამცირა“ პრობლემების წყარო და აქტიურად მუშაობდა შეფერხებების სრულ აღმოფხვრაზე.
მონიტორინგის ონლაინპლატფორმა Downdetector-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში პრობლემების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. მისივე ცნობით, მხოლოდ 12:00 საათისთვის 8,200-ზე მეტი შემთხვევა იყო აღრიცხული.
Downdetector-ის მომხმარებლები იუწყებოდნენ შეფერხებებზე ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა Reddit-ი, Snapchat-ი, Ring-ი და Amazon-ის ვებსაიტი. გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა ფინანსურ სერვისებშიც — Venmo-ს შემთხვევაში 5,500-ზე მეტმა მომხმარებელმა შენიშნა ხარვეზი. Coinbase-ი, რომელიც დილის გათიშვებით დაზარალდა, დღის მეორე ნახევარში თითქმის სრულად აღდგა.
Downdetector-ის მშობელი კომპანიის, Ookla-ს წარმომადგენელმა ამერიკულ Forbes-ს განუცხადა, რომ 12:45 საათისთვის პლატფორმაზე დაფიქსირდა 11.3 მილიონზე მეტი მომხმარებლის შეტყობინება, რომლებიც AWS-ის გათიშვასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის, აღირიცხა 2,500-ზე მეტი კომპანია.
Amazon Web Services-ი ინტერნეტსივრცეში ღრუბლოვანი სერვისების ერთ-ერთი უდიდესი პროვაიდერია. ის უზრუნველყოფს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ათასობით სხვა ონლაინ-კომპანიისთვის და კონკურენციას უწევს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Microsoft-ის Azure-ი და Google Cloud-ი.