რომელმა ქვეყნებმა აკრძალეს TikTok-ი და რატომ?

რომელმა ქვეყნებმა აკრძალეს TikTok-ი და რატომ?

TikTok-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და პლატფორმის ჩინეთის ხელისუფლებასთან სავარაუდო თანამშრომლობის გამო ბოლო პერიოდში შეშფოთებას ბევრი ქვეყანა გამოთქვამს. სახელმწიფო, რომელიც ამჟამად ზემოხსენებული მიზეზით TikTok-ის სრულად აკრძალვას განიხილავს, ამერიკის შეერთებული შტატებია. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, თუ TikTok-ის ჩინური მფლობელი ByteDance-ი აპლიკაციას არ გაყიდის, ქვეყანაში მისი გამოყენება აიკრძალება.

კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შესახებ ეჭვების გამო ჩინური პლატფორმის გამოყენება ფედერალური მთავრობის მოწყობილობებზე ბოლოს ავსტრალიამ აკრძალა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრიტანეთმა და ახალმა ზელანდიამ – რომლებიც ავსტრალიასთან ერთად შედიან ე.წ. “ხუთი თვალის” დაზვერვის საპარტნიორო ჯგუფში – TikTok-ის წინააღმდეგ მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგეს.

TikTok-ს ბრალს დებენ, რომ ის სხვა სოციალურ მედიებთან შედარებით მომხმარებლების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებს, თუმცა მისი წარმომადგენლები აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ. პლატფორმის მფლობელი Bytedance-ის მტკიცებით, TikTok-ი დამოუკიდებლად იმართება და ჩინეთის მთავრობას მონაცემებს არ უზიარებს. ამის მიუხედავად, ქვეყნების ნაწილი თავს იზღვევს და საფრთხის თავიდან ასარიდებლად სხვადასხვა გზას მიმართავს.

წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებმაც დააანონსეს ან ნაწილობრივი თუ სრულად აკრძალეს TikTok-ი:

ავსტრალია

2023 წლის 4 აპრილს, ავსტრალიამ უსაფრთხოების მიზნით ფედერალური მთავრობის საკუთრებაში არსებული მოწყობილობით TikTok-ის აპლიკაციის გამოყენება აკრძალა.

გენერალური პროკურორის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პლატფორმა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას რისკის ქვეშ აყენებს. გენერალურმა პროკურორმა, მარკ დრეიფუსმა მაშინ წერილში განაცხადა, რომ დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოების რჩევებზე დაყრდნობით, აკრძალვა ძალაში შევა “როგორც კი შესაძლებელი იქნება”.

ესტონეთი

გასული წლის მარტის ბოლოს, ესტონეთის IT და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, კრისტიან იარვანმა ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ TikTok-ი აიკრძალება სახელმწიფოს მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემული სმარტფონებისთვის. თუმცა Eesti Päevaleht-თან საუბრისას მინისტრმა ისიც დასძინა, რომ, თუ საჯარო მოხელე სამსახურში ყოფნისას პირად ტელეფონს გამოიყენებს, ეს წესის დარღვევად არ განიხილება.

გაერთიანებული სამეფო

2023 წლის 16 მარტს, ოლივერ დოუდენმა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კაბინეტის ოფისში, განაცხადა აპლიკაციის დაუყოვნებელი აკრძალვის შესახებ მთავრობის ოფიციალურ მოწყობილობებზე.

აკრძალვა ეფუძნება გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეიძლება არსებობდეს რისკი მთავრობის სენსიტიურ მონაცემებზე წვდომის და გარკვეული პლატფორმების მიერ მის გამოყენებასთან დაკავშირებით“.

ევროკავშირის ინსტიტუტები

ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ, EU-ს სამმა მთავარმა ორგანომ, TikTok-ზე პერსონალის მოწყობილობებით წვდომა აკრძალა, მოტივად კი კიბერუსაფრთხოების რისკი დაასახელა.

ევროპარლამენტის აკრძალვა ძალაში გასული წლის 20 მარტს შევიდა. მან ასევე „მტკიცე რეკომენდაცია“ მისცა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც წაშალონ.

საფრანგეთი

2023 წლის 24 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ 2.5 მილიონი საჯარო მოხელის სამსახურის ტელეფონებზე აკრძალა ისეთი აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა TikTok-ი, Netflix-ი და Instagram-ი. აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მოხელეთა პირად მოწყობილობებს არ ეხება.

ნიდერლანდები

ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა მთავრობის ტელეფონებში „აგრესიული კიბერპროგრამის მქონე ქვეყნების“ აპლიკაციების გამოყენებაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარია TikTok-ზე. სამინისტროს თქმით, ითვალისწინებს ეროვნული სადაზვერვო სააგენტო AIVD-ის შეფასებას, რომელმაც განაცხადა, რომ აპლიკაციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა და ირანი, “ჯაშუშობის გაზრდილ რისკს” შეიცავს.

ნორვეგია

გასული წლის 23 მარტს, ნორვეგიის პარლამენტმა Tiktok-ის გამოყენება სამსახურის მოწყობილობებზე აკრძალა. ნაბიჯი მოჰყვა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს გაფრთხილებას, რომ აპლიკაცია არ უნდა დაინსტალირდეს ტელეფონებზე, რომლებიც გაცემულია მთავრობის თანამშრომლებისთვის.

საჯარო მოხელეებს კვლავ შეუძლიათ TikTok-ის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, თუმცა მხოლოდ იმ მოწყობილობებზე, რომლებიც მთავრობის ქსელთან დაკავშირებული არ არის.

ბელგია 

გასული წლის 10 მარტს, ბელგიამ განაცხადა, რომ აკრძალავს TikTok-ით სარგებლობას მოწყობილობებით, რომლებსაც ქვეყნის ფედერალური მთავრობა ფლობს. მიზეზად კი კიბერუსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და დეზინფორმაციის შესახებ რისკები დაასახელა.

დანია

გასული წლის 6 მარტს, დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “აკრძალავს აპლიკაციის გამოყენებას ოფიციალურ მოწყობილობებზე” კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა, რომელიც დანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილია, TikTok-ით ჯაშუშობის რისკი გამოავლინა.

აშშ

მიმდინარე წლის 13 მარტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, თუ TikTok-ის ჩინური მფლობელი ByteDance-ი აპლიკაციას არ გაყიდის, ქვეყანაში მისი გამოყენება აიკრძალება. თუმცა კანონპროექტი სენატმაც უნდა დაამტკიცოს. ორივე პალატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს.

აღსანიშნავია, რომ შტატების ნახევარზე მეტმა უკვე აკრძალა TikTok-ი სამთავრობო მოწყობილობებზე მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით, ხოლო აშშ-ის მთავრობამ სააგენტოებს მისცა ვადა, რათა ფედერალური მოწყობილობებიდან და სისტემებიდან ჩინური აპლიკაცია წაეშალათ.

კანადა

2023 წლის 28 თებერვალს, კანადამ განაცხადა, რომ კრძალავს TikTok-ს მთავრობის ყველა მოწყობილობაზე. ამის მიზეზად კი დასახელდა ის, რომ აპლიკაცია წარმოადგენს „მიუღებელ“ რისკს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოებისთვის.

ახალი ზელანდია

გასული წლის 17 მარტს, ახალმა ზელანდიამ განაცხადა, რომ TikTok-ი აიკრძალება მთავრობის კანონმდებლების მობილურ ტელეფონებზე. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად დიდი ბრიტანეთი, აკრძალვა არ ეხება ყველა სამთავრობო პერსონალს და ის ზემოქმედებას მოახდენს მხოლოდ 500-მდე ადამიანზე.

ინდოეთი

2020 წელს ინდოეთმა დააწესა აკრძალვა TikTok-ზე და ათობით სხვა ჩინურ აპლიკაციაზე, მათ შორის WeChat-ზე, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო. აკრძალვა მას შემდეგ დაწესდა, რაც ინდოეთისა და ჩინეთის ჯარებს შორის ჰიმალაის სადავო საზღვარზე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

ტაივანი

2022 წლის დეკემბერში, ტაივანმა დააწესა TikTok-ის აკრძალვა საჯარო სექტორისთვის მას შემდეგ, რაც FBI-მ ქვეყანა გააფრთხილა, რომ ეს აპლიკაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.

სამთავრობო მოწყობილობებზე არ აქვთ უფლება გამოიყენონ ჩინური წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა და აპლიკაციები, მაგალითად, როგორიცაა TikTok-ი, Douyin-ი და Xiaohongshu-ი.

პაკისტანი 

პაკისტანის ხელისუფლებამ 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული TikTok-ი სულ მცირე ოთხჯერ აკრძალა შეშფოთებით, რომ აპლიკაცია ამორალურ კონტენტს ავრცელებს.

ავღანეთი

ავღანეთის სათავეში მყოფმა თალიბანმა 2022 წელს TikTok-ი და თამაში PUBG ახალგაზრდების „შეცდომისაგან“ დაცვის მოტივით აკრძალა.