jobs.ge-დან დაწყებულმა თითქმის ოცწლიანმა კარიერულმა ზრდამ მულტინაციონალურ კომპანიაში, რომელმაც რეგიონის ოთხი ქვეყნის უმსხვილესი მოთამაშის მართვამდე მიიყვანა, კახა ბენიძეს ბიზნესში წარმატების მთავარი ფორმულა ასწავლა: უნდა იცოდე, როდის გადადგა ნაბიჯი უკან მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტა ხანში ორი ნაბიჯის წინ გადადგმა შეძლო.
თამბაქოს გლობალური ინდუსტრია ყოველწლიურად 5.6 ტრილიონ სიგარეტს ყიდის და ჯამში 450-500 მილიარდ გირვანქა სტერლინგად ანუ დაახლოებით 700 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მომხმარებლის მოთხოვნები სწრაფად იცვლება და მათთვის ფეხის აწყობა ხშირად ინოვაციურ მიდგომებს და ასევე სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. გლობალურ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ ძველი ილეთები – მაგალითად, პროდუქტის ფასი – საკმარისი პირობა აღარ არის.
“მულტინაციონალურ კომპანიაში მუშაობა jobs. ge-ს მეშვეობით დავიწყე. თუ დამიჯერებთ –ასეა”, – ასე იწყებს Forbes-ის მკითხველისთვის თავის გაცნობას კახა ბენიძე, British American Tobacco-ს გენერალური დირექტორი, რომელიც ამ ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს მართავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში, სომხეთსა და სულ ცოტა ხანია, რაც ასევე – მოლდოვაში.
ერთმანეთს British American Tobacco-ს ოფისში ვხვდებით. ორი რამ იპყრობს ყურადღებას: აქცენტი ბაზრის მონაცემებზე, რომლებიც სპეციალურ ამონათებულ დაფებზეა წარმოდგენილი და ბევრი შუშა – როგორც ერთგვარი ხაზგასმა იმისა, რომ კომპანია გამჭვირვალედ იმართება და აქ დასამალი არაფერია. ოფისი BAT-ის ვებგვერდზე დეკლარირებულ პრინციპებს სრულად მორგებულია: მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, თანამშრომლების კეთილდღეობის დაცვა და მათი მოსაზრებების მოსმენა – ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობს მულტინაციონალური კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ამ კომპანიაში მოხვედრა და ამხელა კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრება ადვილი საქმე არ ყოფილა. “მხოლოდ გასაუბრებით არ შემოიფარგლნენ. იმდენი ტესტი ჩავაბარე, სამი თვის შემდეგ დამიკავშირდნენ, – ღიმილით იხსენებს ბენიძე. – უკვე დავიწყებული მქონდა ამ ვაკანსიის შესახებ, მოქმედ სამსახურში კი დატვირთული ვიყავი. ხვალ მოდითო, რომ მითხრეს, ვუპასუხე, დაკავებული ვარ და თუ გაინტერესებთ, ერთ კვირაში შევხვდეთ და დავილაპარაკოთ-მეთქი. ერთ კვირაში მივედი და ამიყვანეს”.
როგორც თვითონ ამბობს, სამუშაოს უდიდეს დროს ჰაერში ატარებს – ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავს იმისთვის, რომ ბიზნესი მართოს და ნელ-ნელა დროის დეფიციტიც ემატება: “ჯერჯერობით დღეში 24 საათი მყოფნის, თუმცა საათების რაოდენობას სიამოვნებით გავზრდიდი”, – ამბობს ბენიძე.
British American Tobacco-ს საქართველოს ოფისი ოთხივე ქვეყანაში 200 ადამიანს ასაქმებს. დასაქმება ბაზრების სიდიდისა და პრიორიტეტების პროპორციულია: ყველაზე დიდი ბაზარი აზერბაიჯანშია, მას მოსდევს საქართველო, შემდეგ მოლდოვა და ბოლოს – სომხეთი. “მიმდინარე წელს BAT- კავკასია კიდევ უფრო გაიზარდა. მმართველობაში მოლდოვა შემოგვემატა. უკვე აქტიურად შევუდექით როგორც კონკრეტულად ჩვენი სექტორის, ისე ზოგადად მოლდოვის ბიზნესგარემოს შესწავლას”.
კახა ბენიძის დაკვირვებით, რეგიონის ამ ქვეყნებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. “მთავარ მსგავსებად დავასახელებდი ყველასთვის საერთო საბჭოთა ისტორიას, – ამბობს ბენიძე. – თუმცა განსხვავება მაინც დიდია. მომხმარებლის ქცევა, გემოვნება და მოტივაცია ოთხივე ქვეყანაში სხვადასხვაა”.
BAT-ის ანალიზით, ამ ბაზრებს ერთი რამ აერთიანებს: ყველა განვითარებადია და შესაბამისად – თამბაქოს ინდუსტრიისთვის ყველაზე მიმზიდველიც. კომპანია ვარაუდობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მწეველები სულ უფრო ნაკლებ სიგარეტს მოიხმარენ და პროცენტულად, მოსახლეობების სულ უფრო ნაკლები ნაწილი მოწევს. ამ შემცირების უდიდესი წილი კი განვითარებულ ქვეყნებზე მოვა: ტენდენცია უკვე დაწყებულია – განვითარებულ ბაზრებზე სიგარეტის გაყიდვები წლიდან წლამდე მცირდება. განვითარებად ბაზრებზე კი, ძირითადად იმის გამო, რომ აქ ეკონომიკისა და მოსახლეობის ზრდაც უფრო მაღალია, სიგარეტიც უფრო მეტი რაოდენობით იყიდება.
კახა ბენიძის თქმით, გლობალური ბაზრის მახასიათებლების ასეთი დინამიკურობიდან გამომდინარე, მულტინაციონალური კომპანიის მართვა და გლობალურ ბაზარზე კონკურენტულობის შენარჩუნება წარმოუდგენელი და შეუძლებელიც კი იქნებოდა, რომ არა გამართული სისტემა, რომელიც მუშაობს. ამ სისტემას კახა ბენიძე აღწერს, როგორც ვერტიკალურ- ჰორიზონტალურს. ეს მიდგომა თანამშრომლებთან მის ურთიერთობასაც ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩქარი სამუშაო ტემპის გამო, დღის რუტინის აღწერა უჭირს, ერთი რამ ყოველდღე მაინც უცვლელი რჩება: “სამსახურში რომ მოვდივარ ყველას, თითოეულ თანამშრომელს ვესალმები და როცა მივდივარ, ყველას გულთბილად ვემშვიდობები. ამას ვაკეთებ გულით და მეტი დრო რომ მქონდეს, თანამშრომლებთან ურთიერთობას მეტს დავუთმობდი – კომუნიკაცია მნიშვნელოვანია”.
ბიზნესის წარმოების პროცესში კომუნიკაციას არა მხოლოდ სამსახურში, მის გარეთაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამბობს, რომ, როგორც ბაზრის მოთამაშეს, ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ უჭირს. მისი თქმით, ინდუსტრია ყველა ძირითად გადაწყვეტილებაში ან უშუალოდ არის ჩართული, ან – ინფორმაცია აქვს. ამის მაგალითად კახა ბენიძეს აქციზის გადასახადი მოჰყავს. “ხელისუფლებამ რამდენიმე წელზე გაწერა თავისი პოლიტიკა აქციზთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ყოველწლიურად გაიზრდება ეს გადასახადი. გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობა გვაქვს და, შესაბამისად, გაგებით ვეკიდებით”, – ამბობს ბენიძე და იმ უახლეს ინფორმაციასაც ეხმაურება, რომელიც მედიაში დღეს ყველაზე აქტუალურია და გარკვეულ ადგილებში თამბაქოს მოწევის შესაძლო აკრძალვას გულისხმობს. BAT-კავკასიისა და მოლდოვის გენერალური დირექტორის თქმით, ეს რეგულაციები კანონში დღემდეც არსებობდა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ სრულდებოდა, რადგან არცთუ პოპულარული თემა იყო. “თუმცა ბიზნესმა ყოველთვის იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა”, – ამბობს ბენიძე. მისივე თქმით, მულტინაციონალური კომპანიის ერთ- ერთი უპირატესობა ის არის, რომ სხვა ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას წინასწარ ითვალისწინებს: “ის შეზღუდვები, რაც დღეს ამ ბაზარზე იგეგმება, ბევრ ქვეყანაში უკვე შემოღებულია”.
მას, როგორც მსხვილი კომპანიის აღმასრულებელს, მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა პირდაპირ ეხება – ეს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედება და, შედეგად, მოგების გადასახადის შემცირებაა. ამ ინიციატივას კახა ბენიძე უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს: მისი თქმით, ის, რომ საქართველო დღეს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებს, დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში გადასახადების რაოდენობა შემცირდა და განაკვეთებიც ბევრ ქვეყანასთან შედარებით კონკურენტულია. “საქართველო, ამ რეფორმების გამო, უცხოური ინვესტიციებისთვის უფრო გახსნილი და მიმზიდველია, რაც ხელს უწყობს დასაქმებას, ასევე – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ხელშემწყობ ფაქტორებს შორისაა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაც”, – ამბობს კახა ბენიძე და ქვეყნის წარმატების დასტურად მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგი, Doing Business-ი მოჰყავს: ბოლო მონაცემებით, საქართველო 189 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზეა.
კახა ბენიძის დაკვირვებით, საქართველოს პროგრესი ამ კუთხით სამაგალითოა: “უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანმა 2015 წელს განხორციელებული რეფორმების მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა რეიტინგი. იმედია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით, საქართველოც, ამავდროულად, გააგრძელებს არჩეული კურსით სვლას, რაც ზოგადად კავკასიის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს კი ყველას ინტერესში შედის”.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე კონკურენციას, ამბობს, რომ ბევრი მოთამაშეა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, უფრო – პირიქით: “რაც უფრო ღია იქნება ბაზარი და რაც უფრო მეტი მოთამაშე ჩაერთვება, მით უკეთესი იქნება ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის, თითოეული მომხმარებლისთვის და თვითონ ბიზნესისთვისაც”.
BAT-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად კახა ბენიძე ინოვაციურ პროდუქტებს მიიჩნევს. ბაზარზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ ამ ტიპის პროდუქტების განვითარება სწრაფი ტემპებით ხდება. საერთაშორისო ევრომონიტორის მონაცემებით, 2015 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წინა წელთან შედარებით, ელექტრონული სიგარეტის გაყიდვები $3.9 მილიარდიდან $6.1 მილიარდამდე გაიზარდა. ბაზრის მოთამაშეები ამ მაჩვენებლის ზრდას 2020 წლის ჩათვლით პროგნოზირებენ.
ამ კონკურენტულ რეალობაში BAT-ი ისეთი პროდუქციით იგებს, რომელსაც სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. ერთ- ერთი ასეთი უახლესი პროდუქტი – ნიკოტინის შემსუნთქველია, რომელიც თამბაქოს მოხმარების გარეშე აკმაყოფილებს ნიკოტინზე მოთხოვნას. ის ჯერ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე გამოჩნდება – 2016 წლის ბოლოდან, თუმცა, როგორც კახა ბენიძე გვეუბნება, კომპანიამ შესაძლოა, ახალი პროდუქტი საქართველოშიც შემოიტანოს. “ბევრ სხვა კომპანიასაც აქვს მსგავსი პროდუქტები, მაგრამ BAT-ი გახდა თამბაქოს პირველი კომპანია, რომლის პროდუქტიც ლიცენზირებულია, როგორც მედიკამენტი. ამას ადასტურებს გაერთიანებული სამეფოს ფარმაცევტული დარგის შესაბამისი მარეგულირებელიც. nicotine inhaler-ი. Voke-ი პირველი პროდუქტია მსოფლიოში, რომელიც წამლად აღიარეს და ის ყოველთვის პირველი იქნება”, – განმარტავს BAT-ის გენერალური დირექტორი.
Voke-ი BAT-ისთვის პირველი ინოვაციური პროდუქტი არ არის. 2015 წელს კომპანიამ რუმინეთში წარმოადგინა თავისი პირველი თამბაქოს გამაცხელებელი – glo iFuse. კომპანია ასევე განაგრძობს სხვა ინოვაციური მიგნებების დამუშავებას, რომელთაც მომხმარებელი 2016 წლიდან გაიცნობს.
კახა ბენიძის თქმით, მომხმარებლისთვის მუდმივად მზარდ და ტრანსფორმირებად მოთხოვნებზე მორგებული, ინოვაციური და ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება კომპანიისთვის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიის ამოსავალი წერტილია.
თუმცა საბოლოო მიზნის მისაღწევად – BAT-ი იყოს მოგებიანი და მზარდი კომპანია – მხოლოდ ამ პირობის შესრულება საკმარისი არ იქნება: “კომპანიამ თავის ერთგულ თანამშრომლებს უნდა შეუქმნას საუკეთესო სამუშაო გარემო, კონკურენტული პირობები და საერთაშორისო კარიერის მშენებლობის საუკეთესო შესაძლებლობა”. კახა ბენიძის შემთხვევაში BAT-იმ ყველა ეს პირობა შეასრულა. “როდესაც კომპანია გაძლევს თავისუფლებას, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და მცირე შეცდომების დაშვების არ გეშინოდეს, ეს არის საუკეთესო პირობა, რაც კი შეიძლება სამსახურმა შემოგთავაზოს”, – ამბობს ბენიძე.
სანამ გენერალური დირექტორი გახდებოდა, კარიერული კიბის თითქმის ყველა საფეხური გაიარა. მისი გადმოსახედიდან, წარმატების მიღწევაში ყველაზე მეტად სამი თვისება დაეხმარა: მიზანსწრაფულობა, ლოიალობა და უნარი, გაავლოს დამაკავშირებელი ხაზები იმ მოვლენებს შორის, რომელთაც თითქოს არაფერი აქვთ საერთო, რათა მიიღოს ერთიანი სურათი და წინასწარ გათვალოს, რა შედეგი შეიძლება დადგეს მომავალში.
“ზოგადად ამ ბიზნესს ახასიათებს მაღალი დინამიკურობა, შესაბამისად, მასში მომუშავე ხალხიც და თვით სამუშაო გარემოც იმავე ანტურაჟის მატარებელია. რაც შეეხება გამოწვევებს, სამსახურებრივი აღმასვლის სხვადასხვა ეტაპზე, არ მეგულება მოცემულობა, სადაც გამოწვევა არ არსებობს”, – ამბობს ბენიძე და ხაზს უსვამს კიდევ ერთ მთავარ თვისებას: “ძალიან მეხმარება უნარი – ზუსტად შევაფასო ჩემი შესაძლებლობები და მოლოდინი. სწორედ მათ შესაბამისად ვსახავ ჩემი კარიერული განვითარების მოკლე-თუ გრძელვადიან გეგმებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპრომისზე წასვლის უნარი. 15 წლის მანძილზე უამრავი შემთხვევა მახსოვს, როცა ნაბიჯი უკან გადავდგი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით ორი ნაბიჯი წინ გადამედგა. ეს შეიძლება ხვალაც მოხდეს, მაგრამ მზად ვარ…”
როგორც ბენიძე ამბობს, ერთადერთი, რაზეც კომპრომისი არ კეთდება BAT-ში – ეს სოციალური პასუხისმგებლობის თემაა. “BAT-ი გაზეთ Financial-ისა და Global Idea-ს მიერ აღიარებულია საუკეთესო კომპანიად კორპორაციულ- სოციალური თვალსაზრისით. აზერბაიჯანში მიღებული აქვს ამერიკის სავაჭრო პალატისა და შეერთებული შტატების საელჩოს სპეციალური ჯილდო. “მეტწილად ყურადღებას ვუთმობთ განათლებისა და სოციალურ სფეროებს, როგორც მომავლისკენ მიმართულს. სოციალურად დაუცველ ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს განათლებაზე. აქ, სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ვხედავთ ჩვენს, როგორც წარმატებული კომპანიის, როლს”, – ამბობს ბენიძე.
გენერალური დირექტორის პოზიცია კახა ბენიძისთვის ის პოზიციაა, რომელიც “თავის თავში აერთიანებს ბიზნესის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს – იქნება ეს ფინანსები, მარკეტინგი, დაგეგმვა თუ ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები”. შესაბამისად, მისი გადმოსახედიდან, იმ უნარებთან ერთად, რაც გამოცდილებას მოაქვს, საჭიროა ასევე თეორიული ცოდნაც, “რაც უფრო მრავალმხრივია ეს ცოდნა, მით უფრო წარმატებულად შეძლებს ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი, სწორად დასახოს გრძელვადიანი მიზნები, დაინახოს პოტენციური ბიზნესრისკები და შესაძლებლობები, და დასახული მიზნის მისაღწევად ყველაზე მდგრადი სტრატეგია აირჩიოს”, – სჯერა კახა ბენიძეს.
პირადად მისი საგანმანათლებლო პრიორიტეტები მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით იცვლებოდა. ჯერ ლანდშაფტის არქიტექტურას, შემდეგ იურისტობას ეუფლებოდა და ბოლოს ცოდნა ბიზნესადმინისტრირებისა და მარკეტინგის მიმართულებით გაიღრმავა. “პირველი – უფრო ჩემი მშობლების დიდ სურვილს პასუხობდა. მეორე – უშუალოდ ჩემი მისწრაფებებითა და სურვილებით იყო განპირობებული. მესამე – მოგვიანებით, ჩემი კარიერიდან გამომდინარე გადავწყვიტე”, – განმარტავს ბენიძე. მისივე თქმით, განათლება უწყვეტი პროცესი უნდა იყოს: “კარიერული წინსვლის პარალელურად, მუდმივად ვიღრმავებ ცოდნას შესაბამისი ტრენინგების, სემინარებისა და სერტიფიცირების მეშვეობით”.
კახა ბენიძეს არ სჯერა შემთხვევითობის – ის, თუ სად იქნება მისი ქვეყნის ეკონომიკა და კომპანია ათი წლის შემდეგ, მისი აზრით, პირდაპირ უკავშირდება იმ ნაბიჯებს, რაც ამ პერიოდში გადაიდგმება: “საქართველომ არცთუ დიდი ხნის წინ აიდგა ფეხი, როგორც დამოუკიდებელმა ეკონომიკამ და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, დიდი პროგრესი განიცადა ბოლო ათი წლის მანძილზე. მაგრამ, როგორც ყველა ახალგაზრდა ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი, ბიზნესგარემო ძალიან ცვალებადია, რაც თავის მხრივ მოითხოვს კომპანიის მოქნილობას, სწრაფ რეაქციასა და შინაგან მზაობას, გაუმკლავდეს მოულოდნელობებს. ხშირად აუცილებელი ხდება მოკლევადიანი გეგმების 180 გრადუსით შემობრუნება სწორედ იმისთვის, რომ გრძელვადიანი მიზანი მიღწევადი დარჩეს, – ამბობს იგი და აქვე საქართველოს განვითარების რეცეპტსაც ამატებს – ვფიქრობ, საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმ ნაბიჯებზე, რომელთაც ახლა, ამ წუთას დგამს ქვეყნის მთავრობა, სოციუმი და თითოეული ჩვენგანი. შემთხვევითობის არ მჯერა! მწამს კანონზომიერების – დასახული მიზნების მისაღწევად მომზადებისა და დაუღალავი შრომის. ყოველი ჩვენგანის ვალია, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთოს, თან არა ერთჯერადად, არამედ ყოველდღიურად, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე შთაგვაგონებს”.
რაც შეეხება პირადად მას, კახა ბენიძეს სჯერა, რომ მისი კარიერული გზა აქ არ მთავრდება. როგორც ამბობს, მომავალ ათ წელს – შესაძლოა სხვა ქვეყანაში თუ რეგიონში – ისევ ამ კომპანიასთან ხედავს, მოგვიანებით კი აპირებს შეძენილი გამოცდილება, ცოდნა და უნარები საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს: “მენეჯმენტში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ არსებობს გენოტიპური და ფენოტიპური მახასიათებლები. გენოტიპური ისაა, რაც, ასე ვთქვათ, დაბადებიდან დაჰყვა ადამიანს და ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში, მიზანსწრაფულობა არის ის, რაც ბავშვობიდან მახსოვს ჩემში. ფენოტიპურ მახასიათებლებს კი ადამიანი იმ გარემოდან იძენს, სადაც იზრდება და მოღვაწეობს. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით და იმ სოციალურ- ეკონომიკური გარემოს გავლენით, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწია ცხოვრება, ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო – მიუღწეველი არაფერია. Sky is Not the Limit”.
დატოვე კომენტარი