„რყევები მოკლევადიანია“ - ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა

„რყევები მოკლევადიანია“ - ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

“განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები, საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული”, – წერია განცხადებაში.

სებ-ის თანახმად, ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა.

“ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ეკვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია”, – წერს ეროვნული ბანკი.