დღეიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი 24 ივნისს მიიღო. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ ქართულ მხარეს ავიასანავიგაციო მომსახურების დავალიანება აქვს. ასევე დოკუმენტში საუბარია კომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობაზე.
რაც შეეხება დავალიანებას, ის რუსული მედიის ცნობით, 792 ათას დოლარს და 600 ათას რუბლს შეადგენს.
“როგორც ცნობილია ქართულმა მხარემ აღიარა არსებული დავალიანება და წარმოადგინა დავალიანების გადახდის გრაფიკიც. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული შეთანხმებისა ქართულმა მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები”, – წერია რუსული მხარის დოკუმენტში.
ქართული ავიაკომპანიები რუსეთის წინაშე არსებულ დავალიანებას უარყოფენ.
კერძოდ, ვალი, რომელზეც რუსული მხარე საუბრობს ჯერ კიდევ 2008 წლამდე პერიოდში უნდა წარმოქმნილიყო. ავიაკომპანიების ნაწილი კი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის რეისებს ასრულებდნენ, გაკოტრებულია. ასე მაგალითად, გიორგი კოდუას მფლობელობაში “ნაციონალური ავიახაზები”.
რუსული მხარე ამბობდა, რომ მათ მიმართ ვალი დაუგროვდათ მცირე ზომის ქართულ ავიაკომპანიებს, რომლებიც ბაზარზე 1990–იან წლებში ოპერირებდნენ და რომელთა ნაწილიც შემდგომ კომპანია Airzena-ში გაერთიანდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული მხარე ვალის დაბრუნებას პოლიტიკური ნიშნით ითხოვს, ეს საკითხი დღის წესრიგში 2007–2008 წლებშიც დადგა, ხოლო შემდეგ კი 2010 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე დაიწყო საუბარი.
ავიაკომპანია Georgian Airways-ში უარყოფენ ფაქტს, იმის შესახებ, რომ მათ რუსული მხარის მიმართ დავალიანება აქვთ დარჩენილი. თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ წლების წინ რუსეთის მიმართ მართლაც არსებობდა გარკვეული დავალიანება, თუმცა ეს დავალიანება უკვე გაკოტრებული ავიაკომპანიების მიერ დაგროვილი ვალი იყო. მისივე თქმით, თანხა 3 მლნ დოლარს შეადგენდა. ამასთან გაიაშვილი ამბობს, რომ ამ თანხიდან მათ 2 მლნ დოლარი გადაიხადეს.
“იმ წლებში ხელისუფლებამ გვითხრა, რომ თუ ჩვენ ამ დავალიანებას ნაწილს დავფარავდით, Georgian Airways იქნებოდა ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელსაც რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელება შეეძლებოდა. მაშინ ჩვენმა კომპანიამ 2 მლნ დოლარი გადაიხადა”, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
რუსეთის მიმართ ვალს არ აღიარებს არც MyWay Airlines. რუსეთის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს Myway Airlines 2018 წლის მაისიდან ასრულებდა.
“Myway Airlines-ი ყველა გადასახადს დროულად იხდიდა”, – აცხადებენ კომპანიაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს სწორედ ზევით მოყვანილი ორი ავიაკომპანია ასრულებდა.
რაც შეეხება რუსულ ავიაკომპანიებს ქართულ ბაზარზე, –საქართველოში დაფრინავდა “აეროფლოტი”, “პობედა ეარლაინზ”, “სიბირი”, “ურალის ავიახაზები”, “ნორდავია”.
სამოქალაქო ავიაციის მონაცემებით, რუსული ავიაკომპანიის წილი მთლიან ბაზარზე, 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, ჯამურად 22% იყო.
კერძოდ კი ჯამურად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, აღნიშნული კომპანიების წილები შემდეგნაირად ნაწილდება:
აეროფლოტი – მთლიანი მოცულობის 4% (38 262 გადაყვანილი მგზავრი).
პობედა ეარლაინზ – 10% (96 546 გადაყვანილი მგზავრი).
სიბირი – 3% (34 153 გადაყვანილი მგზავრი).
ურალის ავიახაზები – 6% (60 507 გადაყვანილი მგზავრი).
ნორდავია –1% (6155 გადაყვანილი მგზავრი).
დატოვე კომენტარი