აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთში მიკროჩიპების, ნახევარგამტარებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების დასავლეთიდან ექსპორტი ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ POLITICO-სათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ელექტრომოწყობილობების იმპორტი მიმდინარე წლის დასაწყისში აღადგინა.
ცნობისათვის, ელექტრომოწყობილობები, ჩიპები, ნახევარგამტარები, პროცესორები და ინტეგრირებული წრედები თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებისა და შეიარაღებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწარმია. დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ კი რუსეთს აღნიშნული მოწყობილობების მკვეთრი დეფიციტი შეექმნა.
ჯიმ ო’ბრაიენის განმარტებით, პრობლემა ისაა, რომ ევროპულ სახელმწიფოებში დაარსებული კომპანიები აღნიშნულ ელექტრომოწყობილობებს სხვა ქვეყნებს მიჰყიდიან, საიდანაც მასალები ექსპორტზე რუსეთში გადის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აშშ-მა ამ პრობლემებთან დაკავშირებით 5 სახელმწიფოს იდენტიფიცირება შეძლო: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.
ევროკავშირი ამჟამად სანქციათა მე-11 პაკეტზე მუშაობს, რომელმაც შესაძლოა, რუსეთის გარდა უპრეცედენტო ზომები იმ ქვეყნებისთვისაც მიიღოს, რომლებიც რუსეთს ქვეყანაში ელექტრომოწყობილობებისა და სამხედრო ტექნიკისათვის საჭირო მასალების იმპორტში ეხმარება. რუსეთსა და კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს – საქართველოს, ყაზახეთსა და სომხეთს – შორის ვაჭრობა უკრაინაში ომის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა, რაც ბრალდებებს კიდევ უფრო ამყარებს.