13 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო შეტევის დროს ერევანმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. თუმცა ორგანიზაციამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სომხეთს მხოლოდ ორგანიზაციის გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის სომხეთში ადგილზე სიტუაციის შეფასების მიზნით გაგზავნას დათანხმდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც ერევანსა და ბაქოს შორის დაპირისპირებაზე მხოლოდ აღშფოთება გამოხატა და ორივე მხარეს თავშეკავებისა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კრემლის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდა.
მოსკოვის მიერ საკუთარი მოკავშირისთვის დახმარების არგაწევამ სომხეთში აღშფოთება გამოიწვია და ქვეყნის დედაქალაქში მყისვე გაიმართა დემონსტრაციები იმ მოთხოვნით, რომ სომხეთს დაეტოვებინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა და კონფლიქტის მყისიერი შეწყვეტისკენ მოუწოდა. 17 სექტემბერს კი ერევანს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და აშშ-ის რანგით მესამე პირი ნენსი პელოსი ეწვია და ვაშინგტონის სახელით სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა. ერევანში სომხეთის ტრადიციული მოკავშირის, რუსეთის მხარდაჭერის სიმცირით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე, აშშ-ს ექმნება შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენა გაზარდოს და რუსეთს, როგორც რეგიონში მთავარ მოთამაშეს, კონკურენცია გაუწიოს.
ალიანსი შესუსტებული საფუძვლით
სომხეთსა და რუსეთს 1995 წლიდან დღემდე საერთო თავდაცვის ხელშეკრულება აქვთ დადებული. ორმა ქვეყანამ ეს ხელშეკრულება 2010 წელს განაახლა, რითაც რუსეთს სომხეთის დასავლეთში არსებულ სამხედრო ბაზაზე სახმელეთო და საჰაერო დანაყოფების განლაგების საშუალება მიეცა. ამჟამინდელი შეთანხმება რუსეთს რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვის უფლებას აძლევს და ამავდროულად მას სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ავალდებულებს. მეტიც, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, რომელიც, რუსეთის ჩათვლით, აერთიანებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვს ქვეყანას. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, რომელიმე ქვეყანაზე განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში (შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც იწვევს წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას), მას ორგანიზაციის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო დახმარება, მათ შორის – სამხედრო დახმარებაც. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლი ნატოს ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის, ე.წ. „კოლექტიური თავდაცვის პრინციპის“, იდენტურია.
აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე მიტანილი იერიშით გამოწვეული პირობების ფონზე, ერევანში იმედოვნებდნენ, რომ ქვეყანა დახმარებას თუ რუსეთისგან არა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან მაინც მიიღებდა. აზერბაიჯანმა ამ ჯერზე პირველად შეუტია სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას, კერძოდ, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებს: ვარდენისს, სოთქს, არტანიშს, იშხანასარს, გორისსა და კაპანს, რასაც 207 სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად ამისა, მოსკოვმა ერევანს მხოლოდ სერიოზული შეშფოთება, სიტუაციის ნორმალიზებისთვის საჭირო რეკომენდაციები და კრიზისული სიტუაციის შეფასების მისია „შესთავაზა“.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ბოლო სამხედრო ჩარევა იანვარში განხორციელდა, როდესაც ორგანიზაციამ რუსი, ბელარუსი და სომეხი სამხედრო ძალები ყაზახეთში გაგზავნა. მაშინ, როდესაც ალიანსმა ისტორიაში პირველად გაგზავნა სამხედრო დახმარება, მისი მიზანი სულაც არ ყოფილა ყაზახეთისთვის სხვა ქვეყნის თავდასხმის მოგერიებაში დახმარება, არამედ ყაზახეთის მთავრობისთვის პროტესტის ჩახშობაში დახმარების გაწევა. სომხეთის შემთხვევაში კი მას აზერბაიჯანი დაესხა თავს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი არაა. ორგანიზაციას ამ შემთხვევაში სამხედრო დახმარების გაგზავნისთვის უფრო დიდი „საბაბი“ ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, ერევნის რუსეთთან დიდხნიან ალიანსს თანდათანობით საფუძველი ეცლება.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა სომხეთისთვის დახმარების ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მოსკოვმა ერევანს მანამდეც რამდენჯერმე განუცხადა უარი აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ დავებში ჩარევაზე. ამას ის მთიანი ყარაბაღის, როგორც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის, სტატუსით ამართლებდა. როგორც ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი ახლანდელი დაპირისპირების დროსაც მსგავსი ლოგიკა გამოიყენა.
შესაძლებლობა ვაშინგტონისთვის
რუსეთის უმოქმედობასთან ერთად, აშშ უპრეცედენტოდ და საკმაოდ მოულოდნელად ჩაერთო ერევანსა და ბაქოს შორის დაპირისპირების მოგვარებაში. აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრით პირადად უშუამდგომლა ცეცხლის შეწყვეტას. ბლინკენმა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრებს შორის პირველი შეხვედრაც კი მოაწყო. ამასთანავე, კონფლიქტის შემდეგ რამდენიმე დღეში ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ერევანში ვიზიტიც საკმაოდ მოულოდნელი იყო. სომხეთის მიერ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პელოსი პირველი უმაღლესი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყანას ეწვია.
დიპლომატიური ვიზიტის დროს პელოსიმ აზერბაიჯანის „უკანონო“ სასაზღვრო თავდასხმა დაგმო, რითაც აშშ-ის გავლენის ზრდის საჭიროება დააყენა წინა პლანზე. მან განაცხადა, რომ აშშ ითვალისწინებს სომხეთის თავდაცვის საჭიროებებს და სურს, მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გამართულ გლობალურ ბრძოლაში.
მაშინ როდესაც სომხეთს არანაირი დახმარება არ მიუღია არც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან და არც რუსეთისგან, ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრეგორიანმა განაცხადა, რომ მთავრობას ორგანიზაციის მხრიდან სამხედრო დახმარების „იმედიც კი არ ჰქონდა“. პარლამენტის წევრებმაც გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება რუსეთის უმოქმედობასთან დაკავშირებით. 18 სექტემბერს სომხებმა ერევნის ქუჩებში დემონსტრაციები გამართეს იმ მოთხოვნით, რომ სომხეთი გამოსულიყო კოლექტიური თანამშრომლობის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. რუსეთის მიმართ საზოგადოებრივი გულისწყრომისა და აშშ-ის აქტიური ჩართულობის ფონზე, სომხეთის მთავრობის მიერ ორგანიზაციის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება დღეს უფრო რეალისტურია, ვიდრე ოდესმე. აქვე აღსანიშნავია, რომ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე არაერთხელ განუცხადებია საკუთარი სურვილი სომხეთის ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე.
რუსეთი საკმაოდ დიდ სამხედრო დანაკარგს განიცდის უკრაინაში და მისი პრიორიტეტები დროებით სამხრეთ კავკასიისკენ არაა მიმართული. არსებული ვითარება აშშ-ისთვის ქმნის ხელსაყრელ დროს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ალტერნატიულ მოთამაშედ იქცეს. ვაშინგტონის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლანდელ დაპირისპირებაში ჩართულობამ შესაძლოა, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილებასაც მისცეს ბიძგი.
დატოვე კომენტარი