რუსეთი: უკრაინაში ნატოს ჯარების გამოჩენა „გარდაუვალ“ კონფლიქტს გამოიწვევს

რუსეთი: უკრაინაში ნატოს ჯარების გამოჩენა „გარდაუვალ“ კონფლიქტს გამოიწვევს

კრემლის განცხადებით, უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა რუსეთთან კონფლიქტის გახანგრძლივებას გამოიწვევს. მოსკოვის გაფრთხილება მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელმაც უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა არ გამორიცხა. მიუხედავად ამისა, საკითხთან დაკავშირებით, ალიანსში მოკავშირეებს შორის კონსენსუსი ჯერჯერობით არ მიღწეულა.

ნატოს ჯარების უკრაინაში განლაგების შემთხვევაში, კრემლის სპიკერ დმიტრი პესკოვის შეფასებით, რუსეთთან კონფლიქტი „არა შესაძლებელი, არამედ გარდაუვალი იქნება“. განცხადებას რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს. პესკოვის განცხადებითვე, ნატოს წევრებმა უკრაინაში ჯარების განლაგების შედეგებიც უნდა შეაფასონ და დასძინა, რომ ალიანსის გარკვეული კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის ფაქტიცკი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტია, რომელიც რუსეთს ყურადღების მიღმა არ დარჩენია.

მაკრონმა განცხადება პარიზში, უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად გამართულ ფორუმზე გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება – მათ შორის არც ჯარების გაგზავნის – და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინაში რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს. თუმცა განცხადებამდე მაკრონმა ისიც თქვა, რომ ნატოს წევრებს შორის ამ საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

Associated Press-ის ინფორმაციით, უკრაინაში სახმელეთო ჯარების განლაგების შესაძლებლობას გამორიცხავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იდეას ეწინააღმდეგება პოლონეთი და ჩეხეთიც. განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლო ძალების განლაგების არანაირი გეგმა არ არსებობს. ხოლო Reuters-ის ცნობით, უკრაინაში არც ამერიკისა და არც ევროპის ჯარების გაგზავნას თეთრი სახლიც არ განიხილავს.