რუსეთის რკინიგზა პირველი სახელმწიფო კომპანიაა, რომელმაც $268-მილიონიანი ობლიგაციის კუპონის დროული მომსახურება ვერ შეძლო და დეფოლტამდე მივიდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპულმა სავალო სააგენტომ მხარი დაუჭირა რუსეთის რკინიგზისთვის დეფოლტური კლასიფიკაციის ოფიციალურად მინიჭებას.
რკინიგზის წარმომადგენლების განმარტებით, სახელმწიფო კომპანია კუპონის გადახდას შეეცადა, თუმცა ეს დროულად ვერ შეძლო, რაც საბანკო სისტემაში შექმნილი რეგულატორული გართულებებით იყო გამოწვეული. ექსპერტების შეფასებით, რუსეთის რკინიგზის დეფოლტამდე მისვლა პირდაპირ კავშირშია უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან.
აღსანიშნავია, რომ გავლენიანმა სარეიტინგო კომპანიებმა, Fitch-მა, Moody’s-მა და S&P Global-მა რუსეთის სუვერენული და სავალუტო რეიტინგები გარდაუვალი დეფოლტის დონემდე შეამცირეს. აშშ-ის მსხვილი საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley კი რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადებას მიმდინარე თვეს პროგნოზირებს.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობა ყველანაირად შეეცდება ვალდებულებების დროულ მომსახურებას და ის არ დაუშვებს, რომ ქვეყანამ დეფოლტი გამოაცხადოს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მთავრობა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების დაფარვას რუბლში გეგმავს. ექსპერტთა ნაწილი სახელმწიფოს მიერ ობლიგაციების რუბლში დაფარვას ხელშეკრულების პირობების დარღვევად და ვალდებულებების შეუსრულებლობად მიიჩნევს.
დატოვე კომენტარი