მოსკოვის სასამართლომ დამოუკიდებელ გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ლიცენზია ჩამოართვა და საქმიანობა აუკრძალა.
მედიის მარეგულირებელი ორგანოს, როსკომნადზორის მტკიცებით, 2006 წელს გამოცემის მფლობელთა ცვლილების შესახებ ორგანიზაციას იუსტიციის სამინისტროსთვის შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რის გამოც დაირღვა რუსული კანონმდებლობა.
„ნოვაია გაზეტას“ ადვოკატების განცხადებით, 2006 წელს აღნიშნული რეგულაცია არ არსებობდა და მსგავსი სახის ბიუროკრატიული პროცედურის გამო ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის დახურვა პოლიტიკური ნაბიჯია.
„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის ნობელის პრემია აქვს მიღებული.
გაზეთი რუსეთში 1993 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ის არაერთხელ გამხდარა მთავრობის სამიზნე, თუმცა ამჯერად „ნოვაია გაზეტას“ სრულად შეეზღუდა გამოცემის, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ჟურნალისტური საქმიანობის უფლება.
დატოვე კომენტარი