კრემლის აზრით, 2025 წლისთვის უკრაინის სრულად დასამარცხებლად დამატებით დღეში 15,000 საარტილერიო ჭურვია საჭირო. ეს რაოდენობა 5,000-ით მეტია იმაზე, ვიდრე რუსეთი ამჟამად უკრაინაში ყოველდღიურად იყენებს და 9,000-ით მეტია იმაზე, ვიდრე ყოველდღიურად აწარმოებს. ჯამში, კრემლის განცხადებით, სრულფასოვანი წარმატების მისაღწევად მას დამატებით 3 მილიონი საარტილერიო ჭურვი დასჭირდება.
აღნიშნული რაოდენობის ჭურვების მისაღებად რუსეთს ამჟამად ორი გზა აქვს. ერთი – საცავებში არსებული, მოძველებული ჭურვების აღდგენა და მათი გამოყენებაა. მეორე კი პარტნიორებისგან, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისაგან მიწოდების მოცულობის გაზრდაა. ცნობისთვის, აღნიშნული სახელმწიფოებისაგან რუსეთმა 2 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი უკვე შეიძინა.
RUSI-ს ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთს 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების დეფიციტი აქვს. შეგახსენებთ, რომ ომის საწყის ეტაპზე რუსული არტილერია დღეში 60,000-მდე ჭურვს ისროდა, რამაც რუსეთს ჭურვების დეფიციტი მალევე შეუქმნა. უკვე 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთის მიერ დღიურად გასროლილი ჭურვების რაოდენობა მხოლოდ 10,000-ს შეადგენდა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2022 წლამდე რუსულ სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიას დღეში 400,000-მდე ახალი ჭურვის დამზადება ან რეზერვიდან მობილიზება შეეძლო. ძველი ჭურვების გახარჯვასთან ერთად კი ერთადერთი გზა ახალი ჭურვების წარმოებაა, რაც დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს. რუსეთის შეიარაღებული ძალების დაფინანსების გაორმაგებისა და გასამმაგების შემდეგ კი, რუსეთმა 122 მმ-იანი და 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წლიური წარმოების მოცულობა 2.1 მილიონამდე გაზარდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავენ, ეს რაოდენობა ომის მოსაგებად საჭირო მოცულობაზე 3 მილიონით ნაკლებია. შეუძლია თუ არა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას დამატებით რამდენიმე მილიონი ჭურვის გამოყოფა, უცნობია.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საარტილერიო ჭურვების პრობლემა უკრაინელი არტილერისტებისთვის უფრო ღრმა არის. უკრაინელებისათვის ჭურვების ყველაზე დიდი მიმწოდებელი აშშ გახლდათ. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-მა უკრაინას 2 მილიონამდე საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. თუმცა ამჟამად პოლიტიკური პროცესების გამო მათი მიწოდება შეჩერებულია. უკრაინული არტილერია ამჟამად დღეში 2,000-მდე ჭურვს ისვრის, წარსულში კი ეს რიცხვი 10,000-ს შეადგენდა.