ანალიტიკური ორგანიზაცია Centre for Research on Energy and Clean Air-ის (CREA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ ენერგოექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა, საერთო ჯამში, €158 მილიარდი შეადგინა. კვლევითი ცენტრის მონაცემებით, შემოსავლის ნახევარზე მეტი რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებიდან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წიაღისეული საწვავის ექსპორტის მოცულობის შემცირების მიუხედავად, ენერგიის მაღალი ფასები, გასულ წლებთან შედარებით რუსეთის შემოსავალს საგრძნობლად ზრდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, CREA ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მძიმე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ანალიტიკური ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ევროკავშირი €85.1 მილიარდით რუსული წიაღისეული საწვავის მთავარი იმპორტიორია. მას მოჰყვებიან ჩინეთი და თურქეთი, შესაბამისად €34.9 მილიარდითა და €10.7 მილიარდით. კვლევითი ცენტრის შეფასებით, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან დაახლოებით €43 მილიარდი შევიდა.
CREA-ის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვამ შედეგი გამოიღო, ვინაიდან ზომების ამოქმედების შემდგომ, რუსული ქვანახშირის იმპორტი, ომის დაწყებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის პარალელურად, ბლოკი მხოლოდ ეტაპობრივად კრძალავს რუსულ ნავთობს და არ აწესებს შეზღუდვას ბუნებრივი აირის იმპორტზე, რომელზეც ევროკავშირი ძლიერადაა დამოკიდებული.
დატოვე კომენტარი