რუსული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყარაბაღიდან რუსული „სამშვიდობოები“ გავიდნენ და ტერიტორიაზე სრული კონტროლი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაამყარა. რუსული სამხედრო კონტინგენტი ყარაბაღის ტერიტორიაზე 2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ პატრულირებდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჰიქმეთ ჰაჯიევი არ ასახელებს მიზეზს, რატომაც მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. თუმცა განმარტავს, რომ გასულ წელს ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ რუსი „სამშვიდობოების“ რეგიონში ყოფნა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლამდე ყარაბაღის რეგიონი სომხეთის კონტროლირებადი ტეროტორია იყო. ომი რუსეთის ჩართულობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეჩერდა. შეთანხმება კი ტერიტორიაზე 2,000 რუსი „სამშვიდობოს“ განთავსებას გულისხმობდა.
რუსული სამხედრო კონტინგენტის გაცხადებული დანიშნულება ყარაბაღის რეგიონისა და სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელი გზატკეცილის უსაფრთხოების კონტროლი იყო. აღსანიშნავია, რომ ყარაბაღში რუსულ სამხედრო კონტინგენტთან ერთად თურქული სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაც იყო წარმოდგენილი.
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანმა ჯერ აღნიშნული გზატკეცილის ბლოკადა დაიწყო, შემდეგ კი 2023 წლის სექტემბერში ყარაბაღის მიმართულებით კიდევ ერთი სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო, რომლის შედეგადაც ყარაბაღის სომხური ხელისუფლება გადადგა და აზერბაიჯანმა რეგიონზე სრული კონტროლი მოიპოვა. არაღიარებულმა „არცახის რესპუბლიკამ“ კი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა.
ყარაბაღის რეგიონზე აზერბაიჯანული მხარის მიერ სრული კონტროლის დამყარების შემდეგ ტერიტორია 50,000-მდე ეთნიკურად სომეხმა დატოვა.