რუსეთში ოლიგარქებისგან კრიზისის პერიოდში დიდი ფინანსური რესურსების ჩადებას მოელიან

რუსეთში ოლიგარქებისგან კრიზისის პერიოდში დიდი ფინანსური რესურსების ჩადებას მოელიან

მიმდინარე თვეს რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცის მოსახლეობის 10%-მა აღმოაჩინა რომ საბანკო ანგარიშებზე ზედმეტი $135 დოლარი ჰქონდა. აღნიშნული თანხა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის ფინანსური დანახარჯების გადახდის უზრუნველსაყოფად მიიღეს, თუმცა, პირდაპირ მთავრობისგან არა. აღნიშნული ბონუსის გადახდა ქალაქში ფოლადის მსხვილი მწარმოებელი კომპანია Severstal-ის ჯიბიდან მოხდა, – ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

რუსეთში დიდ ინდუსტრიულ ჯგუფებს, რომლებიც გამონაკლისის გარეშე ერთი მაგნატის მიერ კონტროლდება, და რომლებიც როგორც წესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბუნდოვანი გარემოებებით შეიქმნა, ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი როლი აქვთ.

კრემლთან არაფორმალური შეთანხმებებით, ამ კორპორატიულ ფეოდალურ მამულებს ეძლევათ საშუალება ქალაქებში, სადაც ისინი სამთო მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებენ მინერალების ან ნავთობის მოსაპოვებლად, ჰქონდეთ გავლენები და ეს ყველაფერი პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ.

როდესაც სასაქონლო ფასები იმატებს და ეკონომიკა ყვავის, ეს ოლიგარქები იმკიან სარგებელს, ბუნებრივი რესურსებითა და იაფი მუშახელით. თუმცა, როდესაც ეკონომიკური ბუმი  დაღმასვლით იცვლება, როგორც ეს წელს, ისინი ანკესზე ეგებიან.

მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობები ტრილიონობით დოლარის მობილიზებას ახდენენ იმისათვის რომ დაეხმარონ ბიზნესებს და დაიცვან სამუშაო ადგილები, პუტინის ადმინისტრაცია თავის რეზერვებს არ იყენებს, თან ასევე აცნობიერებს იმას, რომ ნავთობის ფასების დაცემის გამო, ბიუჯეტში უზარმაზარი სიცარიელეა შესავსები.

რუსეთის სახელმწიფო ანტიკრიზისული ზომები მშპ-თან შეფარდებით იმის 1/10-ია, რაც გერმანიის მთავრობამ გაიღო, ხოლო იტალიის მიერ დაპირებულის მეხუთედს მოიცავს.

მთავრობის ნაცვლად, რეგიონებში მოსახლეობის დასახმარებლად, მაგნატები “წერენ ჩეკებს“, საუბარია იმ რეგიონებზე, სადაც ეს მაგნატები ფულს აკეთებენ.

ასე მაგალითად, წარმოშობით უზბეკი რუსული ფოლადისა და ტელეკომუნიკაციების მაგნატმა ალიშერ უსმანოვმა, რუსეთის კორონავირუსის სააგენტოს, მიმდინარე თვეს 2 მილიარდი რუბლი გადაურიცხა, და განაცხადა, რომ ეს იყო კომპანიის “კონტრიბუცია იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რასაც რუსეთის მთავრობა ახორციელებს“. მანვე უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს $20 მილიონი გადაურიცხა.

ოლეგ დერიპასკამ, რომელიც აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია, $19 მილიონი დახარჯა შვიდი საავადმყოფოს ასაშენებლად, სასუნთქი აპარატების და სასწრაფო დახმარების უზრუნველსაყოფად და პირბადეებისა და ვირუსის ტესტების საყიდლად.

ვლადიმერ პოტანინი, რომელიც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია $24 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით, აცხადებს, რომ მისი ნიკელის მომპოვებელი კომპანია Nornickel-ი გამოყოფს 10,5 მილიარდ რუბლს “ჩვენი კომპანიის საწარმოების მასპინძელ ქალაქებში ყველა მაცხოვრებლის და ჩვენი თანამშრომლების მაქსიმალური დაცვისთვის“.

კომპანია Severstal-მა, რომელიც ლექსეი მორდაშოვის საკუთრებაშია, 500 მილიონი რუბლი დახარჯა აპრილში თავისი თანამშრომლებისთვის ბონუსების გადასახდელად. ქალაქ ჩერეპოვეცში ეს კომპანია 30 000 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ მალე დაიწყებს რესპირატორული პირბადეების ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოებას.

დონაციები გულუხვია, თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საერთო დანახარჯებისა, რასაც პანდემიის გამო რუსეთის მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფები განიცდიან.

რუსეთში მათი ქარხნების, მაღაროების და საწარმოების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირშია აგებული, და ისინი ისეა მოწყობილი, რომ მთელ ქალაქში, სოფელსა თუ რეგიონში ერთადერთ დამსაქმებელს წარმოადგენდა. მათი ნაწილი ე.წ “მონოგოროდებია“, ანუ კომპანიის ქალაქის ტიპის დასახლებები. ქალაქ ჩერეპოვეცში, მოსახლეობის 40%-ისთვის Severstal-ის და Phosagro-ს საწარმოებია ერთადერთი დასარყდენი.

კორონავირუსის ეპიდემია ახლა პროვინციულ რეგიონებში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის გარეთ ვრცელდება. როდესაც ამის გამო გადაიტვირთება სამედიცინო სერვისები, რომლებსაც ძალიან მწირი რესურსები აქვთ, ალბათ ადგილობრივ მეწარმეებს სთხოვენ დახმარებას. ხშირ შემთხვევაში კრემლსა და ბიზნესემენს შორის არსებული შეთანხმება შეუფერხებლად მოქმედებს.  

2009 წელს, ბოლო გლობალური ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთის ინდუსტრიაც დააზარალა. მაშინ სატელევიზიო შეხვედრისას, პუტინმა გაკიცხა ნაჩქარევად შეკრებილი ბიზნესის მფლობელები 1,3 მილიონი დოლარის ოდენობის გადაუხდელი ხელფასების გამო და “ათასობით ადამიანის თქვენი ამბიციების მძევლად აყვანის, არაპროფესიონალიზმის და შესაძლოა სიხარბის“ გამოც. მათ შორის იყო დერიპასკაც და მოისმინა მაშინდელი პუტინის საყვედური. მისმა მეგობარმა მაგნატებმა ეს კარგად უნდა დაიმახსოვრონ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *