რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 5.3%-ით გაიზარდა | რა გავყიდეთ/რა ვიყიდეთ?

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 5.3%-ით გაიზარდა | რა გავყიდეთ/რა ვიყიდეთ?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 5.3%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ცნობისათვის, რუსეთი საქართველოს მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში მისი წილი მთლიან ვაჭრობაში 11.5%-ს შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში $560 მილიონის ღირებულების საქონლის ექსპორტი და $1.4 მილიარდის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. ექსპორტში ზრდა გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით – 7.3%-ს, იმპორტში კი  4.6%-ს შეადგენს.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი გახლავთ. 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $2.4 მილიარდი შეადგინა, რაც 7.1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. საინტერესოა, რომ მესამე ადგილზე აშშ იმყოფება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვა 59%-ითაა გაზრდილი.

მთლიანობაში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 10 თვის განმავლობაში $18 მილიარდი შეადგინა  (16.2%-იანი ზრდა), საიდანაც $5 მილიარდი – ექსპორტს, $12.6 მილიარდი კი იმპორტს წარმოადგენს.

საინტერესოა, თუ რა სახის საქონელი გავიდა ექსპორტზე რუსეთში და სანაცვლოდ როგორია იმპორტირებული საქონლის განაწილება.

საექსპორტო საქონლის ხუთეული:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $144 მილიონი
  2. მსუბუქი ავტომობილები – $67 მილიონი (4 959 ერთეული)
  3. მინერალური და მტკნარი წყლები – $54 მილიონი
  4. შაქრის დანამატების შემცველობის წყლები (მინერალური და დაგაზიანებული) – $53 მილიონი
  5. სპირტიანი სასმელები – $50 მილიონი

საიმპორტო საქონლის ხუთეული:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $502 მილიონი
  2. ნავთობის აირები – $101 მილიონი
  3. ხორბალი და მესლინი – $44 მილიონი
  4. ბოცები, ბოთლები და მინის ტევადობები – $41 მილიონი
  5. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან – $38 მილიონი