მედია სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსი ავტომრბოლელის, ნიკიტა მაზეპინის ოჯახს იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე მდებარე ვილა ჩამოართვეს, რომელიც 105 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამის მიზეზი სპორტსმენისა და მამამისის, რუსი ოლიგარქი დმიტრი მაზეპინის მიმართ დაწესებული სანქციებია. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.
ვილას, რომელიც სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კოსტა-სმერალდის სანაპიროზე მდებარეობს, 25 ოთახი, მდიდრული ბაღები და დიდი საცურაო აუზი აქვს.
„არ ვეთანხმები სანქცირებულთა შორის მოხვედრას. ადრეც ვთქვი, რომ თანახმა ვარ, ვიბრძოლო. ალბათ ახლა არ არის შესაფერისი დრო. თუ გადავხედავთ სიტუაციას, რაც ხდება [რუსი] სპორტსმენების მიმართ, ეს არის ჩემი ქვეყნის კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ნიკიტა მაზეპინმა BBC-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნიკიტა Haas-ის ფორმულა 1-ის გუნდიდან გაუშვეს. რამდენიმე დღის შემდეგ, იგი დაემატა ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსების სიას მამამისთან ერთად, რომელიც ქიმიკატების ინდუსტრიის გიგანტის, Uralchem-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია.
იტალიამ რუს ოლიგარქებს ასობით მილიონი ევროს ღირებულების ქონება გაუყინა. სანქციები, ძირითადად, მდიდრულ ვილებსა და იახტებს შეეხო.
დატოვე კომენტარი