რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები უიმბლდონის წლევანდელ ტურნირზე ვეღარ იასპარეზებენ, – ეს გადაწყვეტილება უიმბლდონის საორგანიზაციო კომიტეტმა გაასაჯაროვა.
„ამ ტურნირის პროფილის გათვალისწინებით, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მსოფლიოში, ჩვენს პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, ხელისუფლების, ინდუსტრიის, სპორტული და შემოქმედებითი ინსტიტუტების ძალისხმევას შევუერთდეთ, რათა რუსეთის გლობალური გავლენა ყველა შესაძლო გზით შევამციროთ“, – აღნიშნავენ უიმბლდონის ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საჩოგბურთო რეიტინგში საკმაოდ კარგ პოზიციებს იკავებენ: ATP-ის რეიტინგის ტოპ-30-ში, მაგალითად, ოთხი რუსი ჩოგბურთელია – მათ შორის ერთი, დანიილ მედვედევი, ამ სიაში მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება WTA-ის სიის საუკეთესო ორმოცეულს, იქ ხუთი რუსი და ორი ბელარუსი ჩოგბურთელია – მათ შორის არიან მეოთხეადგილოსანი არინა საბალენკა და ყოფილი პირველი ჩოგანი, ვიქტორია აზარენკა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის, უიმბლდონის ორგანიზატორების თქმით, თუკი ივნისამდე ვითარება რადიკალურად შეიცვლება, ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავენ.
დატოვე კომენტარი