რუსმა კანონმდებლებმა პარლამენტში – დუმაში – დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ისტორიის გადაწერას ისახავს მიზნად. რუსი დეპუტატები 1954 წელს საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინისათვის ყირიმის გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავენ. როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნაა, რომლითაც ის ყირიმის ანექსირებას გაამართლებს. შავი ზღვის ნახევარკუნძულზე მდებარე ყირიმის ოლქის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი არასდროს ყოფილა და მან საკუთარი ტერიტორია დაიბრუნა. საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა კი სწორედ ამ არგუმენტის განმტკიცებას ემსახურება.
რუსეთის პარლამენტის ორი პალატის დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტი განმარტავს, რომ 1954 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიერ უკრაინისათვის ყირიმის გადაცემა თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილება იყო. კანონპროექტი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების შესახებ სახალხო რეფერენდუმი არ ჩატარებულა, საბჭოთა ხელისუფლებას კი ხალხის ნებართვის გარეშე ერთი სახელმწიფოს ტერიტორიის მეორისთვის გადაცემის უფლება არ ჰქონდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს აღნიშნულ კანონპროექტს რუსეთის დუმა. საჯარო განცხადებებში, 1954 წლის გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ დაგმო და მისი სამართლებრივი საფუძველი უარყო. ვლადიმირ პუტინმა ნიკიტა ხრუშჩოვს სამართლებრივი ნორმების დარღვევაშიც დასდო ბრალი.
ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩატარებულ რეფერენდუმში ყირიმის მოსახლეობამ უკრაინის დანარჩენ ნაწილთან ერთად დამოუკიდებლობის სურვილი გამოთქვა. რუსეთმა და უკრაინამ კი ერთმანეთის საზღვრები აღიარეს. მიუხედავად ამისა, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ნახევარკუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.