ოქრო და სპილენძი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის პირველ ათეულში თითქმის ყოველწლიურად ხვდება.
2018 წელს ოქროს ექსპორტი $69.8 მილიონი დოლარის ტოლი იყო, სპილენძის მადნების ექსპორტი კი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებდა, თუმცა აღნიშნული სპილენძის უდიდესი ნაწილი არა ადგილობრივ წარმოებას, არამედ რეექსპორტს წარმოადგენდა. Forbes Georgia კომპანიის ოფიციალურ აუდიტორულ ანგარიშგებაზე დაყრდნობით უფრო ახლოდან გაგაცნობთ საქართველოში ძვირფასი მეტალების უმსხვილეს მომპოვებელ ჯგუფს – RMG ჰოლდინგს.
საქართველოში ძვირფასი მეტალების უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგია, რომელიც RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს. კომპანიების აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მათი საკონტროლო პაკეტის მფლობელები რუსი მილიარდერები და ბიზნესპარტნიორები – დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი არიან.
Forbes-ის ინფორმაციით, როგორც კორჟევის, ასევე ტროიცკის ქონება $1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კორჟევი და ტროიცკი კლასელები იყვნენ, მათ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში ავტომობილებით ვაჭრობით დააგროვეს, შემდგომ კი რუსეთის ერთ- ერთი წარმატებული რიტეილის ქსელი O’Key დააფუძნეს.
რუსმა ბიზნესმენებმა RMG ჰოლდინგი 2012 წელს შეიძინეს, აღნიშნული გარიგების ღირებულება, Bloomberg-ის ინფორმაციით, $120 მილიონს შეადგენდა.
RMG Gold-ის 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 209,953,000 ლარი იყო. 2017 წელთან შედარებით, RMG-ის მთლიანი შემოსავალი 5.1%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, ის 45,043,000 ლარს შეადგენდა. 2017 წელთან შედარებით მოგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, რადგანაც აღნიშნულ წელს RMG Gold-ს მოგება/ ზარალის უწყისში მოგების ნაცვლად 16,724,000 ლარის ზარალი აქვს მითითებული.
RMG Gold-ის საბალანსო უწყისის მიხედვით, კომპანიის აქტივების ჯამური მოცულობა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 343,698,000 ლარს შეადგენდა.
RMG Gold-ი ანუ Rich Metals Group-ი 1994 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას, საყდრისის საბადოს მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის შესაბამისად, ოქროს, სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვება და გადამუშავება წარმოადგენს. RMG-ი აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე ოქროს ბოლნისისა და დმანისის რაიონებში 2042 წლის იანვრამდე მოიპოვებს.
ცალკეული მეტალების მიხედვით, RMG Gold-ის შემოსავლები 2018 წლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:
• შემოსავალი ოქროს რეალიზაციიდან – 165,474,000 ლარი;
• შემოსავალი სპილენძის მადნის რეალიზაციიდან – 35,823,000 ლარი;
• შემოსავალი ვერცხლის რეალიზაციიდან – 1,060,000 ლარი.
როგორ იწარმოება ქართული ოქრო:
RMG Gold-ი ოქროსა და ვერცხლს მოპოვებული მადნის გამოტუტვის გზით, ანუ მათი ნატრიუმის ციანიდში გატარების პროცესით მოიპოვებს.
კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში გამოტუტვის პროცესი ამგვარად არის აღწერილი:
“გამოტუტვის ტექნოლოგიური პროცესის ფარგლებში ხდება ე.წ. გროვის ფორმირება წყალგაუმტარ ზედაპირზე, რომელზეც ხდება ციანიდის ხსნარის დასხურება. ოქრო და ვერცხლი გადადის ხსნარში, რომელიც გაიფილტრება აქტივირებული ნახშირის საშუალებით და გამოწვის შემდეგ ხდება ზოდების ჩამოსხმა. გროვაზე დასხურება ხანგრძლივი პროცესია და შესაძლებელია, ერთ წლამდე გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ მოცემული პროცესი იძლევა ოქროს დაბალი შემცველობის (ოქროს შემცველობა ერთი გრამი ტონაზე და ნაკლები) მადნის გადამუშავების საშუალებას. აგრეთვე შესაძლებელია ერთხელ დაფქული და გადამუშავებული მადნის მეორედ და მესამედ გადამუშავება. ამ შემთხვევაში ეკონომიკურად მიზანშეწონილი მადნის შემცველობა შეიძლება იყოს 0.3 გრამი ტონაზე ან უფრო ნაკლები. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემული ტექნოლოგიით შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური მადნების (ე.წ. ოქსიდური ანუ დაჟანგული) გადამუშავება”, – ნათქვამია ანგარიშგებაში.
რამდენი ოქრო არის იმ ტერიტორიაზე, სადაც RMG Gold-ი მოიპოვებს ძვირფას მეტალებს:
RMG Gold-ის მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, ამ ეტაპზე არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება 1.5 მილიონი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 48.9 ათას უნცია ოქროს შეიცავს (1 უნცია 31.1035 გრამია). ეს კი დღევანდელი ფასებით $71,156,000 დოლარს, ანუ 211,000,000 ლარს უდრის. კომპანიის ინფორმაციით, მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2020 წლის ბოლომდე.
ამასთანავე, კომპანია ძველი მადნის ხელახალ გადამუშავებასაც ახდენს. “მესამედური გადამუშავებისთვის ვარგისი მადანი შეფასებულია 19.2 მილიონი ტონის რაოდენობით, რომელიც შეიცავს 154 ათას უნცია ოქროს. მოცემული რაოდენობის მადნის გადამუშავება იგეგმება 2021 წლის ბოლომდე”, – ნათქვამია ანგარიშგებაში.
დასახელებულ 154,000 უნცია ოქროს საბაზრო ფასი (დღევანდელი ფასით) $224,000,000-ს უდრის, რაც 665,000,000 ლარის ტოლია.
“სს “არემჯი კოპერისთვის” ოქრო /სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 8.9 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 178 ათასი უნციის ოდენობით (დღევანდელი ფასით $259,000,000), ხოლო სპილენძის შემცველობა 28 ათასი ტონის ოდენობით (დღევანდელი ფასით $163,000,000). მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე”, – ნათქვამია ანგარიშგებაში.
დატოვე კომენტარი