უკრაინული არმია 2014 წლამდე საკმაოდ ნელა ვითარდებოდა და სისტემაში არსებული კორუფციის გამო სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაც სუსტი იყო. თუმცა 2014 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ სამხედრო წვრთნების კომპონენტში უკრაინამ სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, გაუმჯობესდა სტანდარტები და საზოგადოებაშიც გაჩნდა პატივისცემა ჯარისკაცების მიმართ.
რუსეთ-უკრაინის ომის ახალი ეტაპი 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც რუსეთი მოელოდა და შეტაკებების დაწყებისთანავე აგრესორისთვის ყველაფერი კატასტროფად იქცა. აეროდრომებზე აისამდე განხორციელებული შეტევებიც უშედეგო აღმოჩნდა. ყველა უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავი უკვე აფრენილი იყო, რუსები კი ცარიელ ანგრებს ანადგურებდნენ. სადაზვერვო ინფორმაციის წყალობით, უკრაინელმა პილოტებმა იცოდნენ მტრის მოახლოების შესახებ და თვითმფრინავების გადარჩენა შეძლეს.
პირველი შეტაკება საკუთარ თავზე ხარკოვთან განლაგებულმა უკრაინულმა ბრიგადამ მიიღო და მოახლოებული რუსული ჯავშანტექნიკა მალევე გაანადგურა. თითქმის იგივე მოხდა მთელ ქვეყანაში დიდი ქალაქების მისადგომებთან. რუს სამხედროებს მარტივი წინსვლა მხოლოდ იმ მონაკვეთებზე ჰქონდათ, სადაც ყირიმიდან გამოგზავნილი შენაერთები შემოვიდნენ.
როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინმა საკუთარ გენერლებს დაუჯერა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ კიევის აღებას ორ დღეში შეძლებდნენ, ზელენსკის შეიპყრობდნენ და იქ მარიონეტულ მთავრობას დასვამდნენ. თუმცა დღეს, უკვე კვირების შემდეგ, კიევზე, ხარკოვსა და მარიუპოლზე განხორციელებული მძიმე შეტევების მიუხედავად, უკრაინული დროშა კვლავ ფრიალებს. რუსები უკრაინელების ისეთ წინააღმდეგობას შეეჩეხნენ, როგორსაც არ ელოდნენ. უკრაინელი სამხედროები უკეთ მომზადებულნი აღმოჩნდნენ. თუმცა საინტერესოა, როგორ მოხდა ეს?
2014 წელს უკრაინის არმიის მარცხისა და ყირიმში რუსეთის გამარჯვების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენისა და რეფორმირების პერიოდი დაიწყო. თუმცა ეს მარტივი არ ყოფილა. ჯარისკაცების ანაზღაურება ძალიან მცირე იყო, რაც დღესაც პრობლემას წარმოადგენს. გადასაჭრელი იყო საკვების საკითხიც. რამდენიმე ძირეული რეფორმის შემდეგაც კი კორუფცია მაინც ახერხებდა სისტემისათვის ზიანის მიყენებას. ჯარი მოცულობაში სწრაფად გაიზარდა, თუმცა ახლად ფორმირებული ბრიგადების განთავსების ადგილი ჯერაც არ არსებობდა.
2016 წლის ზამთარშიც კი, ფრონტის ხაზიდან დაბრუნებული შენაერთები საწვრთნელ ბანაკებში, კარვებში ცხოვრობდნენ. მუხლებამდე წყალში მყოფი სამხედროების ფოტოებს მაშინ მედია აქტიურად აშუქებდა. ამან კი დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოებაც კი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ყველა პროცესს ბიუროკრატია აფერხებდა და შეიძლება ითქვას, ახლაც აფერხებს.
ჯარის რეფორმა
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საზოგადოებამაც გააცნობიერა, რომ ვითარება უნდა შეცვლილიყო, რათა რუსეთთან ბრძოლა თანასწორ პირობებში ეწარმოებინათ. შესაბამისად, ჯარის რეფორმის პროექტში ის სამოქალაქო აქტივისტებიც ჩაერთვნენ, რომლებიც თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას ემხრობოდნენ. შეიქმნა რეფორმების ოფისი, სადაც მოხალისეები კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტას ცდილობდნენ. მაგალითად, კონკრეტულ ჯგუფს სამხედრო ფორმისა და მისი ხარისხის კონტროლი დაევალა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ფორმას ცეცხლისათვის გაეძლო, ზამთრის ფეხსაცმელები თბილი ყოფილიყო, აღჭურვილობა კი, რომელიც ჯავშანჟილეტისა და ჩაფხუტისგან შედგებოდა, საიმედო ყოფილიყო.
გარდა ამისა, მოგვარდა კვების პრობლემაც. რეფორმების ოფისმა იზრუნა უფრო იაფი ბენზინის შესყიდვაზეც. რაც მთავარია, ყველა უნდა დარწმუნებულიყო, რომ არც ბენზინს და არც საჭმელს არავინ იპარავდა. ახალი დიზაინით შენდებოდა უფრო საიმედო ყაზარმები. საბოლოო ჯამში, ასეთმა მიდგომამ ჯარის მორალური სულისკვეთება ერთიორად გაზარდა, თუმცა ერთეული ჩავარდნები კვლავ შეინიშნებოდა.
სამოქალაქო საზოგადოებამ შეცვალა ის მიდგომა, რაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისადმი აქვს. შეიქმნა უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ და სამხედრო პერსონალის უფლებების დასაცავად იბრძოდნენ. გაუმჯობესდა ვეტერანების მხარდაჭერის პოლიტიკაც.
ნატოს სტანდარტები
2014 წლის შემდეგ უკრაინის არმიამ არაერთი საერთაშორისო დახმარება მიიღო სამხედრო პერსონალის გაწვრთნის კუთხით. ამ წვრთნებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო სამხედრო-სამედიცინო ასპექტში. ბევრი უკრაინელი დაჭრილი სამხედრო რეაბილიტაციის პროცესს საზღვარგარეთ გადიოდა. მალევე დაიწყო ჯარისკაცების ტაქტიკური წვრთნებიც. შეერთებულმა შტატებმა ლვოვთან ახლოს საწვრთნელი ცენტრი გახსნა. დიდმა ბრიტანეთმა კი სპეციალური მობილური ჯგუფი შექმნა, რომელიც უკრაინულ არმიასა და საზღვაო შენაერთებს წვრთნიდა. საკუთარი წვლილი უკრაინის სამხედრო განვითარებაში პოლონეთმა, კანადამ და ლიეტუვამაც შეიტანა. გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები ნატოს მიერ ორგანიზებულ წვრთნებშიც იღებდნენ მონაწილეობას, რის შედეგადაც ჯამში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაიწვრთნა.
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინულმა ჯარმა ნატოს სტანდარტებთან მორგება დაიწყო. ეს კი კიდევ ერთხელ მოწმობდა უკრაინის მზაობას, კიდევ უფრო მეტი ეშრომა ალიანსის წევრობისათვის. ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმა საკონტრაქტო სამსახურში მყოფი უფროსი სერჟანტებისა და სერჟანტების გადამზადებასაც მოიცავდა. აღნიშნული კურსების შემდეგ კი წარჩინებული სამხედროები პროფესიული სამხედრო განათლების ასამაღლებლად შეერთებულ შტატებში გაგზავნეს. გართულდა სერჟანტის წოდების მინიჭების პროცედურაც და კანდიდატს უფრო მეტი საკითხის ცოდნა მოეთხოვა. სერჟანტებმა ბევრი მოვალეობა ოფიცრებისაგან შეითავსეს, რაც საკმაოდ რთული პროცესი გამოდგა.
მალევე დაიწყო ოფიცრების რეორგანიზაციაც. მათი მოვალეობების ნაწილი სერჟანტებს გადაელოცათ, თუმცა თავად ოფიცრებს პასუხისმგებლობა გაეზარდათ საკუთარი შენაერთებისადმი. ოფიცრებსა და სერჟანტებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების წარმატებით მიღწევას შეერთებულ შტატებში 20 წელი დასჭირდა. უკრაინელებმა კი ეს 5 წელიწადში მოახერხეს. შედეგი ჯერ კიდევ მიმდინარე ომშიც ნათლად გამოჩნდა.
თავად უკრაინელების მოსაზრებით, ჯარის რეფორმის ყველაზე წარმატებული ელემენტი ჯარისკაცების პატივისცემის კონცეფციის დანერგვა იყო. ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყველასათვის მოულოდნელად, სამხედრო მოსამსახურეებისათვის მთავარ პრობლემას არა დაბალი ხელფასები, არამედ უფროსი სერჟანტებისა და მაღალი წოდების მქონე სამხედრო ოფიცრებისაგან უპატივცემულობა წარმოადგენდა.
შეიარაღებული ძალების პატივისცემა
ახალგაზრდა ჯარისკაცებისა და ოფიცრების ახალი თაობა საბოლოოდ კარგად გაწვრთნილი და ბრძოლის ველზე გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდა. შესაბამისად, მათ სურდათ, რომ ყველას სათანადო პატივისცემა გამოეჩინა და ისე მოპყრობოდნენ, როგორც პროფესიონალებს, თუმცა შეიარაღებული ძალების მაღალ ეშელონებში მათდამი განწყობა უცვლელი რჩებოდა. ამიტომ უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გენშტაბის ახალი მეთაური დაენიშნა. ახალ მეთაურთან კი გენდერული თანასწორობისა და მენეჯმენტის საკითხებში მრჩევლებიც თანამშრომლობდნენ.
ამან შედეგი გამოიღო. ომამდე რამდენიმე თვით ადრე ჯარისკაცების მორალი საგრძნობლად ამაღლდა და მათი სულისკვეთება განმტკიცდა. გენდერული ან სამხედრო წოდების ნიშნით დისკრიმინაცია, შეიძლება ითქვას, მთლიანად გაქრა.
არასწორი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ დღეს უკრაინის არმიაში არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. რეფორმა – ეს გახლავთ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ომის შემდეგაც ძალიან ბევრი რამის შეცვლა მოუწევთ. თუმცა აქ და ახლა რუსი სამხედროები და გენერალიტეტი საკუთარი დანაკარგების ხარჯზე სწავლობენ, თუ რამდენად მტკიცეა უკრაინის არმიის სულიერი მდგომარეობა.
სხვა ყველაფერთან ერთად კი, რუსულ დაზვერვას ესეც შეუმჩნეველი დარჩა.
დატოვე კომენტარი