რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის საქართველოდან განაცხადი 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა - TASS

რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის საქართველოდან განაცხადი 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა - TASS

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედიაგამოცემა TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა. TASS-ს ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციიდან შეატყობინეს. 2024 წელს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველებს შესაბამისი კვოტა სწავლის დასაფინანსებლად რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოეყოთ.

TASS-ის ინფორმაციით, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის განცხადებით, მომდევნო სასწავლო წლისთვის რუსეთმა საქართველოსთვის კვოტით 200 ადგილი გამოყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ აბიტურიენტებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა არჩევანს რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სთავაზობენ. პოპულარულ უნივერსიტეტებს შორის არიან ლომონოსოვის უნივერსიტეტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО).

რუსეთის სექციის თანამშრომლების მიერ TASS-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში მდებარე უნივერსიტეტების გარდა, პოპულარობით სარგებლობს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგრადში, ვორონეჟსა და ნოვოსიბირსკში მდებარე უნივერსიტეტებიც.

რაც შეეხება სპეციალობებს, აბიტურიენტის ყველაზე მეტი განაცხადი მედიცინის, ენათმეცნიერების, IT-სპეციალობების, სამართლის, ეკონომიკის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებისა და მშენებლობის ფაკულტეტებზე შევიდა.