2018 წელს, რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 1.9 მლრდ ლარი დახარჯეს.
დღეიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რუსი ტურისტების უმრავლესობა სახმელეთო გზით შემოდის და ქართული ავიაკომპანიები რუს მოგზაურებს ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობენ, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდება.
ეროვნული ბანკის გათვლებით, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიღებული დანაკლისი წლიურად დაახლოებით 200–300 მილიონი დოლარი იქნება, რაც დღეს მოქმედი კურსით, 560 მილიონი ლარიდან 840 მილიონ ლარამდეა.
ამ მოცულობით დანაკლისს ვარაუდობენ საინვესტიციო ბანკებიც. მათივე (G&T; TBC) პროგნოზით, ეს დანაკლისი ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 1%–ის ფარგლებში შეამცირებს.
გაცილებით ნეგატიურია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზი.
მათი მონაცემებით, რუსი მოგზაურები საქართველოში წლიურად 2 მლრდ ლარამდე ხარჯავენ. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სწორედ ამ მოცულობით შემცირებას ელოდება, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოში რუსი ტურისტები საერთოდ აღარ შემოვლენ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, რომ წელს რუსეთიდან 1 700 000 ტურისტი შემოვიდოდა. 6 თვის მონაცემებით, საქართველოს უკვე ეწვია 700 000-მდე რუსი ტურისტი. „შესაბამისად თუ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტურისტული ვიზიტები რუსეთიდან აღარ განხორციელდება, ქვეყანაში 1 000 000 ტურისტი და 2 მლრდ ლარი აღარ შემოვა:, – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“.
ბოლო წლების განმავლობაში, რუსი ტურისტების ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია მეზობელ სახელმწიფოებს შორის.
რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში:
2018 წელი – 1.4 მლნ ვიზიტორი
2017 წელი – 1.1 მლნ ვიზიტორი
2016 წელი – 0.8 მლნ ვიზიტორი
2015 წელი – 0.7 მლნ ვიზიტორი
2014 წელი – 0.6 მლნ ვიზიტორი
რა თანხას ხარჯავენ რუსი მოგზაურები საქართველოში?
2018 წელს ვიზიტორებმა ტურისტულად ჯამში 7.9 მილიარდი ლარი დახარჯეს. საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტზე კი 1099 ლარს შეადგენდა, – ეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებია, რაც ფაქტიურად ემთხვევა, ეროვნული ბანკის მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ გასულ წელს, საქართველომ ტურიზმიდან 2.7 მლრდ დოლარის, ანუ დაახლოებით 7.2 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებითვე, 2018 წელს რუსმა მოგზაურებმა ჯამურად საქართველოში 1,972,427,681 ლარი დახარჯეს. თითო ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1326 ლარს შეადგენდა, ანუ სწორედ ამ მოცულობით თანხას ხარჯავს თითო რუსი ვიზიტორი საქართველოში.
თუკი მიმდინარე წელს, ადმინისტრაციის „ყველაზე ცუდი სცენარის“ მიხედვით, რუსი ტურისტები საერთოდ აღარ ეწვევიან და შესაბამისად ქვეყანას მილიონი რუსი ტურისტი დააკლდება, გამოდის, რომ ქვეყანას 1.3 მლრდ ლარი დააკლდება მხოლოდ 2019 წელს, მაშინ როდესაც ქვეყანაში უკვე შემოვიდა 700 000–მდე რუსი ვიზიტორი. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს საერთოდ აღარ ეწვევა რუსი მოგზაურები დანაკლისი 2.2 მლრდ ლარზე მეტი იქნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ჯამურად საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს, თითო ვიზიტზე ყველაზე მაღალი დანახარჯი კი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს აქვთ.
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს შემდეგია:
რუსეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1326 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 1,972,427,681 ლარი
თურქეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 923 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 1,086,557,567 ლარი
სომხეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 540 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 662,999,650 ლარი
აზერბაიჯანი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 385 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 657,894,675 ლარი
ისრაელი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2047 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 376,194,931 ლარი
უკრაინა
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1659 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 341,854,303 ლარი
ირანი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2071 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 306,179,769 ლარი
გერმანია
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2046 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 301,916,579 ლარი
არაბთა გაერთიანებული საემიროები
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2719 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 230,243,753 ლარი
ყაზახეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1956 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 156,609,571 ლარი
აშშ
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 3047 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 126,292,922 ლარი
გაერთიანებული სამეფო
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 3189 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 125,892,171 ლარი
პოლონეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2183 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 110,614,509 ლარი
ბელარუსი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 1262 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 94,424,799 ლარი
ესპანეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი – 2541 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი – 94,140,271 ლარი
დატოვე კომენტარი