ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისა და მძიმე ენერგეტიკული კრიზისის შემსუბუქების მიზნით, რუსეთის სახელმწიფო ენერგო გიგანტი, Gazprom, მომდევნო წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის გაზიფიცირებას გეგმავს.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში Gazprom-საგან მიიღებენ ტექნიკური მახასიათებლების პროექტს, შეთანხმების დრაფტსა და გაზიფიცირების გეგმის პროექტს.
პროექტის ხარჯები 2021 წლის ივლისში დადასტურდა კომპანიის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებული აფხაზეთის სოციო-ეკონომიკურ განვითარებას 2020-2022 წლებში.
პროექტის განხორციელება ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგია, რომლის დროსაც ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს ოკუპირებული ტერიტორიების გაზიფიკაციაში დახმარება სთხოვა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ენერგოკრიზისი 2020 წლის შემოდგომიდან გრძელდება. ოკუპირებული აფხაზეთისათვის ამჟამად, ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ია. მოგეხსენებათ, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგური სამეგრელოსა და აფხაზეთის საზღვარზე მდებარეობს, თუმცა ოკუპაციის გამო საქართველოს მისი სრულად გამოყენება არ შეუძლია. ქართული მხარე გამომუშავებული ელექტროენერგიის საშუალოდ 60%-ს მოიხმარს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი უდიდესი გამოწვევაა, რისი მიზეზიც ბოლო დროს კრიპტოვალუტების გახშირებული მოპოვება, ე.წ მაინინგი გახდა. მიუხედავად, აღნიშნული ქმედების კანონიერად აკრძალვისა და კრიპტოვალუტების გამომმუშავებელი ფერმების აღმოჩენისა, პრობლემის აღმოფხვრა დღემდე ვერ ხერხდება.
დატოვე კომენტარი