რუსული ქვანახშირის ინდუსტრიას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირველადი შედეგები დაეტყო: წლის დასაწყისიდან, ექსპორტის მაჩვენებელი 9%-ითაა შემცირებული – მხოლოდ აპრილში კი, ექსპორტი 20%-ით შემცირდა.
თებერვალში, რუსეთმა ექსპორტზე 14.3 მილიონი ტონა ქვანახშირი გაიტანა, მარტში – 15.1 მილიონი ტონა, ხოლო აპრილში – 14.3 მილიონი ტონა. როგორც წესი, ლოგისტიკური სირთულეების გამო, ზამთრის თვეებში, ქვანახშირის ექსპორტის მაჩვენებელი ბუნებრივად იკლებს, მაგრამ ექსპორტის ისეთი მკვეთრი კლება, როგორიც აპრილში დაფიქსირდა – მოულოდნელი და ატიპიურია.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის პარალელურად შემცირებულია ქვანახშირის მოპოვებაც – მარტში, კუზბასის საბადოების წარმადობა 9%-ით შემცირდა და 19 მილიონი ტონა შეადგინა. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ყველაზე მეტად ის დასავლეთის მიმართულებითაა შემცირებული, საერთო ჯამში 3.1 მილიონი ტონით.
როგორც ირკვევა, ქვანახშირის მიმწოდებელ რუსულ კომპანიებს დასავლეთში ახალი კლიენტების მოძიება სურთ, მაგრამ სანქციების გამო, გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდებათ. Platts-ის ინფორმაციით, მარტში ინდოელ კლიენტებს ერთი ტონა რუსული ქვანახშირის ყიდვა 165 აშშ დოლარად შეეძლოთ.
რუსული ქვანახშირის ინდუსტრიისთვის სანქციების დაწესება ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მალევე გადაწყვიტა. ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად, ის €8 მილიარდის მოცულობის ქვანახშირს ყიდულობს.
დატოვე კომენტარი