ნავთობის მწარმოებელი რუსული კომპანია Rosneft-ის წმინდა მოგება 2023 წელს 47.2%-ით გაიზარდა და 1.3 ტრილიონ რუბლს ($14.07 მილიარდი) მიაღწია. კომპანიის განცხადებით, გარე შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბუნებრივი აირის წარმოების ზრდაზე.
დასავლეთმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის ენერგეტიკული ექსპორტის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სანქციები დააწესა. მიზანი კრემლისთვის ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების შემცირება იყო, რაც, თავის მხრივ, დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომისთვის.
„დანახარჯების მკაცრი კონტროლისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებელი სამუშაოების შედეგად ერთეულზე, ნახშირწყალბადების წარმოების ხარჯი 2023 წლის ბოლოსთვის $2.6/ბარელი ნავთობის ეკვივალენტამდე (BOE) შემცირდა“, – განაცხადა Rosneft-ის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა. კომპანიის მონაცემებით, ნახშირწყალბადების მთლიანმა წარმოებამ გასულ წელს 269.8 ტონა შეადგინა, მათ შორის იყო 92.7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
კორპორაციის შემოსავალი გადასახადების გადახდამდე და ამორტიზაციამდე (EBITDA) 17.5%-ით, $32.4 მილიარდამდე, ხოლო შემოსავალი 1.3%-ით – $99.3 მილიარდამდე გაიზარდა. ამას გარდა, 2023 წელს კორპორაციულმა ხარჯებმა $14 მილიარდი, ხოლო ფულადი სახსრების ნაკადმა $15 მილიარდი შეადგინა.
სეჩინის განცხადებითვე, წინასწარი გადახდის დავალიანება, წმინდა ფინანსურ დავალიანებასთან ერთად, ერთობლივად, $7.5 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა Rosneft-ის პროცენტის გადახდის ხარჯები 2023 წლის ბოლო კვარტალში 1.5-ჯერ აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს.
საპროცენტო ხარჯები, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ბანკის საბაზო ტარიფისა და შემდგომ უკვე საპროცენტო მარჟის მატების გამო გაიზარდა. ამ ყველაფერმა 2023 წელს საბანკო მოგების რეკორდულ დონემდე ზრდა გამოიწვია.